დევის ტბა – ჩემთვის ახლად აღმოჩენილი სამოთხე

  • Home
  • ბლოგები
  • დევის ტბა – ჩემთვის ახლად აღმოჩენილი სამოთხე

დევის ტბისა და მისი მიდამოს მშვენიერების შესახებ გაგონილი მქონდა, მაინტერესებდა კიდეც სახელწოდების გამო, მაგრამ წყლის სიღრმისადმი შიში – ეს იყო ის, რის გამოც ტბა არასოდეს მხიბლავდა, მაგრამ ერთ დღეს სკოლაში, კლასის ხელმძღვანელის ინიციატივის გამჟღავნებისა და მეგობრების აღფრთოვანების შემდეგ დავგეგმეთ ლაშქრობა დევის ტბაზე. წყლის შიშს ტბის სახელწოდებისადმი შიშიც დაერთო, მაგრამ არ მინდოდა, მეგობრებს ჩამოვრჩენოდი და მეც დავთანხმდი, შევჭიდებოდი სალაშქრო გზასა და შიშის დაძლევას ერთად.

ლაშქრობა საქართველოს შუაგულიდან, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკიდან დავიწყეთ (სხვადასხვა კვლევებით დადასტურებულია რომ ეს სოფელი არის საქართველოს შუაგული). წინ გვქონდა ფეხით სავალი 3-საათიანი რთული მაგრამ მხიარულად გზა. ამ მარშრუტს იოლად ვერ შევეჭიდებოდით, რომ არა, ჩვენი თანაკლასელის ახლობელი, რომელიც კარგად იცნობდა ამ ბუნებას. სამი სოფლის გზა განვლეთ და დათქმულ ადგილზე შევხვდით ჩვენს გზამკვლევს, რომლის აღჭურვილობამაც მიიპყრო ჩვენი ყურადღება. წინ მიდიოდა ჩვენი გზამკვლევი.  რაც უფრო ვშორდებოდით დასახლებულ სოფლებს, მით უფრო გვაოცებდა ბუნება. შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ბუნებრივ ხალიჩაზე მივაბიჯებდით და ასე მეგონა, ფეხქვეშ სამეფო ჭრელა-ჭრულა ხალიჩებს გვიგებდნენ, თავზე კი ფოთოლთა გვირგვინი გვეფარებოდა. მხიარულ განწყობაზე გვაყენებდა ოთლებს ქვეშ თითქოსდა საგანგებოდ დამალული სოკოების პოვნაც. ამ საოცარი სანახების დათვაიერების შემდეგ თუ კიდევ რამე გამაოცებდა, არ მეგონა, მაგრამ მთავარი საოცრება თურმე ჯერ წინ გვქონდა.

დევის ტბა რაჭა-იმერეთის გზაგასაყარზე მდებარეობს და  ისეა ჩაწოლილ-ჩასაფრებული, რომ თითქოს არ უნდა, ეს სილამაზე ვინმეს დაუთმოს.არ ეთმობა, არც რაჭველებისთვის და არც იმერლებისთვის, მაგრამ ჩვენ დავძლიეთ ეს ვრცელი გზა და მოვტაცეთ დევს იმ სილამაზის ამსახველი ფოტოები, რომელიც ამ ტბის ირგვლივ გადავიღეთ. პირველი განცდა ტბის დანახვისას ასეთი იყო: თითქოს სამყარო ამობრუნდა, ცა ქვემოთ მოექცა და ხმელეთი ზემოდან დაჰყურებდა. ტბა ცისფერ სარკედ ქცეულიყო და ამ ზღაპრული ბუნების სილამაზეს ირეკლავდა. არ ვიცი, ტბის სახელწოდება საიდან მომდინარეობს, მაგრამ როდესაც მხიარულებით სავსე ჯგუფმა ტბის ნაპირზე ცეკვა და ხტუნვა დაიწყო, თითქოს ტბამ სახელი შემახსენა, მიწა ხტუნვის დროს ჯერ შეტოკდა, მერე აზანზარდა და თან საოცარ ხმას გამოსცემდა.ტბის სილამაზისგან იმდენად ვიყავი მოხიბლული, შიში აღარ გამხსენებია და მინდოდა, რაც შეიძლება მეტი ფოტო გადამეღო სამახსოვროდ.

ტბის პირს სანამ გავეყრებოდით, საინტერესო ამბავი მოვისმინეთ მის შესახებ ჩვენი მასწავლებლისგან: ტბის მიმდებარე ტერიტორიას და ტყის დიდ ნაწილს წვიმის სეზონის დაწყებისთანავე წყალი იკავებს და პირქუში,ძნელად მისასვლელი ხდება. ტბა მარტო ატმოსფერული ნალექებით საზრდოობს, ზაფხულზე და შემოდგომის პირველნახევარშია შესაძლებელი ამ მშვენიერების ნახვა, ჩვენ სწორედ რომ საჭირო დროს აღმოვჩნდით საჭირო ადგილას და მივიღეთ დაუვიწყარი სიამოვნება. ალბათ არც ის იყო გასაკვირი, რომ აკაკის სამშობლოში ამ ზღაპრული სილაზით აღტაცებული ჩემი გულიც უჩვეულოდ ამეტყველდა. თვითონაც მიკვირდა, როგორ დაიბადა ჩემ გულში პოეტური სტრიქონები:

ვიხილე ზეცა – არეკლილი ტბის ზედაპირზე,

წყალი ფერების სიკაშკაშეს როგორ ერწყმოდა

და რაჭისა და იმერეთის გზაგასაყართან

დევის ტბა – საზღვრის მოდარაჯე – რომ გაწოლილა.

 

ფუნჯმა ვერ შეძლო, დაეხატა ეს სილამაზე,

ღვთიურმა ფერთა შეხამებამ მე გამაოცა,

შევბედე სტრიქონს, დავეწაფე, ვით მწყურვალი წყალს,

რომ გადმომეცა ამ სამოთხის მშვენიერება.

 

მთებმა რამდენი საიდუმლო შემოინახა,

რამდენ საოცარ და უხილავ ადგილს გვიმალავს,

ჩემი სამშობლოს ჩემთვის უცნობ ამ სამოთხეში

ტბამ – ზეცა, ზეცამ – დედამიწა შეისისხლხორცა.

 

ამჟამად ამ ტბასთან ახლოს გაივლის რაჭა-იმერეთის დამაკავშირებელი გზატკეცილი, რაც საშუალებას მისცევს ბუნების მოყვარულებს იხილონ ეს საოცარი სიმშვენიერით სავსე ადგილი და მეც ვიმედოვნებ, განმეორებით მომეცემა საშუალება  მოვინახულო ეს ადგილები. მინდა რომ სხვასაც გავუზიარო შთაბაჭდილება დევის ტბის- ჩემთვის ახლად აღმოჩენილი სამოთხის შესახებ და თუ ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, სურვილი გაუჩნდებათ იხილონ რაჭა-იმერეთს შორის გაწოლილი დევის ტბა, მეც მათი თანამგზავრი ვიქნები.