„ნიყვის კომუნა“ ნიშური სტარტაპი და მისი სულისჩამდგმელი – მარიამ ჟორჟიკაშვილი

  • Home
  • ინტერვიუები
  • „ნიყვის კომუნა“ ნიშური სტარტაპი და მისი სულისჩამდგმელი – მარიამ ჟორჟიკაშვილი

“მე შინ დავბრუნდი და გავხდი მასპინძელი, მაგალითი და მომავლის იმედი საკუთარი თავის და გარშემომყოფთათვის” - მარიამ ჟორჟიკაშვილი

მარიამ ჟორჟიკაშვილი საკუთარი გამოცდილებისა და იმ ისტორიის შესახებ გვიყვება თუ როგორ მოხვდა ტურიზმის სფეროში, რომლის შესაძლებლობებიც უსაზღვროა.

სტატიაში თქვენ გაიცნობთ ფერმერს, რომელიც საკუთარ რეგიონში ტურიზმის განსავითარებლად თბილისიდან საცხოვებლად ტყიბულში გადავიდა, სადაც მან შექმნა აგრომეურნეობა „ნიყვის კომუნა“. ადამიანი, რომლისთვისაც პრიორიტეტული გახლავთ ხარისხიანი პროდუქტის შექმნა და ტურიზმის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის განვითარება, როგორიც აგრო ტურიზმია.

  1. ვინ არის მარიამ ჟორჟიკაშვილი? (მოგვიყევით თქვენს შესახებ)

მარიამ ჟორჟიკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავის ქვეყანა, ცდილობს გამოადგეს მას იმ საქმის ხარისხიანად და სიყვარულით კეთებით, რაც მას ხელეწიფება, აქციოს გამოწვევები ახალ შესაძლებლობებად და იყოს წარმატების მაგალითი სხვებისთვის.

  1. თქვენი პირველი ნაბიჯები ტურიზმში.

ტურზმში პირველი ნაბიჯები 2005/2006 წლებიდან იწყება. სტუდენტური წლების მიწურულს, სამუშაო გამოცდილების მიღების მწველი სურვილით ვიყავი შეპყრობილი; ინტენსიურად ვეძებდი თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების გზებს და საშუალებებს, ვეძებდი ყველგან და ყველაფერს, ყველაფრისთვის შემზადებული მყავდა საკუთარი თავი, ოღონდ მეპოვნა ხელჩასაჭიდი, საწყისი წერტილი. და აი ესე ძიების პროცესში გადავაწყდი განცხადებას გიდის ვაკანსიის თაობაზე ტურისტულ კომპანიაში „Caucasus Travel“. გავიარე გასაუბრებები, თეორიული და პრაქტიკული გადამზადების კურსები, შევიმეცნე ჩვენი ქვეყანის ტურისტული პოტენციალი ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო კუთხით. დავიწყე მუშაობა ინგლისურენოვან გიდად. საოცრად დიდი და საინტერესო გამოცდილება მივიღე კულტურული, სათავგადასაავლო, საკრუიზო ტურების მიმართულებით. პირველმა ნაბიჯმა განსაზღვრა ჩემი სამომავლო კარიერა და ცხოვრების გზა.

2006 წლიდან შევუერთდი ტურისტული კომპანია „Explore Georgia“-ს გუნდს, რომლის ერთგულ წევრად დღემდე ვრჩები და რომელიც „Caucasus Travel“-თან ერთად გახლავთ ერთი დიდი ჰოლდინგის „Georgian Hospitality Group”-ის წევრი. გიდობიდან და საველე პირობებიდან, გადავინაცვლე ოფისის კედლებში და მას შემდეგ მრავალი წელი თავად ვგეგმავდი სხვადასხვა შინაარსის ტურებს, ვქმნიდი პროდუქტებს, ვხელმძღვანელობდი პროექტებს, კიდევ უფრო მეტს ვმოგზაურობდი ქვეყნის ფარგლებში ავთენტური, თვითმყოფადი, საინტერესო და შემეცნებითი ობიექტების, კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლების გამოსავლენად, მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ადგილობრივ თემებთან, ესე ვიზრდებოდი და ვყალიბდებოდი. იყო წლები, როცა სასტუმრო ინდუსტრიაში და „დიდ ავიაციაშიც“ ვცადე ბედი, ვმუშაობდი „Holiday Inn”-ში, პოლონეთის ავიახაზებში, მაგრამ მომავლის გზა ისევ საწყისთან მაბრუნებდა, ახალი ცოდნით, ახალი გამოცდილებით, ახალი იდეებით ისევ „Explore Georgia”-ელი ვრჩებოდი.

  1. რატომ ეს სფერო? (რამდენიმე სიტყვით, რომ გვითხრათ)

მიყვარს ეს სფერო, მიყვარს დინამიკა, მრავალფეროვნება, კულტურათაშორისი კომუნიკაცია. ამ სფეროში მე საკუთარი თავი ვიპოვნე და ადგილი დავიმკვიდრე, ამ სფეროს მეშვეობით ვარ მსახური და ელჩი  ჩემი ქვეყნის, ყოველთვის ვიღწვი  ღირსეულად წარმოვაჩინო იგი საერთაშორისო ასპარეზზე.

  1. როდის გაგიჩნდათ იდეა რომ,  “ნიყვის კომუნა” გაგეკეთებინათ?

იდეა „ნიყვის კომუნის“ დაარსების შესახებ გაჩნდა 2018 წლის აგვისტოში. გამომდინარე ჩემი საქმიანობიდან, ყოველთვის ვფიქრობდი თემზე დაფუძნებული ნიშური პროდუქტის შექმნა-გამომეყენების შესახებ რომელიც გახდებოდა სამარკო ნიშანი სოფლის ტურიზმის განსავითარებლად ჩემი წინაპრების სოფელში, სადაც საზაფხულო არდადეგებს ვატარებდი; ზედმიწევნით კარგად ვფლობდი ცოდნას მისი ყოველი კუთხე-კუნჭულის შესახებ, პროფესიული კუთხით ვგრძნობდი მის პოტენციალს. მისი ისტორიული და სტრატეგიული მდებარეობა მოქმედების დიდი დიაპაზონის საწინდარს მიქმნიდა, თუ რესურსის სწორად მობილიზებას და  წარმართვას შევძლებდი. მცირედი ბიძგის და სწორის ნაბიჯების გადადგმის მიცემის შემთხვევაში შესაძლებლობას მაძლევდა აქაც განმეხორციელებინა ის სიკეთეები, რასაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვაღწევდი, შემექმნა ადგილობრივებისთვის უკეთესი გარემო თანაცხოვრების, მატერიალური კეთილდღეობის, საკუთარი თავის რწმენის და ამავდროულად საკუთარი თავის და ადგილის პოვნის, შინ დაბრუნების.

ეს არის სოფ. კურსები, 3 კმ გელათის მომიჯნავედ და დაახლოებით 10-11 კმ დაშორებული ქუთაისიდან. ქუთაისის აეროპორტში საერთაშორისო ფრენების ზრდამ, საერთაშორისო ტურისტების სიმრავლემ, გელათის მონასტრის და მიმდებარე არეალის ტურისტული ინფრასტრუქტურის დინამიურმა ზრდამ, ნათელი გახადა, რომ თუ საინტერესო, ექსკლუზიურ პროდუქტს შევქმნიდი, შევთავაზებდი ტურისტულ სეგმენტს, შესაძლებელი გახდებოდა გელათიდან კურსებშიც ნაკადების გადმოტყორცნის ან სულაც, უბრალოდ ნიშური პროდუქტის ხარჯზე ამ სოფლის პოპულარიზაცია. მივხვდი, რომ არაფერი ახლის გამოგონება არ იყო საჭირო, ის რასაც ყოველთვის ვეძებდი ყოველთვის ცხვირ წინ მქონდა, უბრალოდ ვერ ვხედავდი ან ვაცნობიერებდი. ეს იყო სოკო, რომლის შესაგრივებლადაც ესე ხალისით დავდიოდი ტყეში ბაბუასთან ერთად, სოკო, რომელიც ტყის ერთ-ერთი საიდუმლოებაა, რომლის აღმოჩენაც მიჩქმაული ბუჩქისა თუ ფოთლის ქვეშ საოცარ სიხარულს მგვრიდა ყოველთვის, ის რაც ბუნებრივად ყოველთვის იყო აქ და იქნება მომავალშიც.

ერთ-ერთი უქმეების დროს, როცა თბილისის აგვისტოს პაპანაქებიდან, ოჯახის სანახავად უქმეებზე სოფელს ვსტუმრობდი და მეზობელი ქალბატონებისგან პატივისცემის ნიშნად კალათებით ვიღებდი ტყის ნობათს, თვალი ამეხილა და მივხვდი, რომ ის რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდი ცხვირწინ იყო, სწორედ სოკო უნდა გამხდარიყო ის ნიშური პროდუქტი, რომელზეც ავაწყობდი სოფლის ტურიზმს, ჩავრთავდი ადგლობრივ ქალბატონებს და შემორჩენილ ახალგაზრდობას (რადგან მიგრაციის დონე მაღალია სოციო-ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე) და შესაძლებელს გავხდიდი ტურისტული ისტორია შემექმნა ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, მაგრამ საოცრად დიდი პერსპექტივების მქონე სოფლისგან.

თუ გვაქვს ღვინის, ყველის, თაფლის, ჩაის ტურიზმი, რატომ არა სოკო?

დავიწყე ჯერ საცალო შეთავაზებები იდეის ეფექტურობის გასატესტად, გამოხმაურება იმაზე დიდი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მატერიალური დოვლათი ადგილზე უნდა შემექმნა, შემექმნა სივრცე სადაც ადგილზე მოვიწვევდით და მრავალფეროვან მომსახურებას შევთავაზებდით კულინარიული, ეკო, სახელოვნებო მიმარულებებით. 2019 წლის მაისიდან ჩვენი, როგორც „სოკოს კომუნის“ სივრცე გაიხსნა საერთაშორისო პროექტებისა და ვიზიტორებისთვის, წამოწყებამ იმაზე მეტად გაამართლა, ვიდრე მოკლე დროში მე თავად ამის წარმოდგენა შემეძლო. მე შინ დავბრუნდი და გავხდი მასპინძელი, მაგალითი და მომავლის იმედი საკუთარი თავის და გარშემომყოფთათვის.

  1. რა სირთულეეებს წააწყდით იდეის განცორციელების პროცესში?

რწმენა!

საკუთარი თავის რწმენა იყო ძირითადად ის სირთულე, რასაც წავაწყდი ადგილობრივებთან მუშაობის დროს. არც არის გასაკვირი, რადგან რთული იყო ადგილობრივებისთვის იმის გაცნობიერება და დაჯერება, რომ ის რასაც ისინი ყოველდღიურად ცხოვრების რუტინულ რიტმად მიიჩნევდნენ შესაძლებელი იყო საინტერესო გამხდარიყო სხვებისთვის. ადგილობრივების რესურსის სწორი კონსოლიდაციის გზით შექმნილიყო ის განსაკუთრებული გარემო, რომელიც საერთაშორისო მოგზაურისთვის გახდებოდა უნიკალური და ახალი გამოცდილების მიღების წყარო, რაც თავის მხრივ ადგილობრივებისთვის შექმნიდა მატერიალურ კეთილდღეობას. სანამ რეალურად და პრაქტიკულად არ მოხდა ამ ყოველივეს შერწყმა, შედეგის დანახვა, საკუთარი თავის რწმენა იყო ძირითადი სირთულე ამ ამბის.

  1. ომელიმე გრანტის მონაწილე თუ ხართ, რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ?

სამწუხარდ ამ დრომდე ვერ ვსარგებლობ ვერც ერთი საგრანტო პროგრამით. ფერმერული გრანტები და პროგრამები, რაც საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი გარადა GRETA-სი, ვერ ეხმიანება ჩვენს საჭიროებებს სოკოს, როგორც არა მხოლოდ ველური, არამედ სასათბურე წარმოების ან გადამუშავების ხაზით. ამ დრომდე ყველა ხარჯთან ჭიდილს საკუთარი რესურსით ან მეგობრების დახმარების შედეგად ვაღწევდით. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო უდიდესი წვლილი და ღვაწლი ჩემი ხელმძღვანელობის „Explore Georgia”-დან, რომლებიც უპრეცედენტო გაგებით მოეკიდნენ ჩემს წამოწყებას სოფლის ტურიზმის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, მიიჩნიეს იგი ეროვნული მნიშვნელობის პროექტად და დღემდე ხარჯების დიდი ნაწილი, რისი გაღებაც მე ამ პროექტის მართვის და წარმატების საქმეში მიწევს, დაკავშირებულია სწორედ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, დავრჩე მათი გუნდის წევრად და დისტანციურად გავაძლიერო კომპანიის საქმიანობა დასავლეთის ფრთიდან, აქვე მოვიძიო და შევქმნა საინტერესო პროდუქტი კომპანიის სტუმრებისთვის, ისევე, როგორც ვუმასპინძლო „Explore Georgia”-ს სტუმრებს ჩემს კომუნაში. ძალიან ბევრი პოტენციური სტარტაპერისთის ეს მოდელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ალბათ. მათი თანადგომით და მხარდაჭერით მე უბრალოდ ძალიან გამიმართლა ამ შემთხვევაში.

  1. როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი განმასხვავებელი ნიშა?

ჩვენი განმასხვავებელი ნიშა ის არის, რომ შევძელით შეგვექმნა ალტერნატიული პროდუქტი და სერვისი ბაზრისთვის, ის რაც აქამდე ფაქტობრივად არ არსებობდა. ვამჯობინეთ დაგვეჭირა შედარებით, გაუკვალავი, თავისუფალი ნიშა, ნაცვლად მგზნებარე კონკურენციაში ჩართვისა და იგივეს კეთებით რასაც სხვა ყველა ისედაც აკეთებს. ამ გზით, შევძელით უცნობი, ნაკლებ პოპულარი ადგილის პოპულარიზაციაც და ჩვენი საქმიანობის ხაზგასმაც.

  1. როგორც ვიცით, თქვენ გაქვთ მოხხალისეობრივი სამუშაო, სადაც ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან მოხალისეები, და რომ გვიამბოთ ამის შესახებ?

მოხარული ვარ რომ ამ საკითხს შეეხეთ. მოხალისეობრივი საქმიანობა და მოხალისეების ჩართულობა ჩვენს ექსპერიმენტულ პროექტში ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. პირველ რიგში ეს საშუალებას გვაძლევს მსოფლიოს  სხვადასხვა კუთხიდან მოვიზიდოთ სხვადასხვა გამოცდილები მქონე ადამიანები, ავიღოთ საუკეთესო, დავნერგოთ სხვადასხვა კულტურები და გამოცდილებები ჩვენს კომუნაში. იქნება ეს სოკოს კულტივაციის, გადამუშავების, საბოლოო პროდუქტის, გასტრონომიის თუ ფერმერული მეურნეობის ეფექტურად და მიზან-შედეგობრივად მართვის გზები. ამის გარდა, საერთაშორისო მოხალისეეების მასპინძლობა საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ცნობადობა ჩვენი კომუნის შესახებ საჭირო სეგმენტურ ჯგუფებში, განვახორციელოთ საგანმანათლებო და სახელოვნები პროექტები ადგილობრინების, როგორც ასაკობრივად მცირე ჯგუფებში, ისე მოზრდილებში. ეს არის ცოდნის და გამოცდილების გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, დამხმარე მუშა-ხელთან ერთად.

  1. სამომავლოდ რას გეგმავთ?

სამომავლოდ სოკოს გარდა, ფერმერული მეურნეობის გაფართოებას და გამრავალფეროვნებას ვგეგმავთ, მომსახურებების და სერვისების დივერსიფიკაციას და სამოქმედო არეალის გაზრდას. კორონას პირობებშიც კი გამოიკვეთა შესაძლებლობების და საჭიროებების რიგი სპექტრი, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ჩვენი კომუნის ფუნქციონირებას აგრო-ტურისტული მიმართულებით.

  1. რას ურჩევდით ადამიანებს ვისაც აქვთ იდეა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ბრკოლდებიან?

იდეის წარმატება ვერასდროს განისაზღვერა მისი განხორციელების გარეშე. თუ არსებობს საკმარისი რწმენა საკუთარი თავის და შესაძლებლობების, იდეის სიმტკიცის, აუცილებლად სცადონ. დარწმუნებული ვარ, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ჩვენი მაგალითი ბიძგის მიმცემი იქნება და ვინც შესაძლოა ბევრად უფრო საინტერესო, საჭირო და მრავალფეროვანი პროექტის განხორციელებას შეძლებენ. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს გახდა 1 წელი რაც მე საფუძვლიანად გადმოვსახლდი თბილისიდან სოფელ კურსებში.

Tags: