ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

  • 13/04/2019
  • Home
  • ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა 2019 წლის I კვარტლის მდგომარეობით არსებული ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დაესწრო, ღონისძიებაზე  წარმოდგენილი იყო კერძო სექტორი.

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  882,130 შეადგინა, რაც 42,590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%).

2019  წლის 3 თვეში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო  მოგზაურთა  ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ლატვია +84.5%, სლოვაკეთი +81.8%, პოლონეთი +79.1%, ჩეხეთი +66.8%, ლიეტუვა +43.3%, გერმანია +30.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +114.6%, ჩინეთი +59.3%, საუდის არაბეთი  +52.8%და სხვა.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა  ვიზიტების სტრუქტურა. იზრდება შედარებით მაღალმხარჯველიანი სეგმენტის წილი: ევროკავშირის ქვეყნები, საჰაერო გზით განხორციელებული ვიზიტები და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები.

2019 წელს განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საჰაერო გზით განხორციელებულ ვიზიტებში  +23,8%, წილი კი 26,6%-ს შეადგენს, 2018 წელს კი საჰაერო ვიზიტების წილი 21,7%-ს შეადგენდა.

“მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორს გავუზიარეთ დეტალური მონაცემები თუ ვინ ჩამოდის საქართველოში, რა მიზნით, რომელ რეგიონებს სტუმრობენ, საშუალოდ რა დანახარჯები აქვთ, ასევე რა ტურისტული პროდუქტები გამოიკვეთა. განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმ ქვეყნების ტურისტებზე, რომლებიც გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით საქართველოში, ჩვენ კერძო სექტორს ვაწვდით გამჭვირვალე ინფორმაციას, თუ როგორ განვახორციელებთ სტრატეგიული სამიზნე ბაზრების იდენტიფიცირებას, რომელიც ორი კრიტერიუმით ფიქსირდება, ეს არის დანახარჯები და ღამეების გათენების საშუალო რაოდენობა. 2019 წლის  პირველი კვარტალი საკმაოდ პოზიტიური ზრდის ტემპით გამოირჩევა ყველა კრიტერიუმით, როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ასევე ვიზიტორების და ტურისტული ნაკადების კუთხით. “ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 334 მილიონ დოლარს (ზრდა +4.8%), რაც15 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2მილიარდ დოლარს (ზრდა +19.1%), რაც 518 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +21.5%-ია.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაიცია