„კრწანისის ტყეპარკში მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს” – ლევან დავითაშვილი

  • Home
  • მთავარი
  • „კრწანისის ტყეპარკში მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, კრწანისის ტყეპარკში, მწვანე საფარის აღდგენისა და მტკვრის ჭალის ინფრასტრუქტურის ღონისძიებებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილზე გაეცნო.

„ორი წლის წინ, მოსახლეობას დავპირდით, რომ კრწანისის ტყეპარკს თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დავუბრუნებდით. ორ წელიწადში ჩვენ შემოვღობეთ ტერიტორია, მოვაწყეთ საჭირო ინფრასტრუქტურა და დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები, რათა ეს სივრცე ვაქციოთ საინტერესო რეკრეაციულ ადგილად ჩვენი მოქალაქეებისათვის და სტუმრებისთვის. ველური ბუნების სააგენტო აღდგენით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ამ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მისი აღდგენა თანხვედრაშია ჩვენი სამინისტროს პოლიტიკასთან. ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის და იგი წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, მაგალითად „ენერგო პროექტის” დაფინანსებით პარკის ტერიტორიაზე მზის ბატარეების ელექტროსადგურის მშენებლობა. ასეთი მწვანე და მდგრადი, ეკოლოგიურად სწორი ენერგორესურსებით უზრუნველყოფა ტყეპარკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF, პროგრამა „მტკვარი 2”, UNDP) დაფინანსებით, ტყეპარკში დასრულდა 100 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა. როგორც UNDP GEF პროგრამის „მტკვარი 2″ ეროვნულმა კოორდინატორმა, მაკა ჯულაყიძემ განაცხადა,  მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება კრწანისის ტყეპარკის აღდგენის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, რეზო ბეჟაშვილის განცხადებით, მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მოხმარდება სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის, არსებული 11 სათევზაო ტბორის წყალშევსების, ჭალის ტყის  საირიგაციო სისტემებისა და საკუთრივ ტყეპარკის გზებისა და ბილიკების განათებას.

კრწანისის ტყეპარკი რუსთავსა და თბილისს შორის მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის ფუნქციას დაიბრუნებს ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შედეგად. სადაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ველოსიპედით, ფეხით ან მინი ელექტროავტომობილით.

 

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Tags: