ჩანაწერი დადუნას დღიურიდან

მთელი ღამე ვწერდი,შემდეგ  ჩამეძინა და როდესაც გავიღვიძე მომეჩვენა, ჩემი ბავშობის სახლში ვიყავი და დედა საუზმეს მიმზადებდა.შემდეგ წარმოსახვა გაქრა.  ჩავიცვი  ცისფერი კაბა,პალტო მოვიხურე და სანაპიროზე წავედი. ალბათ ის ადამიანი ვარ,რომელიც ზღვას ელაპარაკება ძალიან ბევრს და პასუხის მოლოდინში დროც თვალისდახამხამებაში ქრება.ის ადამიანი ვარ,რომელსაც ჯერ მხოლოდ გემების,თოლიების და სილურჯის იმედი  აქვს. ვსეირნობ სანაპიროზე,მაგრამ მეთევზეებთან საუბრის დაწყებას ვერ ვახერხებ.ვგრძნობ მათ თვალებში სიღრმეს,რომელიც მას შემდეგ შევამჩნიე ასეთ ადამიანებში,როდესაც მეც დავდიოდი მამასთან ერთად სათევზაოდ და ვფიქრობდით ბევრს, გაჭირვებაზე და ცხოვრებაზე,როდესაც ანკესს გადააგდებდა მამა შავი ზღვის მშფოთვარე ტალღებში  და ელოდებოდა.

ძალიან მომშივდა.სანაპიროზე თევზს წვავენ ადგილობრივები და ტურისტებს უმასპინძლდებიან.საოცარი მომენტია,როდესაც სამოგზაუროდ ხარ,სამყარო მზის სხივებით არის სავსე, თითქოს  გარშემო ყველა  იზიარებს შენს ბედნიერებას. ჩერდები,სადმე რომელიმე  ადგილას,თვალს მოავლებ სამყაროს და ფიქრობ,აი მე სად მოვედი,სად მომიყვანა ბედისწერამ და სავსე ხარ,სავსე ბედნიერებით. ეს არის წუთები,რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია შენში.წამით მშვიდდები,აღარ ხარ გაქცეული ადამიანი,აღარ ეძებ საკუთარ თავს, თითქოს იპოვე კიდეც….
ხამანწკებს ვყიდულობ და გემრიელად ვილუკმები,ეფესის ლუდს  მივირთმევ. მსიამოვნებს დღევანდელი დღე. თავს განსაკუთრებულად ვგრძნობ.სტამბოლში მზიანი და თბილი ამინდია.სამშობლო მენატრება ძალიან..ვგრძნობ,რომ შეცვლილი ვარ,სიოც სურნელოვანია თითქოს…ღმერთო რა უნდა ხდებოდეს ჩემს თავს? ნავებით ზღვაში გადიან ტურისტები.მე ვთხოვ თან გამიყოლონ,არ ესმით,მაგრამ მე მესმის თოლიების ხმა,მესმის მინარეთებზე შემომსხდარი ფრინველების ამბავი — ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებს თურმე!