ეროვნული სატყეო სააგენტოს მიზნები და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები

  • Home
  • მთავარი
  • ეროვნული სატყეო სააგენტოს მიზნები და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები

ტყეების მოვლა – აღდგენა – ტყეებში ეკოლოგიური წონასწორობის, ტყეების სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მდგრადი და მაღალ პროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, ტყით სარგებლობის შესაძლებლობის გაზრდის, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო, ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს. ტყის აღდგენა ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლია, რომლის მიზანი გამეჩხერებული, დეგრადირებული, აგრეთვე ნახანძრალი და სხვა მიზეზებით განადგურებული ტყით დაფარული ან დაუფარავი ფართობების აღდგენა და გაშენებაა. ყოველწლიურად, დაგეგმილია არანაკლებ 150 ჰა ფართობზე ტყის გაშენება და დამატებით ტერიტორიებზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა.

ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება – ტყის ინვენტარიზაციის შედეგად მზადდება ტყის მართვის 10 წლიანი გეგმა. ინვენტარიზაციის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია საჭიროა ტყის მდგრადი მართვის დაგეგმისთვის, რომელიც თავის მხრივ ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ტყეების ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით, მათი ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.

ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, მავნებელ – დაავადებებთან ბრძოლა და სანიტარული ჭრა – სანიტარული ჭრის დანიშნულებაა დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღება. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება მავნებელ-დაავადებების გავრცელებას განაპირობებს. სანიტარული ჭრის ჩატარების შემდეგ, სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ, ტყის აღდგენის ღონისძიებები ხორციელდება.

ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები – ეროვნულ სატყეო სააგენტო ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციის უზრუნველსაყოფ ღონისძიებებს ახორციელებს.

სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა – რეაბილიტაცია – ხელს უწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. შედეგად, ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა უმჯობესდება.

მრავალმიზნობრივი, ორგანიზებული ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის ზრდა – ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სააგენტო, მოსახლეობისთვის ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, ორგანიზებულად განახორციელებს დამზადებული ხე-ტყის დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოში“. 2020 წელს, საქართველოს 26 მუნიციპალიტეტში მოეწყობა „საქმიანი ეზო”, შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს გაუადვილდება ხე-ტყის შეძენა და ტრანსპორტირება, რაც ტყის მდგრად მართვასთან ერთად, სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს ზრდის.

ტყის რეკრეაციული ფუნქციური დანიშნულებით გამოყენება, ეკოტურიზმის განვითარება და არამერქნული რესურსებით სარგებლობის სისტემის დანერგვა – სააგენტო აქტიურად მუშაობს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ყველა რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკო-ტურიზმის განვითარებას.

სატყეო სექტორში ერთ – ერთ მთავარ გამოწვევად რჩება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადება – დარგის განვითარება დამოკიდებულია ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებზე. შესაბამისად, სატყეო საქმის სპეციალისტების გადამზადება და მათი ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმება, გასული წლის მსგავსად წელსაც, სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გაზეთი “ჩვენი სოფელი”

Tags: