გაფრენა მეორე, ანუ ნამდვილი გაფრენა და მსოფლიო საზღვრების გარეშე

  • Home
  • ბლოგები
  • გაფრენა მეორე, ანუ ნამდვილი გაფრენა და მსოფლიო საზღვრების გარეშე

არასდროს მიოცნებია ამდენ მოგზაურობაზე, ალბათ იმიტომ, რომ არ მეჯერა, მე კი ბავშვობიდანვე არ მიყვარდა შეუძლებელზე ოცნება. დღეს კი როცა ავსტრალიიდან ამერიკაში, შორეულ აღმოსავლეთიდან აფრიკასა თუ ევროპაში მოგზაურობით მე დავფარე ყველა კონტინენტი,  გაქრა საზღვარი დროსა და სივრცეს, ოცნებასა და რეალობას, შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის…

და ეს გავდა უკიდეგანო ზღვაში შთაბეჭდილებების უზარმაზარ ტალღებთან ბრძოლას, მე კი გამოცდილი სერფერივით დავყვებოდი ამ აზვირთებულ ტალღებს…

მახსოვს, ერთ-ერთი ყველაზე გიგანტური იყო „კეიპტაუნის ტალღა“ სამხრეთ აფრიკიდან. რა დამავიწყებს განცდას, როცა თითქოს პირველი ევროპელივით მივადექი „კეთილი იმედის კონცხს“ (Cape of Good Hope), სადაც ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეები ერთმანეთს ესალმებიან; მერე „ორი ოკეანის აკვარიუმში“ (Two Oceans Aquarium) გავისეირნე და წყალქვეშა სამყაროში ჩავიძირე; საღამოს კი „მაგიდის მთის“ (Table Mountain) თავზე ასულმა ქლიავისფერი ცა წამოვიხურე თავზე და  თავბრუდამხვევი ბედნიერებისგან შევძახე: “What a wonderful world’!

  

მერე ელვის სისწრაფით მოყვა შედარებით მსუბუქი „ეგზოტიკური ტალღები“: „მალდივური მარჯნების“, „შრი-ლანკური/ცეილონური ჩაისა“ თუ მანგოს, გუავასა და პაპაიას სურნელში გახვეული „ტროპიკული ფუკეტის“…

  

მერე იყო დაუვიწყარი „მალაიზიური არდადეგები“: აი, თავი რომ დასავლეთში გგონია და  აღმოსავლეთის სურნელი რომ გცემს… ჯერ ცათამბჯენებსა და სავაჭრო ცენტრებში რომ ჩაიკარგები და მერე უცებ ოქროს უზარმაზარი ბუდას პირისპირ აღმოჩნდები და ბათუს გამოქვაბულში მოსახვედრად 272 საფეხურიან კიბეს ერთი ამოსუნთქვით აივლი, გზად რომ მაიმუნებთან მაიმუნობ და თან სელფების გადაღებით ერთობი… მერე უცებ ინდუისტური ტაძრის შუაგულში აღმოჩენილი კაი ხანს გაშტერებული რომ დგახარ, ვიდრე ვინმე შენნაირი ტურისტი სურათის გადაღებას არ გადაწყვეტს და ამისთვის შენ მოგმართავს.

 

  

მერე იყო სინგაპური –  „ზღვის ლომების ქალაქი“ და მეგობრებთან ერთად დაღამებამდე ხეტიალი მარინა ბეიზე…

 

მერე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა და ადგილობრივი გიდის წყალობით დაუვიწყარი ტური ჰო ჩი მინში (ყოფილი საიგონი), მე-19 საუკუნის ცენტრალური საფოსტო ოფისი ცენტრში ჰო ჩი მინის (ქვეყნის პირველი პრეზიდენტი)  საპატიო სურათით, იქვე საიგონის ნოტერ-დამი, მერე ტიენ ჰაუს ცნობილი პაგოდა ჩაინათაუნში, ვიეტნამის ომის მსხვერპლთა მუზეუმი დღემდე რომ ამაოდ ვცდილობ მეხსიერებიდან ამოვშალო… და მერე ალბათ ჩემს გასამხიარულებლად ან დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით გიდის მიერ ნაჩუქარი ტრადიციული ვიეტნამური ქუდი და შეგრძნება თითქოს ბრინჯის ყანაში სამუშაოდ მეც წამიყვანეს…

 

     

მერე აპრილი და 40 ათას ფუტ სიმაღლეზე (12 ათას კილომეტრზე მეტი) ჩემი 27-ე დაბადების დღის აღნიშვნა;

მერე ბეიჯინგი და ყვითელი იმპერატორების „აკრძალულ ქალაქში“ (Forbidden City) აკრძალული წესით შეღწევა. მერე ელექტრო რიქშათი (ე.წ. ტუკ ტუკით) სეირნობა და ჩინელი  მესაჭის მოყოლილი ზღაპრები, სავარაუდოდ, ტურისტებისთვის რომ მოიგონა. ბოლოს კი მისვლა კედელთან, ყველაზე დიდ კედელთან მსოფლიოში, ერთდროულად ადამიანის სიდიდეს და სიპატარავეს რომ დაგანახებს, და ქვები, უთვალავი ქვის ბლოკები, რომლის შესაწებებლად თურმე წებოვანი ბრინჯის ფაფა გამოუყენებიათ…

  

მერე კი სულ სხვა სამყარო, ანუ ნარიტა და შეგრძნება, რომ იაპონია ფანჯრიდან დამანახეს… მართალია, ულამაზესი საკურას ყვავილობას ვერ დავამთხვიე, მაგრამ რაღაც ხომ უნდა დამრჩეს ოცნებად! მერე კომპანიონის გარეშე გასინჯული საკე და რაღაც უცნაური საჭმელი (სურათს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რამ შემაჭამა)… მერე წვიმიან ქუჩაში სიარული შებინდებამდე და ბოლოს ბუდისტურ რიტუალზე „თავის აღმოჩენა“, ანუ სულ სხვა „მე“-ს დანახვა, უფრო სწორად „მე“-დან გასვლა: აი, როცა არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, სად ხარ, რა გინდა, როგორ გინდა… იდუმალი საკრავის ზარისებური ხმები ჩაგესმის მხოლოდ და ჯერარგანცდილ მისტიკაში ბოლომდე ჩაძირულს სრულიად გავიწყდება, რომ გადაიღო და აღბეჭდო წამი!

მახსოვს, თსუ-ში სწავლისას მეორე სპეციალობად ფილოსოფიური მქონდა არჩეული (რამდენადაც პირველი ისტორია იყო, ვიფიქრე, მხოლოდ ისტორიული ფაქტების ცოდნა ფილოსოფიური აზრის გარეშე მშრალი და არაფრისმომცემი იქნებოდა). ხოდა სწორედ იქ მყავდა ერთი ლექტორი, ძველ აღმოსავლურ ფილოსოფიას გვიკითხავდა, სულ ბუდაზე და ძენბუდიზმზე ლაპარაკობდა, მერე სადღაც იკარგებოდა და ჩვენ ვეღარ გვხედავდა… სწორედ იმ კაცივით დამემართა მეც მაშინ, ვერაფერს ვეღარ ვამჩნევდი, საკუთარ თავსაც კი…

 

 

მერე იყო კანადა და შობის წინა დღეები მონრეალში… -9 გრადუსში გაყინული სხეულის სტარბაქსის ყავით გათბობა… ზიხარ მინებიან კედლებს მიღმა შენს კომფორტულ ზონაში დარიჩინისა და შოკოლადის სურნელში გახვეული და ისეთ ნეტარებაში ხარ, ჯერარნახული, ჯერარგანცდილი ქალაქის დასათვალიერებლად წასვლასაც კი აღარ ჩქარობ… კიდევ ხუთი წუთი და გავიდეთ! იმ ყავის გემო მერეც არაერთხელ მომნატრებია…

 

მერე პორტ ფილიპის ყურის გარშემო გაშენებული თბილი მელბურნი – „ავსტრალიის კულტურული დედაქალაქი“, სადაც განსხვავებით მონრეალისგან აზრადაც არ მოგდის, ჩამოჯდე და დაისვენო, ანდა აქ როგორ შეიძლება დრო დაკარგოს ადამიანმა… ეს ხომ ის ქალაქია, სადაც ყველა-ფერია: კულტურა, სპორტი, მოდა, სტილი… აბორიგენებიც ახლოს არიან… და შენც დადიხარ, დადიხარ უმისამართოდ, რუკისა და ყოველგვარი გზამკვლევების გარეშე…

 

 

მერე ჩემი ბრაზილიელი გიდის და შემდგომში უფროსი მეგობრის – არაუჟოს წყალობით დაუვიწყარი ორი დღე სან-პაულოში და ერთად ნამღერი – „O Que Sera” (ცნობილი სიმღერა ფილმიდან „დონა ფლორა და მისი ორი ქმარი“); არადა მახსოვს არაუჟოს პირველად დანახვისას გავიფიქრე: ღმერთო, ალბათ, რა მოსაწყენი იქნება ამ ასაკიან კაცთან ერთად მთელი დღის გატარებამეთქი და თქვენ წარმოიდგინეთ დღემდე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს… ადამიანს არ ვიცნობდი და ისე შევაფასე!

არაუჟო 25 წელი თავის საყვარელ მეუღლესთან ერთად ამაზონის ჯუნგლებში ტურისტებისთვის განკუთვნილ პატარა სასტუმროს მართავდა, იქვე ცხოვრობდა და მოშინაურებული ლეოპარდი ყავდა, 7 ენაზე ლაპარაკობდა, მათ შორის რუსულად და შესანიშნავად იცნოდა ჩვენი დიდი მეზობლის ლიტერატურას, ინგლისურად ჩემზე უკეთ საუბრობდა და 73 წლის ასაკში ჩინურს სწავლობდა… ჩვენ ერთად მოვიარეთ სან-პაულოს თითქმის ყველა ქუჩა, მდიდარი თუ ღარიბული უბნები, ფეხით, მანქანით, და ბოლოს მეტროშიც ჩამიყვანა, რათა იქაური ცხოვრება უფრო ახლოდან შემეგრძნო… ისეთი გატაცებით მიყვებოდა ბრაზილიურ ამბებს, მითებსა და ანეგდოტებს… საღამოს ერთად ვივახშმეთ და მერე სასტუმროში დამტოვა. საოცარი კი ის იყო, რომ საერთოდ არ დავღლილვარ.

და დღეს,  როდესაც ვფიქრობ ხოლმე, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი გიდი, ჩემი პასუხია: არაუჟოსნაირი!

  

 

მერე იყო მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელებაში ჩართული „სხვა ჯორჯია“, ატლანტა და ამერიკის უახლესი ისტორიის ეპიცენტრში ყოფნის რაღაცნაირი განცდა… CNN-ის უზარმაზარი შტაბბინის მონახულება და იქვე ახლოს (ფეხით დაახლოებით 20 წუთის გზაზე) კოკა-კოლას ნამდვილ სამყაროში მოხვედრა;

მერე „ანგელოზების ქალაქი“ – ლოს-ანჯელესი სანტა მონიკას პლაჟითა და „მალიბუს მაშველებით“, სადაც სულ მზეა და ლაჟვარდოვანი ცა, სადაც წყნარ ოკეანეს მართლაც სიწყნარე და სიმშვიდე მოაქვს, სადაც ფრთებს ისხამს ყველა ოცნება… შენც დადუმებულ-დამუნჯებული  დადიხარ და „დიდების ხეივანში“ (Hollywood Walk of Fame) ვარსკვლავებს ეთამაშები…

 

 

თუმცა ამ გლამურული და მომხიბვლელი ცხოვრების მიღმა, რა თქმა უნდა, იმალებოდა რთული მომენტებიც…. ამასთან ერთად ვხედავდი, თუ როგორ ქრებოდა ის ემოციაც ახლის ნახვას, ახლის აღმოჩენას რომ ახლავს ხოლმე… თანდათანობით გაუფერულდა და გაერთგვაროვნდა სამყარო და ბოლოს თითქოს ეს აღმაფრენა ჩვეულებრივ რუტინად იქცა…

და დღეს, როცა ამ ბლოგის წერა დავიწყე, ისევ გამახსენდა ჩემი პირველი მოგზაურობით გამოწვეული ემოციები, წიგნის პირველად წაკითხვას რომ ახლავს ხოლმე დაახლოებით იმდაგვარი განცდებით და დავრწმუნდი, რომ ყველაზე ძვირფასი თვლებით გაწყობილ სამკაულად ჩემთვის მაინც ევროპა დარჩა, ბებერი, მაგრამ ჩემი, შეუცვლელი და მთელი მსოფლიოს საპირწონე ევროპა!

 

 

 

Tags: