კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად არის ნომინირებული

  • Home
  • მთავარი
  • კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად არის ნომინირებული

პირველად საქართველოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობით მოხდა კოლხური ტყეებისა და წყალჭარბი ტერიტორიების UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარდგენა.

დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირება უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისთვის. დოკუმენტაციის შესაბამისად, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტად წარდგენილია მტირალას, კოლხეთის, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, რომლებიც წარმოადგენს კავკასიის ეკო-რეგიონისა და შავი ზღვის აუზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა მისი უნიკალური ეკო-სისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით.

დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და რაოდენობის ზრდას.

ინიციატივა 2017 წლიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საველე სამუშაოები. ადგილზე შეისწავლა ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება, ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ამ მიმართულებით არსებული პროგრესისა და სამომავლო გეგმების განხილვას. პროცესში ჩართულნი იყვნენ დაინტერესებული პირები, ადგილობრივი მოსახლეობა, ექსპერტები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო 

Tags: