აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

  • Home
  • მთავარი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი „აგროტურიზმის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტი – „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტის მიზანია სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სოფლად ტურიზმის, შესაბამისი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების, აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

კანონპროექტის ძირითადი არსი ისაა, რომ იგი არეგულირებს აგროტურიზმის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს აგროტურისტული საქმიანობის, ასევე აგროტურისტული თუ ფერმერული მეურნეობის კრიტერიუმებს, ადგენს აგროტურიზმის ხელშეწყობის ღონისძიებებს და ამ საქმიანობის განხორციელების ზოგად საფუძვლებს.

კანონპროექტი, პრინციპების დონეზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ წარადგინა, მისი თქმით აგროტურიზმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შესამუშავებლად საკმაოდ დიდი სამუშაო იქნა გაწეული, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.

„აღნიშნული კანონი რამდენიმე ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, ეს გახლავთ ადგილობრივი ფერმერული მეურნეობისათვის ხელშეწყობა, მომსახურეობის, მათ შორის, აგროტურიზმის მომსახურების დანერგვა, ასევე განმარტებულია მთელი რიგი ტერმინოლოგია, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული საქმიანობისთვის აუცილებელ პირობებს. კანონი აქვე ადგენს შეღავათებს, რომლებიც ძირითადად საგადასახადო შეღავათებს ეხება, ესაა დღგ, საშემოსავლო, თუმცა რჩება ქონების გადასახადი, ვინაიდან ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა იყოს მაქსიმალური და მათ ინტერესში შედიოდეს იმ სარგებლის მიღება, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს რჩება“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ კანონპროექტის წარდგენისას.

მომხსენებლის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და კანონპროექტის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია საერთაშორისო ნორმები, სტანდარტები და ევროპული გამოცდილება.

კანონპროექტი ადგენს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს – გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, შეღავათიან აგროკრედიტებს, ასევე აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროექტების და პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, გადამზადებას, შესაბამის რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის და საინფორმაციო ცენტრების მოწყობას და სხვა.

კომიტეტის წევრების შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი უდავოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ძალიან კარგი და მყარი საფუძველი იქნება, რომ აგროტურიზმის მიმართულებით საკმაოდ დიდი ძვრები იყოს ჩვენს ქვეყანაში რეგიონულ ჭრილში სიღარიბის დაძლევის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

წყარო: საქარველოს პარლამენტი

Tags: