გერმანული არდადეგები -ანუ ყველაფერი მოგზაურობად ღირს

  • Home
  • ბლოგები
  • გერმანული არდადეგები -ანუ ყველაფერი მოგზაურობად ღირს

მოგზაურობა ყველაფრად ღირს და ყველაფერი მოგზაურობად ღირს- ამ ლაკონიურ მაგრამ ბევრისმთქმელ აზრამდე უცხოეთში პირველად მოგზაურობის შემდეგ მივედი. მართალია ჩემთვის, როგორც ლაშქრობის, დაბლობის და მაღლობის, მთის და ზღვის მოყვარულისთვის ზოგადად მოგზაურობა თუნდაც სამშობლოში ყველაზე სასიამოვნო პროცესია, მაგრამ, როცა საზღვრებს ცდები იმის მოლოდინით, რომ სხვა სამყაროში მოხვდები, ეს კიდევ უფრო მაგარი შეგრძნება ყოფილა. უცხოეთში წასვლის სურვილი ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ გამიორმაგდა, ხოდა ჩავთვალოთ, რომ მარტიდან მოყოლებული ჩემი აკვიატებული აზრი ზაფხულში ევროპებში უნდა გავზქურო მეთქი ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნა იყო. ასე რომ 15 ივნისს უკვე გერმანიისკენ მიმავალ თვითმფრინავში ვიჯექი.დანიშნულების პუნქტად გერმანიის არჩევას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: პირველი- ჩემი და სწავლობა იქ და ამიტომ მთლად ,,უპატრონოდ“ არ ვიქნებოდი; მეორე- პირველი ჯერისთვის გერმანია ნეიტრალური ქვეყანა იყო, ანუ არც მთლად კულტურულ შოკს მივიღებდი და დაკარგვის შანსიც ნაკლები იყო; მესამე- კარგი შესაძლებლობა იყო სკოლაში ნასწავლი გერმანული გამეხსენებინა. აქვე პატარა გადახვევა- იქამდე თვითმფრინავით მგზავრობა იმდენჯერ დამსიზმრებია, რომ ზუსტად ვიცოდი რა შეგრძნებაც იყო, ამიტომ თვითმფრინავით პირველჯერ მგზავრობას განსაკუთრებული შეგრძნება არ გამოუწვევია.

გერმანიაში დორმუტმუნდში მომიწია ჩაფრენა.რადგანაც დიდი დრო არ მქონია იქ დასარჩენად, მხოლოდ მთავარი სადგურის მიმდებარე ტერიტორია შევათვალიერე. მაღალი შენობები, გარე კაფეები, ფართო სამანქანო გზები, სისუფთავე, უამრავი ერის წარმომადგენელი – ეს ის პირველი ნიუანსები იყო, რომელმაც მაგრძნობინა თავი ევროპაში და გერმანიის მუღამში შემიყვანა. მართალია დორტმუნდში კიოლნის ავტობუსმა დააგვიანა და მაშინ პირველად შემეპარა გერმანელების პუნქტუალობაში ეჭვი, მაგრამ, როცა Hauptbahnhof-ზე (მთავარ სადგურზე) აღმოვჩნდი და დავაფიქსირე,რომ ყველა მატარებელი დანიშნულ დროზე წამების სიზუსტით მოვიდა მაშინ ეს ეჭვი გაქრა.

რაც შეეხება კიოლნს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონის ერთ-ერთი კი არა მე ვიტყოდი მთავარი ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონალური ცენტრი დუზერდოლფია მე შთაბეჭდილებბა დამრჩა, რომ ეს სტატუსი კიოლნს უფრო ეკუთვნის.ქალაქი  წარმოადგენს რეგიონის ისტორიულ და ეკონომიკურ ცენტრს, რაც ეტყობა კიდეც ცხოვრების დონის თუ ღირსშესანიშაობების თვალსაზრისით. კიოლნის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა დომის კათოლიკური საკათედრო ტაძარია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრების დათვალიერების მოყვარული არ ვარ, ამის არნახვა არ შეიძლებოდა, მითუმეტეს რომ შორიდანვე იგრძნობოდა დომის მისტიკურობა.ტაძარი მართლაც შთამბეჭდავია თავისი სიდიდით, ორნამენტებით, ნაკეთობებით, მოხაზულობით. გარედან ისეთი შესახედავია თითქოს აქ ყველაზე გასაიდუმლოებულ რიტუალებს ატარებდნენ ან დრაკულას მსგავსი არსებები ცხოვრობდნენ, მოკლედ შენობის ფასადი თითქოს არ შეესაბამება მის რელიგიურ დატვირთვას.დომის გარდა თვითონ ქალაქია ძალიან მიმზიდველი. გარკვეულ ნაწილებში აშენებულია მაღალი ბიზნესცენტრები , საცხოვრებლად კი უფრო მეტად რამდენიმესართულიანი მიტყუპებული ფერად-ფერადი შენობებია. მოვიხიბლე იმითაც, თუ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევენ შენობის ფასადს, თითქმის ყველა აივანი გალამაზებულია ცოცხალი ყვავილებით (რაც ძალიან მიღებულია არა მარტო გერმანიაში, არამედ მთლიანად ევროპაში).

რა თქმა უნდა, გერმანიაში მხოლოდ კიოლნით არ შემოვფარგლულვარ და იმ რეგიონში  რამდენიმე ქალაქსაც ვესტუმრე. ჩემზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ბონმა- გერმანიის ძველმა დედაქალაქმა. რომ შემძლებოდა სიამოვნებით დავრჩებოდი ბონში რამდენიმე დღე. როგორც ჩანს ბონი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია გერმანიაში ტურისტებისთვის. ქუჩები, კაფეები და პაბები სავსე იყო ადგილობრივებით თუ ტურისტებით. ბონში სანახავი ბევრია: ბეთჰოვენის სახლმუზეუმი, განთქმული ისტორიის მუზეუმი, ბონის უნივერსიტეტი. მაგრამ გარდა ამ ღირსშესანიშნაობებისა მთლიანად ქალაქია ძალიან მიმზიდველი. ერთი-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი კი ბონის უნივერსიტეტის ეზოში მინდორზე ჯდომა იყო. ალბათ ყველას გინახავთ ფილმებში როგორ სხედან სტუდენტები უნივერსიტეტის წინ მწვანე მდელოზე და მზეს ეფიცხებიან. მათი ყოველთვის მშურდა , მაგრამ როცა მეც მომეცა საშუალება თუნდაც ძალიან უბრალო სურვილი რეალობად მექცია ძალიან ბედნიერი ვიყავი. მეც სხვებივით უნივერსიტეტის მდელოზე ვიყავი წამოწოლილი , ამინდიც განწყობის შესაფერისი იყო და  მზე და სითბო აორმაგებდა ბედნიერების განცდას.

ერთ საღამოს კიოლნში რაინის სანაპიროზე გასეირნება გადავწყვიტე.  როგორც არუნდა მომენდომებინა მთლიან კიოლნს ვერ შემოვივლიდი ამიტომ პანორამაზე გადავწყვიტე ასვლა. 28-ე სართულიდან ნამდვილად უფრო კარგად შევიგრძენი ამ ქალაქის ეშხი. პანორამიდან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა ჩანდა და მაშინ ისიც გავიფიქრე აი რამდენიმე დღით მეც- კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შევემატე ქალაქს მეთქი )).

ბოლო დღეები ძირითადად შოპინგისთვის შემოვინახე , ხარისხიანი შენაძენით, გერმანული მოლებით და ნამდვილი ფასდაკლებებით კმაყოფილმა კიდევ ერთხელ დავაფასე ეს ქვეყანა.

ჩემი გერმნანული მოგზაურობა დამამახსოვრდება არა მხოლოდ იმით, რომ ეს ჩემი საზღვარგარეთ პირველი მოგზაურობა იყო, არამედ იმითაც რომ სახლში დაბრუნებისას ეს განწყობა , ეს ემოცია კიდევ დიდხანს გამყვა. დამამახსოვრდება მუდამ მოღიმარი მომსახურე პერსონალით, პირსინგიანი და სვირინგიანი ხელიხელჩაკიდებული მოხუცებით, შრომის და გართობის ფასის მცოდნე პარასკევს საღამოს კარგად შეზარხოშებული გერმანელებით…

ახლაც თვალწინ მიდგას ის მომენტი პანორამიდან მზის ჩასვლას როგორ ვუყურებ და ვხვდები, რომ ჯერ ძალიან ძალინ ბევრი მაქვს სანახავი. ეს მხოლოდ დასაწყისია…