“ისევ მიფრინავენ თოლიები”

მე -19 საუკუნის თურქეთში რომ მეცხოვრა , ალბათ მაშინაც ასეთივე ზღვას გადავიღებდი. ჩუმს , მონაცრისფრო-მოცისფროს , მიტოვებულსა და მდუმარეს , თუმცა მაინც იმედით სავსეს. იმ იმედით სავსეს , რომელიც გზაარეულ გემს გზას აპოვნინებს , მიტოვებულ ბერიკაცს პატრონს გამოუჩენს , შრომისგან დამჭკნარ თითებს კი უკანასკნელ წუთებში შვებას მოუტანს .

როცა ამ ფოტოებს ვუყურებ ,  ვფიქრობ რატომ რჩება, ცხოვრების გარკვეული კადრები, შავ-თეთრად ჩვენს მეხსიერებაში. ალბათ იმიტომ , რომ ვიგრძნოთ ამ პერიოდის ტკივილი და გავითავისოთ. როცა ამ ფოტოებს ვუყურებ უდიდეს ტკივილთან ერთად,  თავისუფლებისკენ სწრაფვას ვგრძნობ. თუმცა, რა შეიძლება ტკიოდეს ზღვას?  – მე თუ მკითხავთ, ბევრი ტკივილი აქვს ზღვას. ათასწლეულების მანძილზე,  უამრავი ადამიანის შეფარებული სიცოცხლის ტკივილი … ნაადრევად გახარებული გემის კაპიტნის ტკივილი, რომელსაც ეგონა , შტორმს გადაურჩა … პატარა, სულ რამდენიმე წლის ბიჭუნას ტკივილი … სიმძიმის ტკივილი …

რამდენად მძიმეცაა უყურო ომს შენს კალთებში , იმდენად მძიმდება ტკივილები. მძიმდება და წლების მანძილზე იკრიბება, იკრიბება და ჩნდება სიშავე, სიშავე სიბნელეში, სწორედ ამ სიბნელეში გვიშავდება ზღვა, ბობოქარი და სიცოცხლის მოყვარული ზღვა .

რამდენ თავისუფლებას ჩაუვლია მის თვალწინ … რამდენი ადამიანის თავისუფალ ნებას …. ალბათ, ჯინსების ბიჭების თავისუფლებასაც ზღვის ტკივილები ითვლის. როგორ უნდა გწყუროდეს თავისუფლება ისე, რომ გაფრენით მართლა გაფრინდე და ცასაც მოუტანო ტკივილები …

ცა, ისიც მონაცრისფრო-მოცისფრო ფერია. სანამ საკუთარი თვალით ვნახავდი მეუბნებოდნენ, რომ სტამბულის ცა ყველაზე ლამაზი იყო. მწერლებიც ხშირად მოიხსენიებდნენ ამ ცას, “ვარსკვლავთბიჭუნად”.  ყოველთვის მაინტერესებდა რას ხედავდნენ მასში ისეთს, მთელი მსოფლიო რომ საუბრობდა. სტამბულს დილით ვეწვიე და მისი ნახვის სურვილით გაბრუებული, მოუთმენლად ველოდი შებინდებას.  პატარა ძაღლივით ყელმოღერებული შევყურებდი ზეცას, პატრონისგან ულუფის გადმოგდებას რომ ელოდება. ძალიან მალე, გონებაში ამომიტივტივდა ყველა ის ფრაზა, რაც კი წამიკითხავს და გამიგონია ამ საოცრების შესახებ. “ცა ქუდად მახურავს” – განცდით, ვიდექი ზღვის ნაპირთან და ორი უდიდესი სამყაროს აღქმასა და შედარებას ვცდილობდი. ჩემთან ძალიან ახლოს და, ამავდროულად, საოცრად შორს იყო ორი სავანე. ზღვა – ხმელეთის გამგებელი, ცა კი – უსასრულობისა. ულამაზესი უსასრულობის, რომელიც წამიერად ამუნჯებს ადამიანებს თავისი ჯადოსნურობით. ერთმანეთს ნაზად შერეული თეთრ-ცისფერ-ნაცრისფერი ფერებით შექმნილი ჯადოსნურობა, წვრილ-წვრილად დაყრილი ყვითელი კოპლებითა და მოვერცხლილი ჭაღარა თმებით …. ასეთია ჩემი სტამბულის ცა … ჩემთვის საყვარელი მწერლების ნაქები ცა ….

n 

Tags: