ტრადიცია, რომელიც დღემდე გრძელდება. გაიცანით თიხის ოსტატი – ლევან გელოვნიშვილი

  • Home
  • ინტერვიუები
  • ტრადიცია, რომელიც დღემდე გრძელდება. გაიცანით თიხის ოსტატი – ლევან გელოვნიშვილი

თიხა არის შემოქმედების, ფანტაზიებისა და დიდი ნიჭის ჭა, საიდანაც ერთს იღებ და ორი გემატება - ლევან გელოვნიშვილი

ლევან გელოვნიშვილი საკუთარი გამოცდილების და იმ მივიწყებული ტრადიციის შესახებ გვიყვება, რომელიც ერთ-ერთ სიძველეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. იგი გვიყვება კერამიკული ნაწარმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გახდეს კერამიკაზე დაფუძნებული ტურისტული ნაწარმი ტურისტებისათვის მიზიდულობის წყარო.

სტატიაში თქვენ გაეცნობით კერამიკის ოსტატის ხედვებს, თუ რა მომავალი აქვს ამ დარგს და როგორ შეიძლება მისი განვითარება.

  1. მოგვიყევით თქვენს შესახებ (ვინ არის ლევან გელოვნიშვილი?)

მე ვარ ლევან გელოვნიშვილი, პროფესიით კერამიკოსი. 28 წელია რაც ამ დარგში ვმოღვაწეობ, მამაჩემი პროფესიით მხატვარ-კერამიკოსი იყო და მთელი მისი ცხოვრება მთლიანად კერამიკოსობას მიუძღვნა. კერამიკოსობა ჩემთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს არის ის სფერო, რომელიც მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას. როდესაც ადამიანს გიყვარს შენი საქმე, წარმოუდგენელია ამ საქმის გარეშე ცხოვრება შეძლო.

  1. თქვენი პირველი ნაბიჯები ამ პროფესიაში

90–იანი წლებიდან საქართველოს 6 ძლიერ კერამიკოსთა ჯგუფში დავიწყე სწავლა. მათ ჰქონდათ გახსნილი კერამიკული სახელოსნოები, სადაც დავიწყე ჩემი პირველი ნამუშევრების შექმნა. ბავშვობიდან ვუყურებდი მამაჩემს თუ როგორ ქმნიდა კერამიკაზე დაფუძნებულ სხვადასხვა ნაწარმებს და მეც დიდი ინტერესი გამიჩნდა ამ სფეროს მიმართ. მამა კერამოკოსთა საზოგადოებაში იყო გარეული და მეც ხშირი კონტაქტი მქონდა მათთან, ვისმენდი ბევრ ისტორიას კერამიკაზე და მქონდა კერამიკული ნაწარმის მომზადების არაერთი მცდელობა.

  1. რატომ ეს სფერო?

მარტივად შემიძლია გიპასუხოთ, თუ ერთელ შეხვალ ამ სფეროში, მისგან წასვლა ვეღარ ხერხდება. ეს არის ფართო შემოქმედების სფერო, რომელიც მოიცავს დიდ შრომას, თუმცა მიღებული შედეგი ისეთ სიამოვნებას განიჭებს, რომ ყველანაირი დაღლა გავიწყდება. არის ასეთი გამოთქმა: „თიხა არის სულის სიმღერა და ცეცხლის ხელოვნება“. შეუძლებელია თიხაზე მუშაობა დაიწყო და მისი გაგრძელება არ მოგინდეს.

თიხა არის შემოქმედების, ფანტაზიებისა და დიდი ნიჭის ჭა, საიდანაც ერთს იღებ და ორი გემატება… ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ, რატომ ვადარებ თიხას ჭას? ჩემი პასუხი კი ასეთია – როდესაც თიხაზე მუშაობ, არ გაქვს დამთავრებული მუშაობა ერთ ნივთზე, რომ უკვე სხვა იდეა მოგდის თავში. იმდენად ფართო შემოქმედებას წარმოადგენს, რომ ფანტაზიის უნარი არ წყდება და მუდმივად გიჩნდება სურვილი, რაც შეიძლება მეტი გააკეთო და მეტი შექმნა. ასე გრძელდება უსასრულოდ. ეს სფერო ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, რადგან ვიცი რამხელა ფასი აქვს კერამიკას. თიხაზე მუშაობის პროცესი უდიდეს სიამოვნებასთან არის დაკავშირებული. როგორც უკვე აღვნიშნე ეს პროცესი სულის სიმღერა გავს, სული მღერის, რადგან მთელი ემოციები გადაგაქვს თიხაზე და რა განწყობითაც ქმნი, სწორედ ეს განწყობა ისახება შექმნილ პროდუქტზე .ეს არის სფერო, რომელსაც ერთხელ თუ გაუსინჯე გემო, თავის დაღწევა შეუძლებელი ხდება.

  1. რა სირთულეებს წააწყდით იდეის განხორციელების პროცესში?

თიხაზე მუშაობა ადვილი საქმე არ არის. შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა ეს მოითხოვს დიდ ენერგიას, ნებისყოფას… თიხაზე მუშაობა ძალიან შრომატევადი საქმეა. სწორედ ამიტომ, როდესაც ადამიანი ირჩევს ამ სფეროს, უნდა ჰქონდეს სწავლის დიდი სურვილი. თუ ეს საქმე არ გიყვარს სულით ხორცამდე შეუძლებელია რაიმე შეძლო.

როდესაც პირველად გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა ჩემი კერამიკული ნაწარმი, მეც არაერთ სირთულეს წავაწყდი. რთულია საწყის ეტაპზევე ყველაფერი გამოგივიდეს. თიხაზე მუშაობა დიდი გამოცდილებით ყალიბდება. საკმარისია შეგეშალოს ძალიან მცირე დეტალი, მაგალითად მისი გამოწვის დროს მოგივიდეს ზედმეტი გრადუსი ან სულ ოდნავ გადაგიცდეს დრო და ყველაფერი დამთავრებულია. შესაბამისად სირთულეები მუდმივად ახლავს ამ სფეროს. თუმა ეს ის სფეროა, სადაც დიდი სიყვარულის გარეშე ვერ მიაღწევ შედეგს. თუ გიყვარს მაშინ ეს სირთულეებიც დასაძლევია.

  1. რაიმე კონკურსში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

2016 წელს წავედი ლიტვაში, ქალაქ ლელუნში, ოფიციალური მიწვევით, სადაც ჩატარდა შავი კერამიკის სიმპოზიუმი. გახსნილი იყო კერამიკის მუზეუმი, სადაც ტარდებოდა  და ტარდება მასტერკლასები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ მოწვეულნი კერამიკოსები და ყველას უნდა წარმოგვეჩინა ჩვენი შესაძლებლობები.

იქ ჩავატარე პატარა მასტერკლასი. დავამზადე მუსიკალური ინსტრუმენტი „უდუ“ და ამოვიყვანე ქვევრი, რომელიც დოკუმენტური ფილმისთვის სჭირდებოდათ. ძალიან საინტერესო იყო, რადგან სხვა კერამიკოსების ცოდნაც გავიზიარე და ბევრი სიახლე აღმოვაჩინე. აქვე მინდა გითხრათ ასეთი რამ: ლიტვაში არის პატარა ქალაქ ლელუნი, სადაც ცხოვრობს 3-გზის კერამიკის მეფედ აღიარებული ვიტაუტტას ვალისიუში, რომელსაც შევხვდი და სიამაყით ავივსე, რადგან მან თქვა რომ მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი კერამიკის ფორმები და ორნამენტები  ქართველებს ჰქონდათ უხსოვარი დროიდან. მას ჰქონდა წიგნი სახელად: თანამედროვე ქართული კერამიკა, სადაც ქართველი კერამიკოსის ნამუშევრებია ასახული. მან გახსნა მუზეუმი, სადაც არის ქართული კერამიკის ხელნაკეთი ნივთები.

  1. როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი განსხვავებული ნიშა?

სიმართლე რომ გითხრათ, ყველა კერამიკოს აქვს თავის ხელწერა.სხვადასხვა კერამიკოსის მიერ შექმნილი ნამუშევარი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება და თითოეულს ეტყობა განსხვავებულობა. მაგალითად სოფელ შროშაში ამზადებენ ძალიან სადა და სტანდარტული ფორმის ნიმუშებს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა არასტანდარტული ფორმები და ქართული შავკრიალა კერამიკა. ასევე ძალიან მომწონს თანამედროვე მხატვრული კერამიკა, ანუ არა სადა, არამედ კონკრეტული გამოსახულების მიცემა, ორნამენტებით შემკობა.  დღესდღეობით ძალიან იშვიათად შევხვდებით ძველი ტექნოლოგიით შესრულებულ „შებოლვა აღდგენის კერამიკულ ნიმუშებს“, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია და კარგი იქნება თუ ეს ძველი ქართული ტრადიცია კვლავ გაგრძელდება და გაცოცხლდება.

  1. გვიამბეთ მეტი თქვენი სამუშაოს შესახებ?

28 წელია გასული, რაც თიხაზე ვმუშაობ. რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო მიყვარს ის რასაც ვაკეთებ. საქართველოს აქვს მატერიალური და არამატერიალური სიმდიდრეები, მათ შორის ქართული კერამიკაცაა. ჩვენი ქვეყანა მდიდარია მრავალფეროვანი თიხით.

კერამიკოსობა არის ძალიან შრომატევადი საქმე, რომელიც ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვს. შეიძლება კერამიკოსი საათობით იჯდეს და ამზადებდეს. საბოლოო შედეგის მიღების დროს კი ისეთი სიამოვნება ეუფლება, რომ სული სიმღერას იწყებს და ყველა დაღლას ფარავს. ეს არის სამუშაო, რომელიც ძალიან მიყვარს და დიდი სურვილი მაქვს, რომ მეტი ინტერესი და პოპულარიზაცია მოხდეს ამ დარგის. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ მოიძიებენ კერამიკოსებს და მოახდენენ კერამიკის პოპულარიზაციას. სამწუხაროა, როდესაც ასეთი  რესურსების მქონე საზოგადოება ვართ და ძალიან ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის კერამიკის ფასი.

პირველი კერამიკული სკოლა 1912 წელს დაარსდა ქალაქ მცხეთაში, ასევე არსებობდა აკადემიები, სადაც იჭედებოდნენ ქართველი კერამიკოსები. 1970-185 წლამდე ქართული კერამიკის ხელოვნების ნიმუში გადიოდა მსოფლიოს გამოფენებზე, სადაც ქართველები პირველ–მეორე ადგილს მუდამ იღებდნენ. გვყავდა ბევრი მხატვარ-კერამიკოსი, რომელთა ნამუშევრებიც მსოფლიოს იპყრობდნენ.

რაც შეეხება ჩემს სამუშაოს, ვმუშაობ პატარა სახელოსნოში, სადაც ტურისტები ინტერესდებიან და ყიდულობენ ჩემს მიერ წარმოებულ სხვადასხვა ნივთებს. ასევე ვიღებთ შეკვეთებს და მათი სურვილისამებრ ვამზადებთ სხვადასხვა ფორმის სასურველ სუვენირებს, დოქებს, ნიმუშებს… ჩემი სურვილია ქართული შავკრიალა კერამიკის აღორძინება და განვითარება. ეს ხომ ჩვენი ტრადიციაა, რომელიც ერთ დროს ძალიან ფასობდა.

 8.რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც აქვთ იდეა, მაგრამ გარკვეული მიზნების გამო ბრკოლდებიან?

ვურჩევდი, რომ რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეხვდეთ, იბრძოლონ ბოლომდე. პირველ რიგში საჭიროა შრომა, შრომა და მუშაობა ჯერ საკუთარ თავთან. იშრომონ და არ შეაშინონ დაბრკოლებებმა.

ჩემი აზრით, როცა შენი საქმე ძალიან გიყვარს და როცა რამე ძალიან გინდა აუცილებლად გამოგივა. სირთულეებიც წარმოადგენს ერთგვარ გამოცდილებას, რომელიც წინ გვწევს და გვიჩენს მოტივაციას, რომ მეტი შევძლოთ. მთავარია საქმის სიყვარული, შემდეგ მონდომება და მასთან ერთად დაუზარელი შრომა.

9.სამომავლოდ რას გეგმავთ?

სიმართლე გითხრათ, მინდოდა გამეკეთებინა ქართული შავკრიალა კერამიკის მუზეუმი, რომელიც ძალიან საინტრესო იქნებოდა როგორც ადგილობრივებისთვის ასევე ტურისტებისთვისაც. იდეის მიზანი კი იქნებოდა ამ დავიწყებული ტრადიციის გაცოცხლება.  უამრავი ადამიანი დაათვალიერებდა და გაიგებდა ქართული  შავკრიალა კერამიკის შესახებ ცნობებს. შესაბამისად მოხდებოდა ამ დარგის უფრო მეტად პოპულარიზაცია, რასაც შემდგომში მოყვებოდა რეალიზაციაც… თუმცა მარტო ჩემი სურვილი და მონდომება არაფერს შეცვლის…

კიდევ ერთი გეგმა მაქვს, რომელიც უკავშირდება ქართულ მხატვრულ კერამიკის წარმოებას. თუ მექნება შესაძლებლობა გავხსნი ჩემი პატარა კერამიკის სახელოსნოს.

 

ავტორი: სალომე აბრახამია

Tags: