გუდალეთისა და ვარჯაანის ეკლესიების რეაბილიტაცია

  • Home
  • კულტურა
  • გუდალეთისა და ვარჯაანის ეკლესიების რეაბილიტაცია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. გუდალეთში ადგილობრივი თემის ინიციატივის საფუძველზე, ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გუდალეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სააგენტოს ზედამხედველობით, გვიანი შუასაუკუნეების დროინდელ დარბაზული ტიპის ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოებს შპს „იუკონი და კომპანია“ განახორციელებს. რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს, დიდი ხნის წინ ჩამოშლილი ეკლესიის კედლების კონსტრუქციული მდგრადობის შემოწმებას, პერიმეტრზე მიწის ფენის მოხსნის სამუშაოებსა და სხვადასხვა არქიტექტურული სეგმენტის კონსერვაცია-რესტავრაციას მოიცავს. კულტურული მემკვიოდრეობის ძეგლზე ფიზიკური სამუშაოები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და ეკლესიის სრულფასოვანი რეაბილიტაციის დასრულებამდე გასტანს. ეკლესიის აღდგენის შემდგომ სარესტავრაციო ეტაპებზე არქიტექტურული კომპლექსის გალავნის სრული რეაბილიტაციაც იგეგმება.
ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სოფ. გუდალეთის ახლომდებარე ნასოფლარ ვარჯაანში მიმდინარე წელს დასრულდა განვითარებული ფეოდალური ხანის მთავარანგელოზის ეკლესიის რეაბილიტაციის პროცესიც. დარბაზულ ეკლესიაზე ჩატარებულმა რესტავრაციამ საკულტო ნაგებობის ყველა არქიტექტურული სეგმენტი მოიცვა, სადაც დადგენილი სარეაბილიტაციო მეთოდოლოგიით გამაგრდა და რესტავრირდა ფასადური ქვის საპირე წყობები. განახლდა კრამიტის სახურავის კოსტრუქცია.
მიმდინარე და განხორციელებულ სარეაბილიტაციო პროექტებს აღნიშნულ პრევინციაში სეზონურად მაცხოვრებელი თემი ადგილობრივი გარემოს ახალი საცხოვრებელი პირობების გაჩენასთან აიგივებს და კასპის ნასოფლარებში მუდმივმაცხოვრებელი ოჯახების გაჩენის პერსპექტივასთან აკავშირებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ახლადდაწყებულ პროცესს დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან და სოფლების მაცხოვრებლებთან ერთად გაეცნო.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა