ხევსურეთს გასვლა ნაწ. II

დილა… გამოღვიძება… ბუნდოვანი შეგრძნება ტბის პირას ყოფნისა და მყინვარის ნადნობი წყლის ვადრნით წარმოშობილი ჩანჩქერის ენერგიული ხმაური…

ტბის შემოვლა გადავწყვიტე… შორიდან “ერთი ციცქნად” დასანახი ტბა არც ისე პაწაწუნა ყოფლა…  ძირითადად ნადნობითა და წვიმის წყლით სააზრდოობს, ზღვის დონიდან 2200-ზე ოდნავ მაღლაა და თევზი არ იცის… 

ხშირად გამიგონია მთის ხალხისგან თუ როგორ ადარებენ სილამაზეს ყვავილს… ვინც მათ ნაკლებად იცნობთ გეტყვით რომ ეს ყოილები არ აგერიოთ სათბურში გამოყვანილ ყოვლადჯიშიან გვარიწოდების მქონე ქალაქელ ყვავილებში… ეს ის ყოილებია რომლებიც ხალიჩასავით მოედებიან მთის კალთებს და დედოფლებივით მოსავენ მას… ეს ის ყოილებია რომლებიც სიცოცხლით ხარობენ დედაბუნებაში ….

მესაზღვეებმა ცხენებით ამოგვაკითხეს… გაუხარდათ ქართველი მოგზაურების ნახვა და გულალალად დაგვპატიჟეს დავშვებულიყავით მათთან , სამწუხაროდ დრო და საგზლის სიმძიმე არ მოგვცემდა ამდენის საშუალებას… ჩვენი დაუდევრობით ცოტა კი გაგვიბრაზდნენ, საშვები არ გვქონდა… ჩაიწერეს მონაცემები და გვთხოვეს შემდეგისათვის ეს შეცდომა გამოგვესწორებინა… პატივისცემით დაგვემშვიდობნენ და სახლში მშვიდობით დაბრუნება გვისურვეს… თვითონ კი ცხენებით “უნაგირისკენ” წავიდნენ…

გაგვიჭირდა აქაურ მშვენიერების დატოვება… თუმცა ამინდის არევამ შეგვმატა მოტივაცია დროულად ავბარგებულიყავით… გზად რამდენიმეჯერმე მცირედით გაგვიწვიმდა… მიუხედავად ამისა საერთო ჯამში ოდნავ გრილი დღე იყო ვიდრე წინა…  მივაბიჯებდი და ვტოვებდი ადგილს სადაც ვიცოდი აუცილებლად დავბრუნდებოდი ამ უსაზღვრო ემოციების განსაახლებლად… ვტოვებდი საქართველოს ერთ-ერთ სიამაყეს თავისი დიადი სილამაზითა და გარემოთი…
ერთმანეთს კვალში ჩავუდექით და ნელი სიარულით უკან გავუყევით ბილიკს…

მალევე მივაღწიეთ ტანიეს “უნაგირს” სადაც შესვენების წერტილი მოვაწყვეთ… ჩემდა ბედად ადგილობრივი მეცხვარე ამოვიდა… ხშირად ბევრი აქვთ სათქმელი…

გაცრეცილი მოსაცმელი, გაცვეთილი ფეხსაცმელი, გრძელი და ხმარებაში გამობრძმედილი სახრე… მზისგან შეფერილი სახე, მახვილი მზერა… თამამი გული… სადღაც შუახნის იქნებოდა…

_ დაგლოცათ ცროლ წვერ ანგელოსმა_ მოგვესალმა ომახიანად

_ უფალმა დაგლოცოთ _ შევეპასუხე სანაცვლოდ

_ მესაზღვრეებს ხ’ვარ ამაუვლიათ აქისკე _ შემეკითხა მოლოდინით

_ ამოიარეს და ჩაიარეს კიდეც ძია _ გავუცრუე სამწუხაროდ იმედი

_შავფერხდ… ტელეფონს ვასტან სატენად ხანდისხან, რაის ვერ მნახეს აღარ დასროვეს_ თქვა დანანებით _ გუშინ გამასწრეთ თორო მწუხრს მწვადზე და ჩვენებურ სატანზე დაგპატიჟებდით.

_ მადლობა ძია, ეხა შენ დაგვეპატიჟეთ ჩვენ მოკრძალებულ სუფრაზე _ მოვიწვიეთ, მოერიდა, კაცი ლაპარაკს იყო დანატრებული, ხალხს იყო დანატრებული და არა ჩვენ ქალაქურ საჭმელს _ გავუწოდეთ, მადლობით თავი დაგვიკრა და გამოგვართვა.

_ რა გქვია ძია? _ გავთამამდი და საუბრის არანაკლები სურვილი მქონდა

_ მინდია _ თქვენ რა გქვიანთ შვილებო?

_ მე გიორგი, ამ ჩემ ძმას დავითი, ამ ჩვენ თამამ გოგოს ნინი, იმ ყოჩაღ ბიჭს კახაბერი _ გავაცანი ჩვენი თავი _ დიდი ხანია მეცხვარე ხართ ბატონო მინდია?

_ შარშანის 35 წელ შასრულდ _ თქმისას თვალები მთებისკენ გაეპარა, შემდეგ ჩვენ გადმოგვხედა სათითაოდ _ ამის გამგონე გაოცებულმა შევხედე, კაცი რომელიც ჩემ წინაშე წამომჯდარი იყო ბალახზე ხღვის დონიდან 3000 მეტრზე მაღლა, რომელზეც ჩვენ ძლივს ამოვაღწიეთ… მინიმუმ 50 წელს იყო გადაცილებული… ამ ასაკის უმეტესი ხალხი ქალაქში უბნის მაღაზიაში გასასვლელად ნახევარ დღეს ემზადება, ეს პიროვნება კი ჯანით სავსვე სიცოცხლით სავსე, თითქმის სრულიად მარტო იყო ხალხისგან დაცლილ ხეობაში.

_ აქ ვინმე ცხოვრობს ზამთარ-ზაფხულ? _ დავინტერესი

_ზაფხულში კიდე აქ ცოტცოტანი არიან აქაიქა, თითოოროლა ოჯახი,  ზამთარშიით კი აგე იქ სახლი რო ჩინს, ერთი კაცია მარტოკა, არც ცოლ ჰყავს, არც შვილ, სამოცს გადასცილდ, თაოდ ხედვს თავის თავს… ემასწინათ ბარუდან იყვნენ ამასულებ, მზის ბატარეებ ამაუტანეს და დაუყენეს,  ეგ რა საშველიას კაცისად? კაცს კაცი უნდა საფიხვნოდ, მისახმარად…ჩვენ კი ორთ ხუთ ვართ მეცხვარეებ, მარა ზამთარში უნდა გავრეკათ, ეგ კი სუ მარტოკაი ას, ხანდისხან თუ მააკითხავენ მესაზღვრეებ, რთულია ას ზამთარში სოფელი არ ას, უგზოობაი ას სახლისტოლას რო მასთოვს… ჯერ კიდევ ჯანზე ას მარა რამე რო მაუვიდას ვინაა მშველელ და მამხედავი?

ამ კაცის გულისტკივილი ჩემსას ედრებოდა, თუმცა მე სტუმარი ვიყავი ამ ხეობის, თვალს მიტაცებდა მთები, თვალს მიტაცებდა დედაბუნების კონტურები… ამას კი ცხოვრება კისერზე ამ მთების ლოდებივით ეკიდა… მას ეს მთების სიყვარული ტკივილად ქონდა… დაცლილი სოფლების ტკივილად…

_ ძია როგორც ვიცი იმ მთის კალთაზე სალოცავი უნდა იყოს… რაიმე ხომ არ იცი? _ ვკითხე ცროლის მთაზე და მის სალოცავზე

_ ეგ ხუცესის სალოცავი ას. ვერიდებით, წმინდა ადგილია და მხოლოდ ხუცეს შაუძლავ იქ შესვლა რო განიწმინსების მემრ, სიბერემ დასჯაბნ და დიდიხანიი რა არ ამასულ. იერუსალიმის მერე ეს ადგილია სადაც მლოცველის სანთელი თავისით ინთება… გწყალობდის მწყალობლის მადლი… _ დიდი ენთუზიაზმით გვამცნო

ზურგჩანთაში მცირე ტკბილეულობა გვქონდა შემორჩენილი, რადგანაც იმ დღის ბოლოს უკვე თბილისში ვიქნებოდით ყველამ სიხარულით გავუნაწილეთ ამ მთის ქართველ კაცს, მადლობის მოხდით გამოგვართვა და ხურჯინში ჩაალაგა… სურათზე მორიდებით უარი მითხრა… დავემშვიდობეთ

დავუყევით ციცაბო დაღმართს… მუხლებს ჭამს და ღრღნის გზა რომ გრძელდება … სოფლის თავზე მოვექეცით. ეტყობა მეცხვარე ძაღლების ყურადღების არეალში მოვექეცით და ორი არც თუ ისე მცირე ზომის კბილებდაკრეჭილი ქართული მეცხვარე ძაღლის წინაშე აღმოვჩნდით… ოო როგორ შეგვეშინდა… სოფლიდან ახლად წამოყვინჩილებული ბიჭი წამოგვეშველა…

_ ღმერთმა დაგლოცოს, შენია ეს კაციჭამიები? _ გამოვემცნაურეთ ძაღლებისგან დამფრთხალებმა.

_ კი ჩემია, ჰო ნამეტანი მყეფარები არიან და ახლოს იციან მოსვლა, მაგრამ კბენა არ იციან, ეზოს იცავენ მარტო _  (აბა ერთი ჩვენთვის ეკითხა ამ ყეფით და ახლოს მოსვლილაზე რას ვფიქრობდით) _ ტანიეზე იყავით?

_ ჰო გუშინწინ ავედით, შენ ნამყოფი ხარ?

_ წელს ჯერ ვერა, შარშან სამჯერ ვიყავი, მანამდეც ვარ ნამყოფი

_ თბილისში ცხოვრობ?

_ ჰო თბილისში ვცხოვრობ, ზაფხულობით ერთ-ორ თვეს აქ ვატარებ

_ ამაზე უკეთეს ადგილს ადვილად ვერ იშოვი, რა გქვია? რამდენი წლის ხარ?

_ ნიკოლოზ არაბული, 13 წლის ვარ

მე ჩვენი თავი გავაცანი… ნიკოლოზი ჩამოგვყვა რომ ძაღლებს არ შევეწუხებინეთ, თან გვანახა ადგილი სადაც ახალი სალოცავისთვის მიწა იყო მონიშნული… ბოლოს გზაც დაგვილოცა და დაგვემშვიდობა…

იმედის ნაპერწკალი დავინახე ამ ბიჭში, ახლადაყვავილებული მარცვალი… რომელსაც ხელშეწყობა და მოვლა სჭირდება… ეს მარცვალი ხომ მისი წინაპრების მიწაზე იფურჩქნება და აქაურობის სიყვარულს სწავლობს… აქაურ მთებს ტკეპნის… აქაურ მთების ექოს ბავშვურად უღიმის…  იქნებ მოვიდეს დრო და აქაური მეტი იყოს … 

 

17/19 ივლისი 2017 წ…