აღმოაჩინე ის რაც შენია – გაიცანი ნაკრა

საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა, რომელსაც ბევრი უნიკალური ტურისტული ადგილი გააჩნია, თუმცა ფართო საზოგადოება ბევრ მათგანს არ იცნობს. სწორედ ესეთი “მარგალიტი” გახლავთ – სოფელი ნაკრა. სტატიაში გაიცნობთ ამ საოცარ ადგილს და იმ მიზიდულობებს, რაც მას გააჩნია.

  1. მოგვიყევით თქვენს შესახებ (სახელი და გვარი)

თამუნა გვარმიანი, 18 წლის, სოფ. ნაკრას მაცხოვრებელი.

  1. გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ?

ამ ეტაზე სტუდენტი გახლავართ, ვსწავლობ – კლასიკურ ვოკალზე.

  1. რითი გამოირჩევა სოფელი ნაკრა სვანეთის სხვა მნიშვნელოვანი სოფლებისგან?

პირველ რიგში ნაკრაში მოიპოვება (მჟავე წყლები) – ის რაოდენობა, რომელიც სვანეთის არც ერთ სხვა სოფელში არ დაგხვდებათ. ნაკრაში ასევე არის ისტორიულ ძეგლების დიდი რაოდენობა, რაც მას გამოყოფს დანარჩენი სოფლებისგან. აქ შეგხვდებათ საინტერესო სანახაობები და ტურისტული ობიექტები, რომელიც ტურსტების მხრიდან მოთხოვნადი გახლავთ: მყინვარები, ტბები, ჩანჩქერები, სხვადასხვა სახის ძეგლები, რომლებიც საუკუნეებს ითვლის და დიდ ისტორიას ინახავს.

  1. რამდენი საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს ამ ეტაპზე სოფელში და რა სერვისებს/პროდუქტებს სთავაზობენ მომხმარებელს?

ნაკრაში ამ ეტაპზე რვა სასტუმროა. აქედან მცირე ნაწილი მშენებარეა. სასტუმროები უზრუნველყოფენ 3-ჯერად კვებას. ჩვენს სასტუმროებში მომსახურება და ფასი ერთ დონეზეა.

  1. რა დამატებითი აქტივობებით დაკავდებიან ტურისტები სოფელ ნაკრაში?

ტურისტებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა აქტივობა აირჩიონ: საცალფეხო ლაშქრობა სასურველი ობიექტის მიმართულებით, ცხენ-ტური, მანქანის-ტური სხვა…

  1. გვამბეთ მეტი ს.ნაკრას გასაოცარი  ადგილმდებარეობის და მასში შემავალ ისტორიული ნაგებობების შესახებ?

სოფელი ნაკრა არის ალპური ზონა. ნაკრაში სულ 12 საბანაკე მთა და 4 ნაკრას მაცხოვრებელთა ნაწინაპრალი სოფლები დაგხვდებათ. ესენია: უთვირი, ჟანვრაჭალა, ლათაში, ლაგირი, ლეჭმოვ, თავრანი, ლასხრაში, ლედეშვდ, ლეირაყი, ცალერი, ჯუხლანი და სხვა… აქედან მინდა ხაზი გავუსვა (უთვირს) უთვირი – ნაკრას საუკეთესო მთაა და მე ვფიქრობ საუკეთესო საბანაკე ადგილიც! ამ მთიდან წარმოუდგენლად ლამაზი ხედები იშლება! ფაქტიურად უთვირის მთა მთელს სვანეთს გადაჰყურებს ზემოდან. მე პირადად ვთვლი, რომ უთვირის მთას დიდი პერსპექტივა აქვს ტურისტული თვალსაზრისით. ამ მთაზე შეგვიძლია ჩავდგათ კოტეჯები, შევქმნათ სხვადასხვა პირობაა ტურისტებისთვის… ამ შემთხვევაში ვფიქრობ საქართველოს მაშტაბით საუკეთესო კურორტი იქნება უთვირი. უთვირის მთიდან რამოდენიმე კილომეტრში ვნახავთ ლთნარის ტბას. ტბა ზღვის დონიდან 2620 მეტრზე მდებარეობს, ფართობითაც საკმაოდ დიდი ფართობს მოიცავს 10,160 კმ. მეტრი. ნაკრას თემში ძეგლების დიდი რაოდენობაა, აქედან რამოდენიმეს მოგიყვანთ მაგალითად: ნაწირაპრალ სოფ. თავრალში „წმინდა გიორგის ეკლესია“, კიჩხიდაშის – წმინდა გიორგის ეკლესია „ჯგრაგ. ჟიბრეშია“, ცალერის – ღვთაების ეკლესია. შალიკო ვიბლიანის სვანირი. ეს ძეგლებიმხოლოდ მცირე ჩამონათვალია, ყველას რომ ჩამოვყვეთ დიდ დროს მოითხოვს.

სოფელში ასევე გვაქვს უჩვეულოდ ლამაზი და სანახაობრვი ჩანჩქერი – „ლერყია-მანჩხაფ“. ჩანჩქერი სოფლის ცენტრიდან 12 კილომეტრის სავალ გზაზეა. ჩანჩქერს კიბისებრი ფორმა აქვს  და შედგება 5 საფეხურისგან. მისი საერთო სიმაღლე 150 მეტრია. ეს ჩანჩქერი ნამდვილად გამოიწვევს თქვენში დადებით ემოციებს.

  1. სპორტის რომელი სახეობის განვითარების პოტენციალი აქვს სოფელს?

ნაკრას თემში სპორტის განვითარების სახეობებია: ფრენბურთი, ძიუდო, მკლავჭიდი, კრივი …

  1. გვიამბეთ მეტი სოფელი ნაკრასა და ჭუბერის ტურისტული პოტენციალის შესახებ

სოფ. ნაკრასა და ჭუბერში არის კეთილმოწყობილი საოჯახო სასტუმროები, ასევე არის საცალფეხო ბილიკი ჭუბერიდან ნაკრის მიმართულებით. ორივე სოფელს დიდი პოტენციალი აქვს ტურისტულ სფეროში!

  1. რა სირთულეების წინაშე დგას დღეს სოფელი ნაკრა?

ამ შემთხვევაში ნაკრას უმთავრეს პრობლემას სოფლის არა ცნობადობაში ვხედავ! სოფლის მოსახლეობა ცდილობს, რომ ყველა პირობა შექმნას ტურისტისთვის, თუმცა ამაოდ, შრომის ფასი ჯერ არ ჩანს! ერთეულები თუ ჩამოდიან ნაკრაში სალაშქროდ და დასასვენებლად. სამწუხაროდ ეს ყოველივე იმის დამსახურებაა, რომ სვანეთის პოპულარიზაცია ემსახურება მხოლოდ მესტიას, უშგულს, ჰაწვალს და თეთნულდს. შესაბამისად ჩუბეხევი ჩრდილში ექცევა.

  1. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს აღნიშნული პრობლემის გამოსასწორებლად?

პრობლემის გადასაწყვეტად მოსახლეობას სტიმული უნდა მივცეთ, თუნდაც ჩამოვყვანოთ გადამღები ჯგუფი, რომლებიც მოამზადებენ სიუჟეტს ნაკრასა და მის ტურისტულ პოტენციალზე. ამ ეტაპზე ნაკრას ტურისტული განვითარებისთვის უმთავრესია პოპულარიზაცია! ნაკრის ცნობადობისთვის მუშაობა დავიწყეთ მე და ზურა ქალდანმა, თუმცა გვჭირდება ხელის შეწყობა. ჩვენ გავხსენით გვერდი – „აღმოაჩინე სვანეთი. მოდი ნაკრაში.” “Discover Svaneti. Come up to Nakra”

 

  1. და ბოლოს რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება ჩაერთოს სახელმწიფო ტურიზმის განვითარების პროცესში?

სახელმწიფოს ყველაფერი შეუძლია. ამ სოფელს გაუკეთოს თუნდაც ის, რომ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს მცირედი თანხით დაეხმარონ, რომ გაამრავალფეროვნონ გათავსების ობიექტები, შექმნან სიახლეები ტურიზმის სფეროში. შეუძლიათ, როგორც აღვნიშნე სოფლის წინა ფლანგზე წამოწევა, ანუ ნაკრას პოპულარიზაცია პირველ რიგში, შემდგომ ყველაფერი დალაგდება. სოფელი თუ დამალული იქნება ვინ ჩამოვა აქ? არც არავინ. და რა აზრი ექნება აქ რაიმე ტურისტული პირობის შექმნას? არაფერი. ამიტომაც სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ ნაკრა გაასაჯაროვოს. ხელი შეგვიწყოს, რომ საუკუნოვანი ძეგლები აღვადგინოთ, რომლებიც ფაქტიურად უყურადღებოდაა მიტოვებული, რადგან ადგილობრივები ამ ყველაფერს ფინაანსურად ვერ წვდებიან.

 

სტატიის ავტორი: სალომე აბრახამია

 

Tags: