გაიცანით ძმები ხაშურიდან, რომლებმაც ოჯახური ტრადიცია შემოსავლის წყაროდ აქციეს

  • Home
  • ინტერვიუები
  • გაიცანით ძმები ხაშურიდან, რომლებმაც ოჯახური ტრადიცია შემოსავლის წყაროდ აქციეს

არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში იწყებ ბიზნესს ან რაიმე ტიპის საქმიანობას, რადგან ყველა საქმისთვის მოტივაცია, სტიმული, მონდომება და რაც მთავარია მიზანია საჭირო. მიზნის დასახვა გვეხმარება, ყველა წინააღმდეგობისა თუ სირთულის გადალახვაში - ტყუპები

სტატიაში თქვენ გაცნობთ ახალგაზრდა მეღვინეებს, რომლებიც არ შეუშინდნენ სირთულეებს და გადაწყვიტეს ოჯახური ტრადიცია შემოსავლის წყაროდ ექციიათ. ძმებმა ლილუაშვილებმა მიუხედავად მწირი ცოდნისა აქტიურად დაიწყეს აღნიშნული სფეროს შესწავლა, იმისთვის რომ მიზნად ქცეული ოცნება რეალობად ექციათ, მათ დიდი შრომითა და მუშაობით ამ ყოველივეს მიაღწიეს. იცნობდეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ცდილობენ მცირე წვლილი შეიტანონ საქართველოში ტურიზმის განვითარებაში.

  1. მოგვიყევით თქვენს შესახებ (სახელი, გვარი)

ალბერტო და გიორგი ლალუაშვილები (აბიტურინეტები). ოჯახში ვართ ოთხი დედმამიშვილი, სამი ძმა და ერთი პატარა და. უფროსი ძმა არის მუსიკოსი, ამჟამად სწავლობს კონსერვატორიაში მესამე კურსზე. მამა ზვიად ლალუაშვილი – აქვს საკუთარი ბიზნესი, დედა კი დიასახლისი. ამჟამად ვცხოვრობთ ქალაქ ხაშურში. ხაშურთან ახლოს გვაქვს სოფელი – ბეკამი. სწორედ აღნიშნულ სოფელში გვაქს მიეღვინეობა და მარანი, შესაბამისად უფრო მეტ დროს სოფელში ვატარებთ, რადგან ვენახშიც და მარანშიც სულ საქმეა… როცა ვენახში ვართ იქაურობას ვერ ვტოვებთ და თითქოს სულის მოთხოვნილებაა, რომ სულ იქ გვინდა ყოფნა.

ღვინის და ვაზის სიყვარული ყოველთვის იყო ჩვენს ოჯახში, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ბაბუა ფლობდა ვენახებს. აღნიშნული ვენახები დღემდე უნიკალურია ძველი და საინტერესო ვაზის ჯიშებით. ჩვენი ოჯახი ყოველთვის აყენებდა ღვინოს. ჩვენში დაგროვილმა ამ ისტორიამ და ღვინისადმი სიყვარულმა გადაგვადგმევინა ნაბიჯები ახალი საქმისკენ, რასაც საკუთარი მეღვინეობა ჰქვია.

  1. რამ განაპირობა თქვენი მეღვინეობით დაინტერესება? მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობთ

(ალბერტო) დავიწყებ იქიდან, რომ საქართველო ვაზის სამშობლოა და აქ არის უამრავი ჯიში. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი დღესდღეობით გადაშენების პირას მყოფია, რომელიც აღდგენას საჭიროებს. ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ღვინის დაყენება, ეს კი აღმაფრთოვანებელი იყო ჩვენთვის.

  1. აქვს თუ არა თქვენს ოჯახს ღვინის დაყენების რაიმე ტრადიცია ?

(ალბერტო) დავიწყებ იმით, რომ დაყენების ტექნოლოგია არის უფრო ხელწერა. აღსანიშნავია, რომ რამდენი მარანიც არსებობს, იმდენი დაყენების მეთოდია. ჩვენ ყოველთვის განსხვავებულად ვუყურებთ ზოგადად ღვინოსა და მის დაყენებას. ჩვენი ღვინით დაინტერესება სწორედ ოჯახმა და ოჯახის მრავალწლიანმა გამოცდილებამ, საქმიანობამ განაპირობა. გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი გაგვეგო ამ სფეროს შესახებ, მოგვეპოვებინა სიახლეები, რითიც განვავითარებდით ჩვენს საქმეს. ეს კი უფრო მეტად დაგვეხმარებოდა ღვინის დაყენებასა თუ მის რეალიზებაში. ამრიგად, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ეს საქმიანობა განგვეხილა ბიზნესის თვალსაზრისით. დაახლოებით 2 წელია, რაც ვაყენებთ ალუბლის ღვინოსაც. ბევრის თვალში ამ იდეამ გაკვირვება გამოიწვია. ეს უცხოა ქართული ბაზრისთვის, რაც ვთვლი, რომ გამოგვარჩევს.

  1. მოგვიყევით თქვენი წამოწყების შესახებ.

(გიორგი) ის ახალგაზრდული ენთუზიაზმი, რაც ჩვენ გაგვაჩნდა ღვინისადმი, გვინდოდა ბევრისთვის გაგვეზარებინა. ვგულისხმობ, იმ ამაღელვებელ მომენტებს მეღვინეობაში, რასაც ჰქვია – ვაზის დარგვა, ვენახის გასხვლა, გაფურჩქვნა, რთველი, ყუძნის დაწურვა, დაღვინება და ბოლოს ღვინის შენახვა და დაგემოვნება, ყველაფერი ის, რაც ჩვენში დიდ აღფრთოვანებას იწვევდა. როდესაც გადავწყვიტეთ საკუთარი ღვინის გაკეთება, საწყის ეტაპზე ბევრი იდეა განვიხილეთ თუ რას დავარქმევდით ჩვენს წარმოებულ ღვინოს, საბოლოოდ კი ჩვენი არჩევანი შეჩერდა სახელ – ,,ლალუაზე.“ ინსპირაცია ჩვენი გვარიდან ავიღეთ. ჩვენ გვსურს მთელ მსოფლიოს გავაცნოთ არა მარტო ჩენი გვარი, არამედ ჩვენი სოფელი ბეკამი.

  1. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ მხოლოდ სკოლის მოსწავლეები ხართ, გაიარეთ თუ არა რაიმე კურსი მეღვინეობასთან დაკავშირებით ?

(გიორგი)  სიმართლე გითხრათ, მე და ჩემს ძმას არანაირი კურსი და არც რაიმე პრაქტიკა არ გაგვივლია მეღვინეობასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ოჯახიდან გამომდინარე გვაქვს არსებული ცოდნა, მაგრამ ეს არაფერია იმ ცოდნასთან შედარებით, რაც ამ სფეროში არსებობს. გვინდა, რომ მომავალში უფრო და უფრო გავიღრმაოთ ცოდნა. იქიდან გამომდინარე, რომ დამწყებები ვართ მომავლის პერსპექტივისთვის გვინდა უფრო მეტი ცოდნა მივიღოთ, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით. ის ცოდნა კი, რაც ახლა გვაქვს შეიძლება ითქვას, რომ ზღვაში წვეთია.

  1. რომელი ძირითადი პიროვნული თვისებები დაგეხმარათ საქმის წარმატებით შესრულებაში ?

(ალბერტო) ზოგადად  ვიტყვი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში იწყებ ბიზნესს ან რაიმე ტიპის საქმიანობას, რადგან აბსოლუტურად ყველა საქმისთვის მოტივაცია, სტიმული, მონდომება და რაც მთავარია მიზანია საჭირო. მიზნის დასახვა გვეხმარება, ყველა წინააღმდეგობისა თუ სირთულის გადალახვაში. მაგალითად ჩვენს შემთხვევაში, მოგვწონს, გვიყვარს ეს ფერო. ამიტომაც წარმატების მისაღწევად და თავის დასამკვიდრებლად დაუღალავად ვშრომობთ, მუდმივად ვეცნობით სიახლეებს ამ სფეროში, ვნახულობთ ადამიანებს, რომლებმაც ამ სფეროში წარმატებას მიაღწიეს… ამრიგად, ჩვენ სწორედ მიზანი, მოტივაცია და დაუღალავი შრომა გვეხმარება საქმის წარმატებით მიღწევაში.

  1. რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ წარმატების მიღწევის გზაზე ?

(ალბერტო) ამ ეტაპამდე, სირთულეები ძალიან ბევრი იყო თქო, მოგატყუებთ. მაგრამ ნამდვილად რთულია მოიძიო და გქონდეს იმდენად დიდი სახსარი, რომ მეღვინეობას დაარქვა კონკრეტული სახელი. დღეს, ძირითადად ყველა ოჯახშია ღვინო, რომლებიც მცირე მეწარმეები არიან, მაგრამ რეალიზება და ბაზარზე დამკვიდრება დიდ ფინანსებთან და რესურსებთანაა დაკავშირებული.

  1. მუშაობთ თუ არა ტურისტულ სეგმენტზე ?

რასაკვირველია, ვმუშაობთ. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ღვინო დიდ ყურადღებას იქცევს ტურისტებში. ამას განაპირობებს ის, რომ ქართულ ღვინოს აქვს სპეციფიკური გემო. ეს იმის დამსახურებაა, რომ საქართველოში გვაქვს 525 ვაზის ენდემური ჯიში, რაც გამოგვარჩევს მსოფლიო ღვინისგან. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვიყენებთ ამ შესაძლებლობას.

9. რა რაოდენობის ღვინოს აყენებთ ყოველ წლიურად ?

ჩვენ გვაქვს ჩვენი ვენახები, სადაც ძირითადად გაშენებულია ქართლის წითელი და თეთრი ჯიშები, ასევე  სხვადასხვა კუთხის ჯიშებსაც ვყიდულობთ. ეს კარგია, რომ ვაკვირდებით სხვადასხვა კუთხეს. დაახლოებით 2500–ზე მეტი ბოთლი გამოვიდა 2018 წლის მოსავლიდან. გვსურ ეს რიცხვი მომავალში უფრო გავზარდოთ.

  1. პირველად სად მოახდინეთ ღვინის რეალიზება ?

(ალბერტო) როგორც ასეთი რეალიზება ჯერ-ჯერობით არ დაგვიწყია, მაგრამ  მიგვიღია ბევრ ფესტივალშო მონაწილეობა, სადაც წარმოვადგინეთ ჩვენი ღვინო. გვინდა რომ ჩვენი ღვინო საზღვარგარეთის ბაზარზე აღმოჩნდეს და თავი დაიმკვიდროს.

  1. იქიდან გამომდინარე, რომ ბოთლის შეფუთვა დიდ ყურადღებას იქცევს, აპირებთ თუ არა რეკლამის გამოყენებას ?

(გიორგი) ვთვლი, რომ აბსოლუტურად ყველა სახეობის პროდუქტს სჭირდება რეკლამა. ამ შემთხვევაში არც ღვინოა გამონაკლისი. ღვინისთვის კარგი რეკლამა პირდაპირ დაკავშირებულია იმასთან, რომ შენს მარანს ჰქონდეს კარგი რეპუტაცია და რაც მთავარია შენი პროდუქტი კარგად გამოიყურებოდეს (დადებით ემოციებს იწვევდეს) ადამიანთა / მომხმარებელთა თვალში.

  1. აპირებთ თუ არა სამომავლოდ თქვენი პროდუქტის ექსპორტზე გატანას ?

(გიორგი) რა თქმა უნდა ვაპირებთ. ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო გამზადებული გვაქვს რეალიზებისთვის. ეს ძირითადად შეადგენს სხვადასხვა ჯიშის ღვინის ლიმიტირებულ გამოცემას. იმისთვის, რომ ქართულმა ბაზარმა აითვისოს, საჭიროა ცნობიერების ამაღლება, თუნდაც ბევრი ღვინის ბარის არსებობა, რადგან შენი პროდუქტი შესთავაზო და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ღვინის ის რაოდენობა, რაც ჩვენ გაგვაჩნია საერთაშორისო ბაზრისთვის ცოტაა, რადგან იგი უფრო მეტს მოითხოვს. ამიტომაც ვაპირებთ, უფრო მეტი ღვინის ჩამოსხმასა და პირდაპირ ევროპაში ექსპორტზე გატანას.

  1. და ბოლოს რას ურჩევდით დამწყებ მეღვინეებს ?

(ალბერტო) ვეტყოდი იმას, რომ  პირველ რიგში, მეც დამწყები ვარ ამ სფეროში. მათ უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების, რაც მთავარია დარწმუნებულები იყვნენ საკუთარი მიზნების სისწორეში. ჩემთვის უპირატესს წარმოადგენს ის, რომ გვქონდეს კარგი ღვინო, მაღალი ხარისხის, კარგი რეპუტაცია, რეკლამა, სლოგანი. ვთვლი, რომ ღვინო ადამიანის მეორე მოსაუბრეა და ასახავს პიროვნების სულიერებას. ასევე, ვურჩევდი იმას, რომ გააკეთონ აქცენტი ხარისხზე, და არ შეუშინდნენ სიახლეებს – ექსპერიმენტებს. ვთვლი, რომ ახალი გემოთი და ექსპერიმენტების მეშვეობით შევძლებთ მსოფლიო ბაზარზე გასვლას და ჩვენი ღვინით დაინტერესებას.

 

ავტორი: სოფო ქორთიაშვილი

Tags: