ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტი უწყვეტად გრძელდება

  • Home
  • მთავარი
  • ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტი უწყვეტად გრძელდება

#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარის ფარგლებში, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე კავკასიური ფიჭვის 2000 ნერგი დაირგო.

კომპანია  „IDS ბორჯომი საქართველოს“ ინიციატივით, COVID – 19 პანდემიის მიუხედავდ, ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საშემოდგომო დარგვების პერიოდში, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიას შეემატა კიდევ 2000 ახალი ნერგი. „ბორჯომი“ უკვე რამდენიმე წელია ჩართულია პროექტში, რომლის მიზანია ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა-განახლება. დღემდე #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ეგიდით 3,5 ჰექტარ მიწის ფართობზე 15000-ზე მეტი ნერგია დარგული. კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მიზანი, ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის საფარის აღდგენაა.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტმა, ლევან ბაღდავაძემ აღნიშნა: „ტყის საფარის აღდგენა თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა. ჩვენ, კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო”, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს, ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში და მომავალ თაობას ჯანსაღი გარემო დავუტოვოთ. პანდემიის გამო, წლევანდელმა დარგვის პროცესმა არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრების გარეშე ჩაირა, თუმცა, რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ უწყვეტად გაგვეგრძელებინა ტრადიცია და ჩვენი მეგობრების სახელით ბორჯომში ტყის საფარის აღდგენა-განახლებაზე კვლავ გვეზრუნა. მინდა, მადლობა გადავუხადო ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ხეების დარგვის პროცესში“.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად ახორციელებს ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა განაცხადა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა ტყის აღდგენის პროცესში. კომპანია „ბორჯომი“ უკვე ბევრი წელია ახორციელებს საშემოდგომო და საგაზაფხულო დარგვის სამუშაოებს ბორჯომში, ე.წ. პლატოს ტერიტორიაზე და ყოველ სეზონზე ტყეს საშუალოდ 3000-მდე წიწვოვან ნერგს ჩუქნის. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დარგვის ღონისძიებებთან ერთად, „ბორჯომი“ უზრუნველყოფს ნერგების მოვლას 5 წლის განმავლობაში, რაც არის აუცილებელი პერიოდი მათი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად“.

#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი პროექტის ფარგლებში, რუკა დაემატა ბორჯომის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ვებგვერდს – www.csr.borjomi.com, რომელიც იძლევა ბორჯომის პლატოზე ვირტუალურად მოგზაურობის საშუალებას. ყველა გულშემატკივარს, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე მონაწილეობა მიუღია ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტში, ვებგვერდზე – იპოვე შენი ხე ღილაკის საშუალებით, შეუძლია ბორჯომის პლატოს ვირტუალურ გარემოში, საკუთარი სახელის მოძიება და დარგული ნერგის ნახვა. ვირტუალური პლატფორმის საშუალებით, „ბორჯომი“ უხდის მადლობას ბუნების გულშემატკივრებს პროექტში ჩართულობისთვის და აქტიური მონაწილეობისთვის.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტს 2012 წლიდან ახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივი პროექტი კი უკვე ოთხ წელიწადს ითვლის.  ამ ხნის განმავლობაში, უკვე აღდგენილია 3.5 ჰექტარი ტყე  და 15000-ზე მეტი ნერგია დარგული. პროექტი გულისხმობს ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების წევრების აქტიურად ჩართვა.

 

წყარო: ეროვნული სატყეო სააგენტო

Tags: