ბავარიის მატარებელში დაწერილი დღიურები

  • Home
  • ბლოგები
  • ბავარიის მატარებელში დაწერილი დღიურები

მე ვიცი,გაინტერესებთ,რას განვიცდიდი,როდესაც მატარებელში ვიჯექი და ბავარიისკენ მიუნხენში მივქროდი.რთული გადმოსაცემია აღწერო უბრალო გოგონას განცდები,რომელიც პირველად წავიდა სამოგზაუროდ და ჯადოსნურ მატარებელში აღმოჩნდა,მხოლოდ მწერალი თუ მოახერხებს აღწეროს შეგრძნებები,რომელიც მატარებელში დამეუფლა და დღესაც ვგრძნობ საოცარ განცდებს,როდესაც ფანჯრიდან დანახულ პეიზაჟებს ვიხსენებ.ამიტომ მინდა თვალები დავხუჭო,ჩავუსახლდე სულში იმ ჯადოსნურ წუთებს და ყველაფერი ავღწერო.
დროდადრო ჩემს შვილებს ვიხსენებ. მათზე ფიქრი არ მაძლევს საშუალებას დავტკბე თავისუფლებით,რომელიც ვფიქრობ არ გამაჩნია. შვილები ჩემს გულს მოითხოვენ.სამყაროს მოგზაურობის დროს კი, ჭირდება ადამიანის სულიც და გულიც…როგორი რთული საქმეა…
შემოდგომის მზე ათბობდა სამყაროს და მისი სითბო მაბედნიერებდა.
მატარებელში მე და ჩემი მეგობარი ცალ-ცალკე დავსხედით.შესაძლებლობა მომეცა დამეწყო წერა,მაგრამ წერის დაწყებამდე საოცარი სითბო მეღვრება გულში.პეიზაჟები, რომლებიც მატარებლიდან ჩანდა ფილმებში ბევრჯერ მქონდა ნანახი,მაგრამ ახლა მეც ფილმის ნაწილად ვიქეცი.
მინდა გადმოვცე,რას გრძნობს ადამიანი,როდესაც უყურებს ოქროსფერ ფოთლებში მოშრიალე სახლებს,მათ სარკლმებში ჩაღვენთილ სხივებს,დავარცხნილ ტყეებს,რომლებთაც საგულდაგულოდ მოვლილი აქვთ ტოტები.წარმოვიდგენ,რომ მეც რომელიმე ოთკუთხედ კრამიტიან სახურავით გადახურულ სახლში ვცხოვრობ,ოქროსფერი ფოთლებით არის ჩვენი ეზო სავსე.მე მაგიდას სასადილოდ ვამზადებ.ის მოდის და მხრებზე მეხვევა. კამერა რაკურსს ცვლის და კადრში ჩანს,როგორ ფარფატებს ნარინჯისფერი ფოთლები ქარში.
მე ვწერ,მატარებელი კი მიჰქრის.ნეტავ უსასრულო სივრცეში შეიჭრას.ჩვენ ადამიანები, შეიძლება მარადიულად არ ვცხოვრობთ,მაგრამ ვალამაზებთ სამყაროს. პატარ-პატარა ნახატებად ვრჩებით მისთვის და ღრუბლიან გზებს ვკვეთთ.
მობილურის ბატარეა დაიცალა და გვერდით მყოფ უცხოელს საათს ვეკითხები.ახლა ვხვდები, მთელი ცხოვრება რატომ ვცდილობდი დავუფლებოდი უცხო ენებს. სასიამოვნოა,როდესაც შენს აზრებს აგებინებ და შესაძლებლობა გაქვს გაიცნო ადამიანი ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან. დროდადრო ფანჯრიდან ვიყურები და ვაკვირდები ადამიანებს.ძალიან თბილია ეს პეიზაჟები ჩემთვის.დედამიწა გვაძლევს ფერებს,სითბოს,სილამაზეს – ეს ნამდვილად დასაფასებელია. შეიძლება ეს ადგილები ვეღარასდროს ვნახო, ამიტომ თითოეულ ხეს,ფოთოლს,ცის ნაწილს, ჩემს სუნთქვას ვჩუქნი. როდესაც ჩვენი პაწაწინა სახლებიდან თვალს ვაყოლებთ თვითმფრინავებს, ვიცით, რომ სადღაც შორს არსებობენ სახლები,ადამიანები. არ ვიცით რაზე ფიქრობენ ისინი და როგორ გიზგიზებს მათ ბუხარში ცეცხლი. ეს ყოველთვის საინტერესოა. მატარებელი მიუნხენის სადგურში ჩერდება.წვიმს.მხარზე ზურგჩანთას ვიკიდებ,კაპიუშონს ვიფარებ თავზე და მივდივარ.არავინ იცის, რა მოხდება.