მარიამ ქვრივიშვილი სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მადლობას უხდის

Hotel, Sheraton Grand Tbilisi Metekhi Palace, New Quarantine Zone, Georgian National Tourism Administration

Ras Al Khaimah Investment Authority Georgia-ს მფლობელობაში მყოფმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ ხელმძღვანელებმა მთლიანი სასტუმრო, 200 ნომრით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმო.

სასტუმროს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა და მადლობა გადაუხადა.

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ პერსონალს უკვე ჩაუტარდა სპეციალური ტრენინგი. თითოეული თანამშრომელი იმ სავალდებულო პროცედურებს გაეცნო, რომელიც კარანტინის დროს უნდა დაიცვას.

ჩვენ ვიმყოფებით სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში,“ მფლობელმა „რაკია ჯორჯიამ“ გამოიჩინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობას სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს სასტუმრო, სადაც საკარანტინო ზონა განთავსდება. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სასტუმროს მფლობელებს, მმართველებს და თანამშრომლებს, რომლებიც წინა ფრონტზე იმუშავებენ, რათა საქართველოში დაბრუნებულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კარანტინის პერიოდში კომფორტული გარემო შეუქმნან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის სასტუმროები გვემატებიან, იქიდან გამომდინარე რომ COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში პრევენციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია საქართველოში მეტი საკარატინო ადგილის არსებობა, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა“ – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

„მართალია ჩვენ პირადად ვერ დავამარცხებთ კორონავისურს, მაგრამ შეგვიძლია დახმარების გაწევა ამ ბრძოლაში. როგორც იცით სასტუმრო შერატონს თბილისში არსებობის დიდი ისტორია აქვს. ჩვენ კრიზისული სიტუაციების დროს სასტუმრო არასდროს დაგვიკეტია. ორი კვირის წინ ჩვენ გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული, რომ სასტუმრო არ დახურულიყო და შეგვენარჩუნებინა მომსახურე პერსონალი, იმიტომ რომ თანამშრომლებს სჭირდებათ ხელფასი, რომ არჩინონ ოჯახები. ახლა სტუმრები არ გვყავს, როგორც იცით საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან და მათ საკარანტინო ზონაში მოხვედრა უწევთ, ჩვენ გადავწყვიტეთ დავეხმაროთ მათ ამ სიტუაციაში და დავუთმოთ სასტუმროს 200 ნომერი საკარანტინო ზონისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ ხალხს და საქარველოს მთავრობას. ჩვენი თანამშრომლები გაუწევენ მათ მომსახურეობას“ – აცხადებს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალური მენეჯერი ფრედ სმიტსი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საკარანტინო ზონა საქართველოს მასშტაბით დღეის მონაცემებით 64 სასტუმროშია შექმნილი, სადაც 4250 მოქალაქეა განთავსებული.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა სასტუმროებთან ახალი საკარანტინო ზონების შესაქმნელად. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

Tags: