“Check in Georgia”-ს ფარგლებში ანაკლიაში Echowaves ჩატარდება

  • 28/06/2018
  • Home
  • “Check in Georgia”-ს ფარგლებში ანაკლიაში Echowaves ჩატარდება

ანაკლიაში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Echowaves 23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება. ფესტივალთან დაკავშირებით ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მიწვეულ სტუმრებსა და მასმედიის წარმომადგენლებს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური და გასართობი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ოთხდღიან ფესტივალზე გაიხსნება ხუთი სცენა და მსმენელის წინაშე ჟანრობრივად განსხვავებული 150-მდე არტისტი წარდგება, მათ შორის არიან: Tricky, Solomun, Jonas Kopp, Function, Matthew Dekay, Kollektiv Turmstrasse, Juan Atkins feat, Dzijan Emin &Tbilisi state Conservatoire Orchestra, NU, Viken Arman, Dominik Eulberg, Henrik Schwarz, Sigha, Francois X, Antigone, Lucy, Sholmo. ასევე ქართველი არტისტები – გიო შენგელია, ბაჩო, Stimmhalt, თომა.

გარდა მუსიკალური ნაწილისა, ფესტივალი ასევე სპორტულ აქტივობებს, თეატრალურ, სახელოვნებო, სოციალურ და კულტურულ პროექტებს მოიცავს.

„ეს არის არა მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის ფესტივალი, არამედ მთელი ევროპისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს იმ კუთხით, რომ საქართველო ჰგავს იმ ადგილს, სადაც დიდი განძია დამალული, რომელიც უნდა აღმოაჩინონ, დაწყებული შესანიშნავი სამზარეულოთი, ასევე სტუმართმოყვარე ხალხით. ფესტივალის კეთება არის იდეალური საქმე იმისთვის, რომ ტურიზმის განვითარებას ხელი შევუწყოთ. ასეთი ფესტივალის ფარგლებში უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩამოდის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში. ჩვენ გვსურს, რომ ამ ფესტივალზე დასასწრებად არა მხოლოდ ახლო ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ ტურისტები, არამედ ისეთი შორეული კონტინენტიდანაც, როგორიც ავსტრალიაა“, – განაცხადა Anaklia Entertainment Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრანე კოსტადინოვმა.

Echowaves ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ფესტივალის EXIT-ის ქოლგის ქვეშ ტარდება, რომელიც 2000 წელს სტუდენტური მოძრაობის მიერ დაარსდა და ყოველწლიურად მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს მასპინძლობს. “EXIT”-ის ფესტივალი 2014 წლის „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ დასახელდა ევროპის ფესტივალების დაჯილოების მიერ. დაარსებიდან დღემდე Exit Festival-ის სცენაზე ისეთ არტისტებს დაუკრავთ, როგორებიც არიან: Depeche Mode, Guns N’ Roses, Massive Attack, Faithless, Arctic Monkeys, Jamiroquai, Portishead,Wu-Tang Clan, The Prodigy, Sex Pistols და სხვ.

Echowaves ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. Echowaves ანაკლიაში Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და მას Anaklia Entertainment Group სხვა ორგანიზატორებთან ერთად (collegium mondial travel agency, eastern European music management, exit festival) განახორციელებს.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია