ეძიე თავი შენი

თვითმფრინავის სავარძელში მოკალათებულს, ჯერ კიდევ ვერ გამერკვია სიზმარი იყო თუ რეალობა, პარალელური სამყაროდან, სადაც მე ვიყავი, ჩემი ცხოვრების ზოგიერთი დეტალით, ისე, თითქოს ვიღაცას გადაეტანა თეატრის დეკორაციასავით და ის, გამხდარი და ფერმკრთალი, ჩაცვენილი უპეებით. თვალები? თვალები არ მახსოვს. იქნებ თაფლისფერი ჰქონდა, ან იქნებ მწვანე…

მიუნხენში ჩაფრენამდე ვცდილობდი მისი თვალის ფერის გამოცნობას, მაგრამ ამაოდ. ისე აღმოვჩნდი პალმა დე მალიორკას თვითმფრინავში, ვერავის დავუკავშირე ჩემი სიზმრის ობიექტი და ახლა შინაარსზე გადავიტანე ყურადღება:

მოვიდა და ჩამეხუტა(იმ წამს შეჩერდა სამყაროს ჩემეული აღქმა და ახალმა სამყარომ დაიწყო ათვლა, სადაც სითბოსა და სიყვარულის უშრეტი წყარო იყო) ისე გულწრფელად, რომ ვიგრძენი როგორ ივსებოდა ჩემი გული არაამქვეყნიური გრძნობის სასიამოვნო ტალღით და როგორ მიუყვებოდა სხეულის ყველა უჯრედს არტერიების, სისხლძარღვებისა და კაპილარების გავლით. ასე მოძრაობდა წრიულად, ჩემიდან მასში და ისევ ჩემში. ეს უშრეტი ენერგია, მეგონა ვულკანივით ამოაფრქვევდა ჩემი თავის ქალიდან, მაგრამ კადრი გაწყდა ისე, რომ ამ ენერგიას იტევდა ჩემი სხეული და სული. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი ფიქრებიც კადრთან ერთად შემეწყვიტა და თვითფრინავიდანვე დავმტკბარიყავი მალიორკის შესანიშნავი ხედით. იმ მომენტიდან, საკუთარ თავს პირობა მივეცი არაფერზე მეფიქრა, გარდა კუნძულისა, სადაც, თურმე, ბედნიერება თვითონ გეძებს.

აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, ისეთი ტაქსისტი შემხვდა, ძალიან საყვარელი კაცი მარკოსი, რომელმაც თურმე შესანიშნავად იცოდა სიმღერა და სასტუმროში მისვლამდე,  “კარაოკე ფართი” მოვაწყეთ ქრის ქაბის სიმღერაზე “Paradise on Earth”. (ვისაც ეს კუნძული გინახავთ, დამეთანხმებით ალბათ, აქ სამოთხეა, დედამიწაზე:))

სასტუმროში მისულს, ერთი სული მქონდა სანპიროზე გავსულიყავი, მაგრამ საწოლის კომფორტულობის შემოწმების ჟამს ჩამეძინა და ჩემი სანატრელი ოქროს ქვიშა პირველად მზის ჩასვლისას ვნახე. ამაშიც გამიმართლა: ჩემ ფეხებქვეშ ნაზად ელივლივებოდნენ ზღვის ტალღები სანაპიროს. ჰორიზონტზე კი, მზე ანათებდა ნარინჯისფრად. ასე მძაფრად არასდროს მიგვრძნია ბუნების სილამაზე.

 

სამოგზაუროდ ისე წავედი, წინასწარ არაფერი დამიგეგმავს. ამ გადაწყვეტილებას სტიმულს ჰმატებდა კუნძულზე გატარებული ყოველი დღე.  აქ შეგეძლო ყოფილიყავი ფერადიც და სადაც, მხიარულიც  და  ნაღვნლიანიც, მშვიდიც და აღტკინებულიც… ყველაზე ჰაეროვანი, ან კიდევ მიწიერი. ეს კუნძული ყველა სიკეთეს მაწვდიდა, რაც კი შეიძლება ინატროს ადამიანმა დასვენების ჟამს. ირგვლივ ყველაფერი ჰარმონიული იყო და ამ ჰარმონიას მე და კუნძული ვქმნიდით.

 

რამდენიმე ფერადი დღის გატარებისა და მშვიდი დროსტარების შემდეგ, ბარსელონას მონახულებაც გადავწყვიტე. ტურისთვის მხოლოდ დღე ნახევარი მქონდა დარჩენილი და ჩემი არჩევანი სამ ობიექტზე შევაჩერე, რომელზეც ქვევით მოგიყვებით.

 

 

გზააბნეულ ტურისტს ბევრი ბოდიალი მომიწია ქუჩებში. თუმცა ესეც ჩემ სასარგებლოდ მოხდა ალბათ, რადგან ქალაქის სტილზე წარმოდგენა შემექმნა: მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურასა და სუფთა ქუჩებზე რომ არაფერი ვთქვა, ჩემთვის შთამბეჭდავი იყო გოთური სტილისა და თანამედროვეობის ძალიან დახვეწილი სინთეზი.

 

      

 

ტური La Sagrada Familia-თი დავიწყე.

 გამოგიტყდებით, არასდროს მხიბლავდა მსგავსი სახის უზარმაზარი ეკლესიები, მაგრამ რაც აქ ვნახე, მთლიანად შეცვალა ჩემი წარმოდგენა ამ საკითხზე.

შორიდან შევავლე თვალი. ამაყად დაგვცქეროდა ჩვენ, ადამიანებს, ვინც იქ შეღწევას ვცდილობდით.
“ნეტავ თუ ხედავს ანტონიო გაუდი ასობით ტურისტის რიგს, ვისაც მისი შემოქმედება აინტერესებს. რომ შეეხედა რას იფიქრებდა? ალბათ სიამაყით   გაიზრდებოდა და საგრადას უმაღლეს მწვერვალს დაიპყრობდა. თუმცა, მას უკვე დაპყრობილი აქვს”,–გავიფიქრე და ჩემი 15 ევროანი ბილეთით   შესასვლელისკენ გავემართე(ბილეთი ონლაინ შევიძინე, გიდის გარეშე. იმდენი ინგლისური არ ვიცოდი, რომ ყველა დეტალი სრულყოფილად მომესმინა,   დანარჩენს კი ჩემითაც გავართმევდი თავს).

ეს საგრადა ფამილიას ფასადია, დიდებული და თვალუწვდენელი. რამდენადაც ღრმად შედიხარ ტაძარში, აღფრთოვანება იმდენად გიმძაფრდება:
ზედა ნაწილში, ღია ფრად შეღებილი მინებიდან გადმოღვრილი სინათლე ოქროსფრად ანათებდა მოზაიკებს, ხოლო ქვედა ნაწილში ოდნავ მუქ ფერებში   მოხატული მინებიდან ცეცხლისფერი სითბო იღვრებოდა.
როგორც შემდეგ გავიგე, მინების განლაგება და დიზაინი ისეა გაწყობილი, რომ წელიწადის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ამინდში, განსხვავებულ ფერთა   გამას ნახავს მნახველი. არ ვიცი, რამდენად გამიმართლა, მაგრამ როდესაც მე ვიყავი, საოცრება იყო. ეს იყო ივნისში.

 

ნათელი და მუქი ფერების სინთეზი, მომაჯადოებელ ატმოსფეროს ქმნიდა და მეც ასეთი მოჯადოებული დავაბიჯებდი დარბაზიდან დარბაზში, ვუყურებდი სვეტებს, თავისი ხაზებით და ჩემ ცხოვრებასთან პარალელს ვავლებდი: კიდევ რამდენი აღმართი მქონდა ასავლელი. ერთ სვეტს რომ რამდენჯერმე შემოვუარე და მისი ხაზების საწყისი და საბოლოო წერტილი ვერ დავუკავშირე ერთმანეთს, მივხვდი, უსასრულო იყო აღმართებიც და დაღმართებიც, ისევე როგორც ეს ტაძარი, მასში გამოსახული მნიშნებებითა და საიდუმლოებებით. უსასრულო იქნებოდა გაუდისთვისაც ალბათ, რადგან ერთ მინიშნებას იმდენი ახსნა აქვს, რამდენი ადამიანიც ეცდება მის ამოხსნას. ამიტომ თავი აღარ ვიმტვრიე ამაზე ფიქრით და დავტკბი იმ სილამაზით, რაც იქ ვნახე.

ეს ტაძარი ჩემ ცნობიერებაში აღიბეჭდა უსასრულობის განცდით და მე მას უსასრულობა დავარქვი.

შემდეგი გაჩერება: Cathedral Of Barselona


მასთან მიახლოებისას, უსასრულობის განცდა, რაღაც ამოუცნობმა, უსიამოვნო გრნობამ ჩაანაცვლა. საკმაოდ ცივად შემხვდა და მიუხედავად მცხუნვარე ამინდისა, შესვლისთანავე შემაჟრჟოლა.

ერთ წამს კინაღამ გამოვბრუნდი, მაგრამ მერე მივყევი ბედს და აქაც აღმოვაჩინე ადამიანის ხელით შექმნილი საოცრებები, ჩვენსავე ცხოვრებას რომ უკავშირდება. ამ ტაძარს მე სიცოცხლე დავარქვი, სადაც არჩევანი ჩვენზეა, ცხოვრების რომელ სიკეთეებს დავინახავთ და რას უკუვაგდებთ. მიუხადევად მკაცრი შეხედულებისა, იქ ყოფნიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, გოთურ სტილში მოჩუქურთმებული საოცარი მოზაიკები და ფერადად მოხატული მინები დავინახე, რომელთაგან საოცარი სითბო იღვრებოდა.

 

ბოლო გაჩერება: Tibidabo

ეკლესია ტიბიდაბოს მთაზე მდებარეობს. შიგნით შესვლისას სიმყუდროვე ვიგრძენი. ერთმანეთში არეული საკმევლისა და სანთლის ნამწვის სუნი, ისეთი მშობლიური იყო, რომ ლოცვა მომინდა. პირდაპირ საკურთხევლისკენ გავემართე და იქ ჩემი სიზმარი შემომეგება: გამხდარი და ფერმკრთალი, ჩაცვენილი უპეებით. მოოქროსფერო, ხვეული მხრებამდე თმითა და სწორი, პატარა ცხვირით. „ამიტომაც არ მახსოვდა თვალები, არც აქ აღიქმება“, –გავიფიქრე ჩემთვის.
მეგონა სიზმრის გაგრძელება იყო და რამდენიმე წუთს ვმედიტირებდი, რომ იქ დავბრუნებულიყავი, სადაც გავწყვიტე სიზმარი. ბოლოს მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი სიზმრის გაგრძელება და ჩემმა ქვეცნობიერმა წინასწარ განსაზღვრა ჩემი მარშრუტი. ან იქნებ, პირიქით, ამ სიზმარმა გამოიწვია ჩემი აქ ყოფნა.
ან სულაც ილუზიაა ეს ყველაფერი,ის რაც ახლა ხდება და ის რაც სიზმარში ხდებოდა. ვინ იცის? როგორც ზევით აღვნიშნე, იმდენი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს, რამდენი ადამიანიც დაინტერესდება ამ ამბით და კიდევ უფრო მეტიც.
თუმცა, მე მჯერა, რომ ჭეშმარიტება ერთია, ჩემი თვალით იქნება ის დანახული, თუ სხვისით. და ამ ჭეშმარიტებამდე მისასვლელი გზა ჩვენ თავშივე ქმნის უსასრულო ლაბირინთებს, რომელსაც უნდა მიჰყვე ბოლომდე.

ბოლო გაჩერებამ, შთმაგონა, რომ მოგზაურობაა ერთ–ერთი, რომელიც შენ თავს გაპოვნინებს და ისეთ ენერგიას შეგმატებს, ზევით რომ გესაუბრეთ. ამიტომ ამ ტაძარს “ეძიე თავი შენი” დავარქვი.

ტიბიდაბო ბოლო გაჩერება იყო ჩემი ესპანური ტურისთვის, მაგრამ ერთ–ერთი და მნიშვნელოვანი ჩემი სულის ხვეული ლაბირინთებისთვის.