ჩანაწერები მოგზაურის დღიურიდან

8 ივლისი

ჩემი ქმრის სოფელი მახათაურია. აქ მე არ მიცნობენ ჯერ.არც ხეებისთვის და მთებისთვის  მომიყოლია ჩემი ამბები. ყველაფრისთვის უცხო ვარ.  მთებმა ჯერ არ იციან,რომ დადუნა ვარ.  მიყვარს ფოთლები,ხეები და ადამიანები.

როდესაც ორი პატარა გყავს,რთულია განმარტოვდე და ჩაწერო  დღიურში  შენი განცდები და შთაბეჭდილებები,მაგრამ მე  ცხოვრებას,ყოველდღიურ საქმეებს ვპარავ წუთებს და წამებს და უბის წიგნაკში ვწერ ჩემს ამბებს.

ადამიანები აქ ყოველდღიური ამბებით ცხოვრობენ.უყვართ დილით ყავა და საღამოობით დამღლელი დღეების მიუხედავად მთვარეს უყურებენ. განსხავებულია ვარსკვლავებიც. ამაზე მერე გიამბობთ. ახლა ჩემი პატარა ტირის და უნდა გავიქცე.

9  ივლისი

პეპელა პეპელას მიჰყვება,ყვანჩალა ყვავს – სწორედ ამაშია სამყაროს არსი – იპოვო გულის სწორი და  იყო ბედნიერი.პატარა როდესაც ვიყავი ვაწარმოებდი დღიურს,რომელშიც ვწერდი: დღეს დედამ და მე ვისეირნეთ პარკში, ვჭამეთ ნაყინი და  ვიცინეთ ბევრი. ე.ი მე უბრალო სიტყვებით ვწერდი,რომ ბედნიერი ვიყავი -სამყაროსაც ეს უნდოდა ვყოფილიყავი ბედნიერი.ბავშვები ყოველთვის ბედნიერები არიან.ზაფხულობით ბევრ ლიმონათს ვსვამენ და იცინიან.მათთვის ზაფხულის დღეები ჯადოსნურ წუთებად იქცევა  გონებაში და ეს დღეები ემახსოვრებათ მთელი ცხოვრება.

დღეს დილით პატარას რომ ვასეირნებდი, ვფიქრობდი ქალებზე,რომლებიც სოფელში ცხოვრობენ.ვფიქრობ, არსად, ისეთი ჩაფიქრებული არ არიან ქალები,როგორც სოფლად.ბევრი საზრუნავი – ოჯახი,ვენახი,ეზო-კარი ყველაფერი მათ კისერზეა.უკავიათ ხელში  ბარი,თოხი,შრომობენ,შრომობენ და იშვიათად კითხულობენ..მე  ვინატრებდი,რომ მათ სევდიან ხელებში ხშირად ეჭიროთ წიგნი და კითხულობდნენ ბევრს,რადგან წიგნებში ყველაფერი წერია.დაღლილი,ნაჯაფი ქალები გაჰყურებენ გზას. უამრავი მოვალეობით აქვთ სავსე სული და ფიქრობენ რომ  გზაზე ერთხელაც ჩამოივლის მათი იმედი,რომელიც შეიძლება იყოს ღმერთი,ჩიტი ან ადამიანი.თუმცა  ბედნიერება თავად ადამიანშია და ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს ბედს,თავად ვირჩევთ ვიკითხოთ წიგნები თუ არა.

10  ივლისი

გუშინ მთელი ღამე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდი.ერთი ვარსკვლავი განსაკუთრებით კაშკაშებდა.გავიფიქრე,რომ მხოლოდ ეს ვარსკვლავია ჩემი.მხოლოდ მე ვარ ეს ვარსკვლავი.ძალიან დიდხანს ვტკბებოდი მისი სილამაზით.წარმოვიდგინე რომ ვარსკვლავზეც არსებობენ ხეები და მთები.მდინარეები და ოკეანეები.შემდეგ ჩემი ოქროსფერი ვარსკვლავი დედამიწის მეორე მხარეს გადაგორდა და მეც დავხუჭე თვალები.ულამაზესი სიზმარი ვნახე. შეყვარებული ვიყავი.ყვავილებისგან გვირგვინი დამიწნეს ანგელოზებმა და მე მასზე ვიქორწინე.ძალიან ბედნიერი ვიყავი.თეთრი,ულამაზესი კაბა მეცვა.თმებში გვირილები მქონდა გაბნეული.ბედნიერი ვიყავი.რომ გავიღვიძე, გავიფიქრე,როდესაც ადამიანს ენატრები,  ამას როგორღაც გრძნობ,თითქოს მთელი სამყარო გიდასტურებს ამ მონატრებას.საოცარი გრძნობაა –   ისევ უყვარდე ვიღაცას,შენ კი ამ სიყვარულის შესახებ არაფერი იცოდე,მაგრამ გრძნობდე და გიხაროდეს.

თენდება.ზურგჩანთას ვიღებ,ბლოკნოტს ვინახავ გულის ჯიბეში და სასეირნოდ მივდივარ.ჩემი სახლისგან მოშორებით მდინარე ყვირილა მოედინება. ძალიან სწრაფი მდინარეა,თითქოს ყველაფერი მოაქვს თან და სადღაც მიიჩქარის.ჩამოვჯდები მის ნაპირას და გულში ვიმეორებ სიტყვებს,რომლებსაც ქაღალდის ნავში ვინახავ.ნავს მდინარეში ვუშვებ და მეც მასთან ერთად სამოგზაუროდ მივდივარ.

11  ივლისი

ძალიან კარგია მოგზაურობა. უფრო უკეთესად ვგრძნობ,რომ მარადიული ცხოვრება მინდა,რადგან ვფიქრობ,რომ ვერავინ შეიყვარებს მზეს ისე როგორც მე შევიყვარე ის,ზღვაც მხოლოდ ჩემია.არ შემიძლია ოდესმე მაინც  დავივიწყო ჩემი ვარსკვლავები,არ ვიცი როგორ გავხდე უკვდავი.ალბათ ამისთვის რამე უნდა დავწერო ძალიან მაგარი.იქნებ გულიდან ამოვიღო ჩემი ყვავილები,იქნებ ჩემი განცდები გავანდო ადამიანებს? ძალიან მინდა ერთ ადამიანს მაინც ვახსოვდე.ერთმა ადამიანმა, მაინც გაიგოს როგორი ვარ სინამდვილეში.მაგრამ ძალიან ფილოსოფიური რომ არ გამოვიდეს ჩემი დღიური ნავს სახლისკენ ვატრიალებ,ნიჩბებს ძალიან სწრაფად ვუსვამ და შინ ვბრუნდები.სახლში სახლის საქმეებს ვაკეთებ.ნელ-ნელა ჩვეულებრივი ადამიანი ვხდები.ზოგჯერ მიხარია,ზოგჯერ ვოცნებობ რომ ისევ ვიყო ქალღმერთი.მამამ მითხრა რომ ინტერნეტი მიყიდა და მალე ჩამომიტანს კიდეც.ძალიან გამიხარდა.დავუბრუნდები ცივილიზაციას.წავიკითხავ ახალ ამბებს და ფილმებს გადმოვწერ,მაგრამ გულის სიღრმეში მომწონს კიდეც ასეთი დასვენება,როდესაც ინტერნეტი არ მოგეწოდება და მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხარ დარჩენილი.რამდენიმე წიგნი წავიკითხე უკვე.მესიამოვნა წიგნებთან განმარტოება.ბავშვობა გამახსენდა.რამდენიმე საინტერესო ადგილები ამოვიწერე ბლოკნოტში და ფიქრი გავაგრძელე.

დილით ულამაზესი კაკლის ძირში ვიჯექი.ხელები თავქვეშ მეწყო და ვოცნებობდი.ძალიან მინდა კარგი სამსახური მქონდეს.ვიცი, თუ ბოლომდე ვიბრძოლებ მექნება კიდეც ის,რაზეც ვოცნებობ.მოულოდნელად კი შევნიშნე მწვანე ბალახში როგორ მიხოხავდა ულამაზესი ფერადი ხოჭო.გეზი ჰქონდა აღებული და არ აპირებდა შეეცვალა მიმართულება.მაშინ მივხვდი –  სამყაროში ყველაფერს აქვს თავისი გზა.

12  ივლისი

დილით ჩემი ფუნჯები და საღებავები გამოვიტანე აივანზე და გადავწყვიტე ჩემი სახლის წინ ცამდე აზიდული მთები დამეხატა,მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე წავსულიყავი შორს და მეპოვა პატარა ფოთოლი ან მინდვრის,რომელიმე ჩუმი ყვავილი და ჩამედო გულის ჯიბეში.ვფიქრობ მხატვარმა აუცილებლად უნდა დახატოს ისეთი რამე, რასაც აღმოჩენა სჭირდება სამყაროში.მთების სილამაზე ყველასთვის ცნობილია,მაგრამ არავინ იცის რას ფიქრობენ კლდეებს შეფენილი ლურჯი ყვავილები.ჩემს საყვარელ ეკლესიაში შევდივარ,რომელსაც ახლა რესტავრაცია უტარდება.სანთელს ვანთებ და მიხარია.შემდეგ კი ვხედავ ჩემს მთებს გამოვსებული აქვთ ჯიბეები წერილებით.ამბობენ,რომ ღმერთი ყოველდღე გვწერს წერილებს ადამიანებს,რომ ღმერთსაც დაუგროვდა სათქმელი და მისი ფიქრები არ ეტევა აღარაფერში.მოკრძალებით ვართმევ ნაძვებს წერილებს და ვკითხულობ : “ჩემო დადუნა,როგორ ხარ?ვიცი, ათას ამბავს იგონებ,რომ გაალამაზო გარშემო ყველაფერი.ვიცი გიჭირს.სულ ჩაფიქრებული ხარ.ათასში ერთხელ, თუ გაგეხსნება გული,მერე კი უკეთესად სუნთქავ,უკეთესად ხარ.არა უშავს ჩემო პატარავ,ადამიანები ასე არიან.ეძებენ,პოულობენ.ზოგჯერ დილას შეჰხარიან,ზოგჯერ საღამოს.ზოგჯერ ცაზე ითვლიან ვარსკვლავებს,ზოგჯერ პირიქით, არაფერი აინტერესებთ.გახსოვდეთ, სიცოცხლეზე ლამაზი არაფერია.გიყვარდეთ ერთმანეთი.“ლამაზი წერილია გავიფიქრე და გადავწყვიტე მეც გამეგზავნა წერილი ღმერთებისთვის.

13  ივლისი

მაგრამ ღმერთისთვის წერილის მიწერა რთული აღმოჩნდა.რამდენჯერ დავიწყე და წავშალე.ვერაფრით ვიპოვე საჭირო სიტყვები.შემდეგ გამახსენდა რომ ღმერთს წერილები გოდერძი ჩოხელმაც მისწერა.ალბათ მასაც გაუჭირდა დაწყება.მე კი მითუმეტეს.შემდეგ ტრიალ მინდორში დავეშვი.ფურცლები არ წამიღია.ცას ავხედე და ღმერთს ჩემი მეგობრის ბედნიერება ვთხოვე. ერთი მეგობარი მყავს მთაში.გათხოვილია,ორი შვილი ყავს.ოჯახი ყავს,მაგრამ მის გულს ჯერაც არ უპოვია ნამდვილი ბედნიერება.“ნატვრის ხეში“ რომ ელიოზია სწორედ მას გავს.ყინვაში,სიცხეში ტყეში დადის და ნატვრის თვალს ეძებს.ვეკითხები რა უნდა თხოვო ნატვრის ხეს მეთქი და არ ვიციო.მეშინია ერთ დღეს, ისიც გაყინული არ იპოვონ ტყეში.ამას წინათ ქვა იპოვა ზღვის ნაპირას.ყველგან თან დაატარებდა.შვილების მაგივრად იმ ქვას კოცნიდა.დიახ,ასეთი ადამიანებიც არსებობენ – ბედნიერებას ცაში ეძებენ.

14  ივლისი

ზოგჯერ მგონია რომ იმ დღეების შესახებ ვწერ,რომლებიც ჯერ არ ყოფილა.ზოგჯერ მგონია ჯერ არ დავბადებულვარ, ცხოვრება კი გარბის,ამიტომ ადამიანმა ყველაფერი დროულად უნდა გააკეთოს მიზნის მისაღწევად.არასდროს თავი არ უნდა შეიქციო ლამაზი ოცნებებით.არ უნდა გადადო საქმეები მომავალი დღისთვის.აქ მთაში ჯერ ისევ არის შემორჩენილი „საფიხვნო“,სადაც  3 G ინტერნეტს იჭერენ სტუმრები. სოფლის მოსახლეობა ძველებურად იკრიბება აქ და თავის დარდს უზიარებენ ერთმანეთს.იმ დღით ქალების საუბარი მოვისმინე.ძალიან განიცდიან,რომ სწავლა – განათლება ვერ მიიღეს და საყვარელი საქმე არა აქვთ.ამის გამო გულის სიღრმეში იტანჯებიან.რამდენიმე მათგანი ძალიან კარგად საუბრობს – მათ შეეცლოთ პედაგოგები გამხდარიყვნენ და მომავალი თაობა აღეზარდათ.ზოგიერთი მათგანი კარგად კერავს,ზოგს სიმღერა ეხერხება.არც ერთი მათგანი არ არის ნიჭის გარეშე დარჩენილი,მაგრამ მათ ვერ შესძლეს  გულის ხმას გაჰყოლოდნენ და რასაც ახლა  ძალიან განიცდიან.თუმცა ძალ-ღონეს არ იშურებენ რომ შვილებს მისცენ კარგი განათლება.შვილებმა კი აუცილებლად უნდა დაუჯერონ მშობლებს.

15  ივლისი

გუშინ ნაცნობი მწყემსები შემომხვდნენ გზაზე.მე ჩიტისფერი კაბა მეცვა,თმები მხრებზე მქონდა ჩამოშლილი და წყლის პირას ვიჯექი.მწყემსები ისევ სითეთრიდან მოდიოდნენ და ნისლი მოჰქონდათ მხრებით.ჯიბეები ახალი და საინტერესო წიგნებით ჰქონდათ სავსე.დამინახეს თუ არა მითხრეს,რომ ერთ-ერთ მათგანს კოელიოს „ალქიმიკოსი“წაუკითხავს და პირამიდებში გადამალული განძის საძებრად წასულა.მე გამეღიმა,მწყემსებმაც გაიღიმეს,რადგან განძი პირამიდებში აღარ არის გადამალული .

ადამიანმა კი  სამყარო რომ შეიცნო ამისთვის ზოგჯერ მოგზაურობაა საჭირო,ზოგჯერ  ყველაფერი  შეიძლება ერთმა უბრალო ყვავილმა  გითხრას,რომელიც შენი სახლის მინდორში ყვავის.