გზის ამბები

ცოტა ხნით უცხო მიწაზე

არ შეგეშინდეთ მარტო მოგზაურობის!

2014 წლის იანვარი

 

ჩემი ზამთრის არდადაგები თავიდანვე სასაცილოდ დავიწყე, რადგან ჩიტჯართაში, მართალია, ჩემს რიგში, მაგრამ სხვის ადგილზე დავჯექი და არეულობა გამოვიწვიე. საქართველოდან-თურქეთში, თურქეთიდან მილანში ჩავფრინდი.

მალპენზას აეროპორტში ვიყიდე ავტობუსის ბილეთი და წავედი რკინიგზის სადგურზე, საიდანაც გადიოდა მატარებელი მილანიპარიზი. „გაჭირვება მანახე და გაქცევას გაჩვენებო“, ჰოდა ზუსტად ჩემზეა ნათქვამი, ავლაპარაკდი და მგონი „ყველა“ ენაზე. ავტობუსის ბილეთის  გამყიდველი მეკითხება: „che lingua voglia signora, che lingua parla?“ (რომელი ენა გინდა, ქალბატონო, რომელი ენაზე საუბრობ?). მეც ინგლისურად, იტალიურად და რუსულად ვპასუხობდი, ნახევარ-ნახევარს. მივედი მილანის სადგურზეც, მივაგენი, მივაღწიე მატარებლების გაჩერებას, რომელიც სადგურის მეოთხე სართულზე იყო. ბილეთი ინტერნეტით მქონდა ნაყიდი და ფურცელზე კოდი მეწერა. მეგონა, რომ ამ კოდით ბილეთს მომცემდნენ და ტყუილად ვიდექი ბილეთების რიგში იქამდე, სანამ ჩემი დაბატული იტალიურით გავაგებინე, რა მინდოდა და მითხრეს, რომ მხოლოდ კოდი საკმარისი იყო. შვიდ საათში გადიოდა ჩემი მატარებელი. ხან წიგნს ვკითხულობდი, ხან ბარგთან ერთად დავდიოდი, ბარგის გამო ვერსად გავედი, მოგვიანებით კი ვნახე, სადაც ბარგს იტოვებდნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. გაუსვლელობის მიზეზი წვიმა, სიბნელე და შიშიც იყო. ერთი საათი რომ დარჩა მატარებლის გასვლამდე, ერთი სიმპათიური იტალიელი ბიჭი მომიჯდა გვერდზე და მკითხა: che ora e? (რომელი საათია? ). არა და ჩვენ უკან იმხელა საათი იყო, რომ მე უსათვალოდაც დავინახავდი, თუმცა ვუპასუხე. გამიბა ლაპარაკი. თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა: tu sei bella, molto bella,( ლამაზი ხარ, ძალიან ლამაზი). გამეცინა.

-tu hai capito? (გაიგე?)

-ho capito.( გავიგე)

-tu lo sai italiano? (იტალიური იცი?) მეკითხება გაკვირვებული.

სანამ ამ სიტყვებს მეტყოდა, ვუთხარი, რომ ძალიან ცოტა ვიცოდი იტალიური და გავიგე მისი სიტყვები. იგი შეშფოთდა და მითხრა: tu sei furba ( ეშმაკუნა, ცბიერო). ყავაზე დამპატიჟა და უარი და მადლობა ვუთხარი, prego (გეთაყვა), – მპასუხობს. მერე ნახა ჩემი გაყინული ხელები და გადამერია ბიჭი. ვუთხარი, მაქვს ხელთათმანები, არ მინდა-მეთქი, მაგრამ ვინ გაიგო, მოიხსნა თავისი გადაჭრილი ხელთათმანი და ხელზე „ჩამაცვა“. ვინ იცის, ცალი ხელთათმანი იქნებ „შავი კონკიას“ ახალი ისტორიის დასაწყისი იყოს!…  ორივენი პარიზში მივდიოდით, მიმაცილა ვაგონამდე.  ვაგონებთან დავშორდით. ავედი და ჩემს ადგილს ვეძებდი. მითხრეს, ეს არის შენი კუპეო და კარი გააღეს – სულ მამაკაცები, სიხარულით იღიმებოდნენ, მე კიდევ გული გამისკდა, ამაღამ ვერ დავიძინებ-მეთქი. ვაგონები არამომხიბლავი და სიტუაციაც ცოტა საშიში იყო. თუმცა, საბედნიეროდ, გვერდზე კუპეში აღმოჩნდა ჩემი ადგილი, სადაც სულ გოგოები ვიყავით – რუმინელი იტალიიდან, ფრანგი, არაბი და ერთიც მე. საერთო ენა არ გვქონდა, მაგრამ „ჩვენი“ შევქმენით და ერთმანეთს გავუგეთ.

პასპორტები წაიღეს შესამოწმებლად. უკვე ძილისპირული გვაქვს ყველას და კარზე კაკუნია. „ჩარაზულები“ ვიყავით. პოლიცია დაგვადგა თავზე.

-რომელია მაკა მათიაშვილი? რატომ მიდიხარ საფრანგეთში? სამუშაოდ? ბარგი სად გაქვს? წამომყევი!

ავდექი, ძილბურანში ვიყავი, ნახევრადშეკრული ჩექმები მეცვა… მეორე პოლიციელმა უთხრა, სად მიგყავს, დაბრუნდი უკანო. თავი ტერორისტი, ნარკოდილერი მეგონა. უხერხულობას ვგრძნობდი გოგოებთან, ჩემ გამო დაფეთიანდნენ… არა, არა ჩემ გამო, იმიტომ, რომ ჩემს პასპორტს Georgia აწერია…

Bordeaux ( ბორდო)

ორდღიანი და ორღამიანი გზის შემდეგ ჩავედი დანიშნულების პუნქტამდე. მინდოდა ფრანგი მენახა… არაბები, „შავები“, სომხები, ჩინელები და ციგნები, ფრანგს იშვიათად ნახავდი. ახლა კი მიშელ უელბეკის „მორჩილება“ მახსენდება.

ვიყავით ე.წ. საფრანგეთის „კახეთშიც“. კარგი ადგილი იყო, ვენახი დაბალი – ლარში და მწკრივში. განთქმულია ბორდოს ღვინო. როგორც მითხრეს, ვაზის წინ ვარდებს რგავენ და თუ რომელიმე ვარდი დაჭკნება, იმის წინ დარგული ვაზის ნაყოფისგან ღვინოს არ დაწურავენ, რადგან ისეთი გემო აღარ ექნება. ამიტომ ვარდი რომ არ დაჭკნეს და ვაზსაც არ ეწყინოს, ვენახში ცუდ სიტყვებს არ ამბობენ და არც ჩხუბობენ, პირიქით ეფერებიან და ბორდოს ღვინის საიდუმლოც ამაშია.

ახალ წელს მოვიარეთ სომხები და მე რისი მაკა ვარ „პრიკოლი“ რომ არ შემემთხვეს… ჰოდა ვქეიფობთ. შემოგვემატნენ სტუმრები და სომეხი ქალბატონი ასე მესალმება: „დიდი ტრაკი, დიდი ტრაკი“… ქართველებს უსწავლებიათ, რომ „გამარჯობა“ ქართულად „დიდი ტრაკია“…

ბორდოდან 70 კილომეტრში ატლანტის ოკეანეც იყო. წავედით არკაშონში. მიქცევა-მოქცევის გამო ეს გამჭვირვალე წყალი მალე იცვლიდა ადგილმდებარეობას. ამ ქალაქში იყო ქვიშის,ძუნძუპილას მთა, მწვანე მთაგრეხილებში ერთი მთა  ქვიშიანი იყო, შუაში მოქცეული.  ეს ქვიშა სამკურნალო იყო, ხალხი ფეხშიშველი დადიოდა და ეფლობოდა. დიდი სიხარული დამიტოვა აქაურობამ. ტყე, ქვიშა და ატლანტის ოკეანე… მართლაც ღვთის და ბუნების სასწაული ადგილი იყო.

 რაღაცები ფრანგებზე

გაოცებას იწვევდნენ ავტობუსის ქალი მძღოლები, რომლებიც ამ პატარა გზებზე აბზრიალებდნენ „ვეებერთელა“ ავტობუსებს. ავტობუსში ასვლისას მძღოლი გესალმება, გიღიმის.

უცნაური ხეებით იყო ბორდოს ქუჩები შემოსილი, რომელთა ხიბლს ვერ ჩავწვდი. აშოლტილი და შემდგომში სიმეტრიულად გატოტილი, ბოლოს, ბევრი ფიქრის მერე, დავასკვენი, ალბათ, ბევრ ჟანგბადს გამოყოფს-მეთქი.

ფრანგული ანეგდოტი: თვითმფრინავში სხედან ფრანგი, არაბი და ამერიკელი. თვითმფრინავი გაფუჭდა და ეტყვიან მგზავრებს, რომ გადაყარონ ის, რაც ყველაზე მეტი აქვთ თავის ქვეყანაში. ამერიკელი დოლარებს გადმოყრის, არაბი ნავთობს გადმოასხამს, ფრანგი კიდე არაბს დაავლებს ხელს და აგდებს, ბევრნი ხართ ჩემს ქვეყანაშიო…

ბორდოში პატარა მდინარე იყო, სადაც „სათევზაოდ“ წავედი მასპინძელთან ერთად.  თურმე „მუღამი“ დაჭერაში ყოფილა და არა ჭამაში. გამახსენდა გურამ რჩეულიშვილის სიტყვები: „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ფრანგებს ასე ჰგონიათ და იშვიათადაც იჭერენ, ძირითადად მათი გამოკვებით არიან დაკავებული. ეს მდინარე ტყესაც გამოივლიდა, სადაც ფრანგები ვარჯიშობდნენ ხოლმე. ამ ტყეში ხეებს ფესვები მონიშნული ჰქონდა წითელი საღებავით, რათა ფეხი არ წამოგეკრა.

 ბორდო-პარიზი

ვზივარ მატარებელში და  სურვილი მიჩნდება, მქონდეს ერთი ასეთი ვაგონი, თავისი ტუალეტით, რომელმაც გამაოცა და პატარა სამზარეულოთი. არა რა, შესანიშნავი იქნება ოჯახური და მეგობრული მოგზაურობისთვის. ადამიანი  ერთხელ იბადება და, როგორც ჩემი მასპინძელი იტყოდა, „უნდა იკაიფო“, რაც ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ნიშნავს, დედამიწის ყველა კუთხიდან დადებითი ემოციების შეწოვას, რაც განურჩევლად ყველა ადამიანმა უნდა განიცადოს.

 შარლ დე გოლის აეროპორტი

მაკა რის მაკაა, ყველა შენობის ტუალეტი რომ არ შეამოწმოს და არც ეს აეროპორტი იყო გამონაკლისი. ტუალეტი ბიჭების აღმოჩნდა და სანამ ბანჯგვლიანი ფეხები და კაცური ხმები არ გაქრა, იქიდან არ გამოვედი. რომ გამოვედი, ერთი ქალი შეშფოთებული მიყურებდა. დაკიდებულ აბრაზე wc – ქალიც და კაციც ეხატა, ტუალეტშიც ორი განყოფილება იყო, თუმცა მარტო კაცების ყოფილა.

             

 საქართველო

ჩამოვფრინდი მშობლიურ მიწაზე. ბარგი ავიღე და მირეკავენ, არსად არ წახვიდეო და გამეცინა, სად უნდა წავსულიყავი? ორმოში ჩავარდნილს რომ ეუბნებიან, დამელოდე თოკს მოვიტან, არსად წახვიდეო, თითქმის იგივე ვარიანტი იყო. თურმე მანქანას საბურავი დაეშვა (რაღაც ხომ უნდა მომხდარიყო!), ერთმა კეთილსინდისიერმა გაუჩერა მამას და „ნასოსსაც“ კი ჩუქნიდა, ოღონდ ბავშვი არ ალოდინოთო. მიხარია, რომ გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი კეთილი ადამიანები.

დღეს ჩემი არდადაგები ბორდოში (Bordeaux) დასრულდა. მართალია, საქართველო სხვანაირად, გულით მეტკბილება, მაგრამ უკვე რაღაცნაირი ნოსტალგია მიჩნდება, რომ ხვალ საფრანგეთის მიწაზე აღარ ვიქნები… მართლაც კარგია, ძალიან კარგი, მაგრამ ევროპაც დედამიწის ჩვეულებრივი ნაწილია, იქაც ჩვეულებრივი ცხოვრებაა, ბევრი რამ საქართველოში მეტად აღმაფრთოვანებელია, მაგრამ ადამიანს ყოველთვის ის უნდა, ის იზიდავს და ის ჰგონია საუკეთესო, რაც არ უნახავს და როცა ნახავს, ისიც ჩვეულებრივ ადგილს იმკვიდრებს იმ შთაბეჭდილებების გვერდით, რომლებიც ადამიანში უკვე დამკვიდრებული იყო. მართალია, ზოგი შთაბეჭდილება ძლიერია, ძვირფასია, ტკბილია, ზოგი განმეორებადია, მაგრამ უკვე არსებული და ის მხოლოდ „შთაბეჭდილებად“ რჩება.