მარადიული წყურვილის მიღმა

ყველა ადამიანის ცნობიერებაში არსებობს “სახლის” შეგრძნების წყურვილი. ზოგჯერ, არაფერია ამაზე უფრო მშვიდი, სასიამოვნო და ბედნიერების მომგვრელი… ზუსტად ამიტომ, არ არსებობს, ერთი კონკრეტული მოგზაურობის შთაბეჭდილებაში გამოამწყვდიო ემოციები. რაც დრო გადის და წლები გვემატება, უფრო და უფრო მეტი მონდომებით ვიხედებით ხშირად შეცვლილი “სახლის” უცვლელი ფანჯრიდან. ვუყურებთ მრავალგზის ობმოდებულ ბუნებას, რომელსაც ალაგ–ალაგ დასთამაშებს სიახლის ელფერი. სადღაც შორს გამომწყვდეული ბედნიერების მოლოდინში, მშიერი თვალებით ვიყურებით დაორთქლილ ანარეკლში…

ზოგჯერ მიფიქრია, როგორი იქნებოდა ერთი კონკრეტული ადამიანისთვის შექმნილი მშვიდი გარემო საცხოვრებლად, მაგალითად, ასეთი: ოთახში ხის ტახტი იდგა ყოველგვარი გადასაფარებლის გარეშე. ტახტზე წამოწოლილ მდგომარეობაში ჭერს რომ ახედავდით, აქ მცხოვრები ადამიანის ხელით მოხატულ უამრავ ვარსკვლავს დაინახავდით, აქა–იქ მიმოფანტულს. იქვე იდგა მოლბერტი, რომელზეც მუდმივად ცარიელი ფურცელი იყო გადაჭიმული. იქვე, არეულად ეყარა სხვადასხვა ფერის ფანქარი, აკვარელი და სუფთა ფურცლები. ხის პატარა თარო ჰქონდა კედელზე მიჭედებული და ზედ დოსტოევსკის „ეშმაკნი“, გოეთეს „ფაუსტი“ და შექსპირის „ჰამლეტი“ იდო. იქვე, ძველებური ფირფიტების საკრავი იდგა, რომელიც მუდმივად უკრავდა ხრინწიანი ხმით შოპენის შემოქმედებას. იატაკზე დაჯდომა უყვარდა მოლბერტის პირდაპირ და ცარიელი ფურცლის ყურება, წარმოიდგენდა, როგორი სისწორით გადაეცემოდა მისი ფიქრები თეთრ ფონს და ავსებდა ჩრდილებით. ეს ერთი პაწაწინა ფურცელი ერთ დიდ სამყაროდ გადაიქცეოდა და მალევე უბრუნდებოდა რეალურ იერს…

თუმცა, ეს ყველაფერი დღესდღეობით მხოლოდ ფანტაზიაა და ასე მხოლოდ რაიმე რომანის წერას თუ დაიწყებ ადამიანი.

ჩემთვის ერთ-ერთი იდეალური ადგილი ბორჯომია. ბედნიერებაა სიმწვანეში ბალახზე წამოწოლა და უმოძრაოდ ყოფნა. როფორც არ უნდა გციოდეს, როდესაც ზამთარში ბორჯომის მთებს უყურებ, თითქოს, თავად ხდები ნისლიანი, მარტოსული და მაინც ამაყი მთა. შენს წინ ულამაზესი ხედით წარმოჩინდება ის სამყარო, რომლისგანაც ზუსტად ამ მომენტში განდეგილის სტატუსით ხარ გაქცეული.

ამ ქალაქში გრძნობ, როგორ გიბიძგებს ფიქრისკენ ფოთლების შრიალი–
ერთხმად აჟღერებული მშვიდი მელოდია..

“სახლის” პოვნა მხოლოდ ბორჯომში არაა შესაძლებელი. როდესაც პირველად ეიფელის კოშკი დავინახე, თითქოს, ზუსტად ამ წამიერ ბედნიერებაში აღმოვაჩინე საკუთარი უძლურება. ამ წამიერად აღმოჩენილ სიმარტოვეში იგრძნობოდა ზუსტად ყველა ის ლამაზი ემოცია, რომელთა ერთად შეკრებასაც ვცდილობ ხოლმე ხშირად.

ზუსტად ასეთივე ამაფორიაქებელია შეგრძნება, რომელიც პირველად ეუფლება ადამიანს თვითმფრინავის ილუმინატორიდან ღრუბლებს რომ გადაჰყურებს. შიშნარევი და ამავდროულად თბილი ემოცია დაგთამაშებს მთელ სხეულში და უმიზეზოდ ბედნიერი ხარ.

არასდროს დამავიწყდება ლუვრის დათვალიერებისას განცდილი ემოციები. 5 საათი დავდიოდი დარბაზიდან დარბაზში, ვუყურებდი შედევრებს და, ასევე, ამ შედევრების დამთვალიერებელ საზოგადოებას. ათვალიერებდნენ ნახატებს, ზოგი მართლა განიცდიდა ქრისტეს ჯვარცმის ტილოზე აღბეჭდილ სევდას, ზოგს კი სულაც ამ ტილოსთან ჩავლისას ტელეფონზე მისწერეს და არც კი შეუმჩნევია, რა გამოტოვა.

…დაახლოებით ასეთი მცირე და არეულ-დარეული შეიძლება იყოს ერთ მონათხრობში ვერჩატეული ემოცია მოგზაურობის შესახებ.