ცენტრალურ სადგურზე უნდა ჩამოვიდე, მერე მეტროში გადავჯდე, ერთი თხუთმეტი  წუთი სუფთა ჰაერზე განიავებასაც ვასწრებ. დავიმშვიდე თავი და უიღბლო დღისგან გალახული მატარებლის გრაფიტით აჭრელებულ მინას მივეყრდენი. უკანასკნელ ძალ-ღონეს ვიკრებ – რაც შეიძლება ბუნებრივად უნდა შევიცხადო, როცა კონტროლიორი ვადაგასულ სამგზავრო ბილეთს აღმომიჩენს. ჯერ მომგონი გავლანძღე მერე ჩემს თავსაც შევუღრინე, გულმავიწყობისთვის. მთელი მსახიობობა წყალი ჩამეყარა ამასობაში, შუახნის ქალმა გულგრილად გადახედა ჩემს ბილეთს, კარგი დღეც მისურვა და წავიდა. გადავრჩი. გული დამწყდა ცოტათი, ერთი მსახიობის პრემიერა ჩემს ვაგონში არ შედგა. ისევ ავეკარი ლოყით მინას. თხუთმეტწუთიან განიავებამდე გაჩერებებს ვითვლი, იღბალს ვეღარ დავცდი მეტს, ნამეტანი მეჩქარება.

სადგურს არასდროს სძინავს, რა გააჩერებს?! გარეთ შემოდგომა გამიწვიმდა და დრო და დრო მეც ვიბერტყავ მხრებიდან და თმებიდან შეყვითლებულ ფოთლებს. არაფერზე ფიქრი არ მინდა, მზერა ნეიტრალურ წერტილში გავყინე, ისე რომ ვინმეს გაოცებულმა სახემ არ გამომაფხიზლოს როგორც ადრე, როცა ერთი ბიჭი რამდენიმე წუთი არკვევდა თურმე რა მინდოდა მისგან. შემომეყურა.

ჯერ ჩემს თავს ვუბღვერ ისევ, მერე ვამშვიდებ, უსიამოვნება ვის არ მოსვლია-მეთქი, მერე ვაქეზებ, შენ ის არა ხარ შარს შარზე რომ ეძებ ?! პრობლემა სასაცილოდ რომ არ გყოფნის, თავგადასავლებს შვილისვილებს შენ არ უგროვებ-მეთქი?! არ გაჭრა. ვგრძნობ როგორ მაგრად ვყავარ ჩაჭიდებული ბრაზს და როგორ არაფრით მანებებს თავს უსუსურების განცდა. მეც არ ვჩერდები, მეტად ვუღრენ, შეძლებ-მეთქი, თმიდან მომაკვდავ ფოთლებს ვიცლი და უსულოდ ვიმეტებ ქვაფენილზე გასათელად…

-შეიძლება აქ ჩამოვჯდე ?

მკითხა და მინარცხებულ ფოთოლს მიუსკუპდა,
ეგრევე იწყებს ლაპარაკს. ხმა უკანკალებს, მერე ყვება ბევრს, მომისმინეო, მხოლოდ ეს მთხოვა. არც მე ვყავდი განებივრებული გულითადი მსმენლებით აქაურობას. ტურისტი აღმოჩნდა-მეც. ისიც იუღბლობას შემოელახა – რა დამთხვევაა,მეც. დედა ენატრებოდა თურმე – მეც , მაშინ განსაკუთრებულად, ყველაზე და ყველაფერზე მეტად. სიყვარულის და ალაჰის სწამდა, მე – მიზნის და ქრისტესი.
ერთი ცა გვქონდა და არც გვიფიქრი გაყოფა, ყველას ადგილიათქო შევთანხმდით.
თხუთმეტწუთიანი განიავება გალურჯებამდე ლაქლაქში გადაიზარდა.

სიყვარულს და გულს მიენდეო ბოლოს მირჩია, სიახლის ძიება არასდროს შეწყვიტოო. მერე სანატრელი ოცნებები ამოვქექეთ, ჩემი ბოლომდე ვერ გავთქვი, ჰოდა იბრძოლე იქამდე სანამდე შენს ოცნებას საინტერესო რეალობა არ დაერქმევაო. ვგრძნობდი როგორ მნებდებოდა ბრაზი ამასობაში, შენ შეძლებ მეთქი! მოვასწარი და მივაძახე ახლახან წამომდგარ ჩემ თავს . შემოგვესმინა ერთმანეთის და გაგვიხარდა. იმან თავისი კოსმოსი გამიყო, მე ჩემსას ჩამოვატეხე ყუა. შევატყვეთ როგორ დაგვიდინჯდა ტემბრი, არც მას უკანკალებდა ხმა, აღარც მე მახრჩობდა ბრაზი. ხვალ რომ კარგი დღე გვექნებოდა გადაჯვარედინებული თითებით ჩავუთქვით და ჩენ ჩვენ ღმერთებს მოვუმადლიერეთ, ერთმანეთს რომ გადაგვყარა.

ცხვირწაგრძელებული ვაგონი აფელშთრასეს პარკიდან გადმომძვრალ ნისლს ფანტავს. სახლის კარი შევაღე, ხრიგინით დავაფრთხე მიძინებული სიცარიელე, ტანიდან ნაწვიმარი შემოდგიმა ერთიანად ჩამოვიბერტყე, უიღბლობა ტანსაცმელთან ერთად ავიფხრიწე და სკამის საზურგეზე უსულოდ მივყარე. მერე გაყინულ საბანში კომბისტოსავით გავეხვიე, თვალები მაგრად დავხუჭე. ძალიან ძალიან ბევრი ვიოცნებე. მერე ცხოვრება შევაქე, კარგი გამოგონებაათქო. მერე იღბლის დედაც მეთქი, ერთიც მამაპაპურად შევიკურთხე. სანამ სული გიდგას რა გაგაჩერებს ცოცხალ ადამიანს მეთქი ისევ შევუღრინე ჩემს თავს.
საბნის ბოლოები შემოვკეცე, თმიდან უკანასკნელი ფოთოლი გამოვიძრე, ბიოლოგიური საათი მაღვიძარით დავაზღვიე და ჩემი ხელითვე აგორგლილი ქაოსი რამდენიმე საათით საათით დავაპაუზე.

 

 

 

Tags: