ამსტერდამი-გავლილი და ისევ საოცნებო გზა…

  • Home
  • ბლოგები
  • ამსტერდამი-გავლილი და ისევ საოცნებო გზა…

 

ამსტერდამი-გავლილი და ისევ საოცნებო გზა…

ჩვენ  მუდმივად ვმოგზაურობთ… ვირჩევთ მეგზურს, გზას, რომელიც ხან გავლილია, ხან გაუვლელი, ხშირად უგზოობა გვაწუხებს და გვაცარიელებს. საკუთარი სახლიდან და სახლისკენ გზას დაუსრულებლად გავდივართ, თუმცა მაინც ან ერთ ადგილას ვდგავართ, ან ახალ გზებს ვეძებთ, რათა საკუთარი თავიც ვიპოვოთ და ჯერ კიდევ „აღმოუჩენელი სამყაროც.“

უამრავი მოგზაურისა და ლიტერატურული გმირის თავგადასავლით მიცხოვრია,ბევრი ჩემი და სხვისი გზითაც მივლია, თუმცა მათ შორის ერთი გზა განსაკუთრებულია – ნიდერლანდების უდიდესი ქალაქი ამსტერდამი. წყალში არეკლილი, ერთმანეთს ჩახუტებული, სხვადასხვა ფერის სახლი, მდინარე ამსტელზე გადებული არაერთი პატარა ხიდი, ჰაერს შერეული ბალახის სუნი და უსასრულო ბედნიერების შეგრძნება, რომელსაც ეს ქალაქი დაუნანებლად ჩუქნის ყველას და ისევ და ისევ აბრუნებს თავისთან.

ნებისმიერი ქვეყნის, ქალაქის მთავარი ღირებულება ადამიანია. შეიძლება გაგვიმართლა კიდეც  მე და ჩემს მეგზურს, რადგან ამსტერდამის სიყვარული ახალგაზრდა ჰოლანდიელთან შეხვედრით დაიწყო. მისამართის კითხვისას ქალაქში დაკარგულებს ამსტერდამელმა მამაკაცმა საკუთარი მანქანით დახმარება შემოგვთავაზა, 10 – 15 წუთიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენს დროებით სახლთან მიგვიყვანა, მანქანიდან გადმოსულმა ხელი მაგრად ჩამოგვართვა და კითხვაზე, რამდენი უნდა გადაგვეხადა მისთვის, გაოცებულმა გვითხრა, რომ მხოლოდ მადლობა გვეთქვა  და კიდევ დავბრუნებულიყავით მის ქალაქში. ამ უცნობმა – ნაცნობმა დამარწმუნა, რომ საზღვრები, ეროვნება, ენა, რელიგია, სულაც არ დაგვაშორებს ერთმანეთს,  პირიქით, მთელ სამყაროში გაბნეული სიკეთის შეგროვებას შეგვაძლებინებს.

ერთ წყნარ ქუჩაზე, ათასი წვრილმანის მაღაზიაში, რომელშიც ველოსიპედებიც ქირავდებოდა, მაღაზიის მომღიმარმა მეპატრონემ ჩვენი საუბარი გაიგონა… ეროვნებით სომეხმა ძია არტურმა სიყვარულით გაიხსენა თბილისი და ერთი დღის საფასურის სანაცვლოდ მთელი კვირით მოგვაქირავა ორი ველოსიპედი, როგორც კავკასიელ ძმებსა და მონატრებულ მეზობლებს.

ვგრძნობდი, რომ ეს ქალაქი თანდათან ხდებოდა ჩემი. ვიკარგებოდი კიდეც, რათა მეპოვა ჩემი ამსტერდამი. პირველივე საღამოს ერთ-ერთ ქუჩაზე გავყევით მუსიკის ხმას, რომელმაც სცენასთან მიგვიყვანა. ახალგაზრდა შემსრულებლები როკს უკრავდნენ, მოგზაურობის გასაგიჟებელი დასაწყისი იყო, სცენიდან სათითაოდ ხტებოდნენ ბენდის წევრები და ქვევით მყოფი მსმენელი იჭერდა მათ. ეს ერთიანობის, სიყვარულისა და ბედნიერების წუთები იყო, ჩვენც ნაწილი გავხდით იმ ქალაქის, რომელშიც ადამიანებს არც სევდა ეტყობოდათ და არც ყოველდღიურობასთან ბრძოლის კვალი.

წარმოუდგენელია ამსტერდამი ანა ფრანკის ისტორიის გარეშე. პრინსენგრახტის 263-ში ასობით ტურისტი იდგა, რათა ანა ფრანკის მუზეუმში შესულიყო. ამ ადგილს შეაფარა ფრანკების ოჯახმა თავი, როცა ნაცისტებმა ებრაელების დევნა ამსტერდამშიც დაიწყეს. „მინდა, სიკვდილის მერეც გავაგრძელო ცხოვრება, მაქვს მიზანი, საკუთარი აზრი, იმედი და სიყვარული“, – ვკითხულობდი მუზეუმის კედელზე ანას ამ სიტყვებს და მიჭირდა იმის დაჯერება, რომ 15 წლის გოგონამ შეძლო, დაპირისპირებოდა ფაშიზმის სისასტიკეს, ერთდროულად ყოფილიყო მსხვერპლიც და გამარჯვებულიც. როცა გამოღებული წიგნების კარადიდან ანას სამყაროში აღმოვჩნდი, ისტორია გამიცოცხლდა: კედელზე ვხედავდი ოტო ფრანკის აღნიშნულ ხაზებს, რომლებიც მარგოსა და ანას სიმაღლეს ზომავდა. ერთადერთი ფანჯარა სხვენზე, საიდანაც ანა სამყაროს აკვირვებოდა, ამ დიდი – პატარა ადამიანის ოცნებებსა და ნანატრ თავისუფლებას ნაცნობს, ხელშესახებს ხდიდა ჩემთვის. აღარ მიკვირდა, რატომ იდგა მუდმივად ამდენი ტურისტი ამ მუზეუმთან რიგში. 15 წლის ანას შეუძლია, ყველას, გაბედულ თუ გაუბედავ ადამიანს, ჩაუსახოს იმედი და თავისუფლებისთვის ბრძოლის თანდაყოლილი ნიჭი აპოვნინოს. სტუმრებისთვის განკუთვნილ დღიურში ქართულად დავუწერე ანას, როგორ მაძლიერებდა მეც და ათასობით ჩემნაირ ადამიანს, რომლებმაც ვიცით თავისუფლების ფასი და მსხვერპლის გაღებაც მისთვის.

დაუვიწყარ მოგონებებს შეემატა ვან გოგის მუზეუმში გატარებული საათები. ვიდექი შედევრების წინ და ცრემლები მდიოდა, არ ვიცოდი, რა ერქვა იმ გრძნობას, ნამდვილი ხელოვნება რომ განაცდევინებს ადამიანს. მიჭირდა იქიდან წამოსვლა, ჩვეულებრივ მოკვდავად ქცევა. მუზეუმის თანამშრომელმა სამუშაო საათების დასრულება შეგვახსენა და ისე დავტოვეთ ეს ადგილი, არ გვეყო ხელოვნებასთან ზიარება. დიდხანს ვისხედით მუზეუმის წინ მწვანე მინდორზე მე და ჩემი მეგზური ჩუმად.

ნადვილი ხელოვნება რომ დროის საზღვრებს შლის, კიდევ ერთხელ დამარწმუნა რემბრანდტის სახლ-მუზეუმში მიღებულმა ემოციამ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი მხატვრის აღდგენილი სახელოსნო და სამუშაო ნივთები იყო. თანამედროვე მხატვრები აგრძელებდნენ გენიოსის გზას, 4 საუკუნე თითქოს სულაც აშორებდათ მათ, რემბრანდტსა და ახალბედა ხელოვნებს.

ყოველი მოგზაურობა ზრდის პიროვნებას, ახალი შთაბეჭიდილებითა და ცოდნით ავსებს მას, მომავალი მოგზაურობის, სამყაროს სრულად შეცნობის სურვილს უჩენს. „არაფერს ვაგროვებ მოგონებების, სიყვარულისა და ცოდნის გარდა“ , მოგზაურობა სიცოცხლეა სიცოცხლეში, ყოველი ახალი გზა  კიდევ უფრო მაყვარებს სახლს, ადამიანებს, სამყაროს… თუ ერთხელ მაინც ღამით სანთლებით განათეულ პატარა ნავში აღმოჩნდები, გულაღმა დაწვები და ხიდქვეშ გავლის შემდეგ ანთებულ ცას შეხედავ, მიხვდები, რომ ამსტერდამი შენი ქალაქია და ერთ-ერთი სახლიც ნაპირზე შენ გელოდება…