გაიცანით ტურისტული კომპანია – “Discover Georgia”

დაფუძნების დღიდან არაერთი გამოწვევა გვქონდა, რომელიც ჩვენი განვითარებისთვის და მიზნების მისაღწევად გამოვიყენეთ. ყველა პრობლებას ერთგვარ გამოწვევად აღვიქვამდით და ვცდილობდით მათ გადაჭრას – ნინო კეკელიძე (ტურისტული კომპანია - Discover Georgia-ს დამფუძნებელი/დირექტორი)

1. მოკლედ მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. როდის დაარსდა კომპანია და რა იყო მთავარი მიზანი?

ტურისტული კომპანია Discover Georgia დაარსდა 2011 წელს. თავდაპირველად, კომპანიის მთავარი მისია, მიზანი და ხედვა იყო მიმართული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისკენ. ორი მიმართულება დაარსდა ერთდროულად: პირველი – ტურისტული სერვისები, შიდა, შემომყვანი და გამყვანი ტურიზმის მიმართულებები; მეორე – ტურიზმის სასწავლო ცენტრი, სადაც სამუშაოზე დაფუძნებული პრაქტიკით ხორციელდება შიდა, შემომყვანი და გამყვანი ტუროპერატორის სასწავლო პროგრამები. 

2. ამ დროის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით?

დაფუძნების დღიდან არაერთი გამოწვევა გვქონდა, რომელიც ჩვენი განვითარებისთვის და მიზნების მისაღწევად გამოვიყენეთ. ყველა პრობლებას ერთგვარ გამოწვევად აღვიქვამდით და ვცდილობდით მათ გადაჭრას. ერთ-ერთი იყო საკანონმდებლო მიმართულებით, რადგან საქართველოში ჯერ არ გვაქვს კარგად დარეგულირებული ტურიზმის ინდუსტრია, კანონისა და სტანდარტების რეგულაციების დონეზე, ვხელმძღვანელობთ ერთი კანონით, რომელიც არის ერთ-ერთი ძირითადი – ტურიზმისა და კურორტების დაცვის შესახებ, 1997 წელს გამოშვებული. 

3. რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ ტურისტებს?

ტურისტებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ, ჯგუფურ და კორპორატიულ მომსახურებებს შიდა, შემომყვანი და გამყვანი ტურიზმის მიმართულებით. გვაქვს ყველა ტურისტული სერვისი: ავიაბილეთები, სახმელეთო, სარკინიგზო, საზღვაო სატრანსპორტო ინდუსტრიის სერვისები, სასტუმრო განთავსება, ტურისტული პაკეტები (ერთ დღიანი და მრავალდღიანი), სამოგზაურო დაზღვევა. ასევე, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება არის MICE ტურიზმი და ტურიზმის სასწავლო ცენტრი.

რომ შევაჯამოთ ჩვენი მიმართულებები, გვაქვს 4 ძირითადი მიმართულება:

  1. შიდა შემომყვანი ტურიზმი
  2. გამყვანი ტურიზმი
  3. MICE (საქმიანი) ტურიზმი
  4. ტურიზმის სასწავლო ცენტრი

4. რა მიმართულებით აგრძელებდით მუშაობას პანდემიის დროს?

პანდემიამ ძალიან დააზარალა მთლიანად ტურიზმის ინდუსტრია. ეს არის პირველი დარგი ჯანდაცვის შემდგომ, რომელმაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო. 

ჩვენი კომპანია არ გაჩერებულა პანდემიის დროს, ონლაინ რეჟიმში გავნაგრძობდით მუშაობას და რეალურად გვქონდა ყველა სერვისი, რომელსაც ვთავაზობდით ჩვენს მომხმარებელს. ვიცით, რომ ქვეყანა იყო ჩაკეტილი, მაგრამ ჩარტერული რეისებით გრძელდებოდა ავიაგადაფრენები, ასევე ვთავაზობდით სამოგზაურო დაზღვევას, სურვილის შემთხვევაში განთავსებას საზღვარგარეთ. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენს სასწავლო ცენტრში არც ერთი დღით არ გაჩერებულა სწავლა. მაშინაც კი, როდესაც შეზღუდული იყო საქალაქთაშორისო მიმოსვლა, ჩვენ ონლაინ რეჟიმში ვატრენინგებით სტუდენტებს. 

5. რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ ბიზნესს ტურიზმის სფეროში?

ვინც ახლა იწყებს საკუთარ ბიზნესს ტურიზმის სფეროში მათ ვეტყოდი, რომ პანდემიის მიუხედავად მაინც იდეალური დროა ახალბედა ბიზნესმენმა გადადგას პირველი ნაბიჯები უშუალოდ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნის დაწყებით იმიტომ, რომ ტურისტული სერვისები შემჭიდროებული არის და პირიქით გამოიყენოს ეს დრო გუნდის შექმნისთვის, ადამიანური რესურსის, კოპმანიის სტრატეგიის, რისკ მენეჯმენტის შექმნისთვის და გაძლიერებისთვის რადგან შემდგომ როდესაც გაიხსნება საზღვრები, უკვე ექნება კოპმანია ძლიერი შიდა სტრუქტურით.

6. მას შემდეგ რაც მსოფლიო ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება, თქვენი აზრით, რა ახალმა ტენდეციებმა შეიძლება იჩინოს თავი ტურიზმის სფეროში

მას შემდეგ რაც გადაივლის პანდემია, ტურიზმის ინდუსტრია იქნება სახეშეცვლილი. პირველ ეტაპზე იქნება წამოწეული საინფორმაციო ტექნოლოგიები და ვირტუალური, ონლაინ ტექნიკით გამოყენებადი ტურისტული სერვისები და ამიტომ ყველა კომპანია უნდა გადავიდეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

 

ავტორი: ვიქტორია გასანიანი

Tags: