5 მუზეუმი, რომლის შესახებაც შესაძლოა არ გსმენიათ

  • 17/08/2017
  • Home
  • 5 მუზეუმი, რომლის შესახებაც შესაძლოა არ გსმენიათ

თბილისი მუზეუმებით მდიდარი ქალაქია. ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ყველაზე უკეთ სწორედ მუზეუმებშია თავმოყრილი და დაცული. შესაძლოა ფიქრობთ, რომ თბილისში უკვე ყველაფერი ნანახი გაქვთ, თუმცა არსებობენ ისეთი მუზეუმებიც, რომლებიც გაძლევენ შანსს ახლიდან იმოგზაურო იქ, სადაც ცხოვრობთ და უქმეები გაიმრავალფეროვნოთ.

 

თბილისის ავტომუზეუმი

თბილისის ავტომუზეუმი კერძო კოლექციონერის პირადი კოლექციის ბაზაზე შეიქმნა. ის ამ კოლექციას 18 წლის განმავლობაში აგროვებდა. თბილისის ავტომუზეუმში, ამ ეტაპზე საბჭოთა კავშირში, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გამოშვებული 25 რარიტეტული ავტომობილი იწონებს თავს. თბილისის ავტომუზეუმს განსაკუთრებული მისია დაეკისრა, ის პირველია არამარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებშიც.

 

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

“თბილისში ბევრია აბრეშუმი , აქ ამზადებენ აბრეშუმს და ოქროს ქსოვილებს, ასეთ ლამაზს ვერსად ნახავ!” – წერს ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო.

აბრეშუმის მუზეუმი და ბიბლიოთეკა 1930 წლიდან ფუნქციონირებს. 1954 წლიდან კი საქართველოს მეაბრეშუმეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი დაერქვა.1970-იანი წლებიდან მუზეუმის ისტორიის მძიმე პერიოდი იწყება: 1975 წელს ინსტიტუტმა დატოვა მუზეუმის შენობა, რომელიც 1981 წ. დინამოს სტადიონს გადაეცა. 1986-88 წწ. ქალბატონ ირინე ჭოტორლიშვილის თაოსნობით მუზეუმის გადასარჩენად დაწყებული ბრძოლა წარმატებით დამთავრდა და მისი მეურვე მეაბრეშუმეობის სამმართველო გახდა. 1996 წ. შენობა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლად გამოცხადდა. 1998-2005 წ. მუზეუმი და ბიბლიოთეკა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრის, «აბრეშუმის სახლის» დაქვემდებარებაში იყო. 2006 წელს, პირველად თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მუზეუმი გახდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია.

 

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე

მუზეუმის ფონდებში ინახება ძველი და თანამედროვე ქართული თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის ისტორიის ამსახველი უმდიდრესი მასალა. მათ შორისაა: XVII ს-ის ფერწერის ნიმუშები, სპარსული მინიატურები, გერმანული და ფრანგული გრავიურები, ელ. ახვლედიანის, ირ. გამრეკელის, ი. ნიკოლაძის, ლ. გუდიაშვილის, ს. ვირსალაძის, პ. ოცხელის, დ. კაკაბაძის, ვ. სიდამონ-ერისთავის, ს. ქობულაძის, ლ. ბაქსტის, ალ. ბენუას. კ. ზდანევიჩის, ფ. ლეჟეს და სხვა. ლიტერატურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების – ილია ჭავჭავაძის, გ. ერისთავის, აკ. წერეთლის, ნემიროვიჩ-დანჩენკოს, სუმბათაშვილ-იუჟინის, ი. შტრაუსის, დ. შალიაპინის, სტანისლავსკის, კ. მარჯანიშვილის, შ. დადიანის, ს. ახმეტელის, დ. არაყიშვილის და სხვა შემოქმედთა პირადი წერილები, ხელნაწერები, არქივები. ფონდებში დაცულია აგრეთვე თეატრალური კოსტიუმები, მემორიალური ნივთები, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, აფიშები, პროგრამები, კინოფირები, თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების კოლექციები და სხვა საინტერესო მასალა.

 

ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმი 2012 წლის 29 თებერვალს გაიხსნა. შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 3 000 კვადრატულ მეტრის ფართობის საგამოფენო ცენტრში საგამოფენო დარბაზები, სამეცნიერო- საგანმანათლებლო ცენტრი, საბავშვო სტუდია, საკონფერენციო დარბაზი, არტ-სალონი და კაფე განთავსდა. სამუზეუმო კომპლექსი მხატვარ ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენით გაიხსნა.

 

სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი – ექსპერიმენტორიუმი

ვინ თქვა, რომ მუზეუმი და მეცნიერება მოსაწყენია? ექსპერიმენტორიუმი მეცნიერებასა და მუზეუმზე წარმოდგენას შეგიცვლით. ჩვენთან აუცილებლად უნდა შეეხოთ და გამოსცადოთ ფიზიკის 80-მდე ექსპონატი, მონაწილეობა მიიღოთ ქიმიურ ექსპერიმენტებში,  რომლებიც ახდენენ ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკისა და ანატომიის კანონების დემონსტრირებას.