წამომყევი, სევდისფერ ქალაქ “ბორჯომში”

  • 13/02/2018
  • Home
  • წამომყევი, სევდისფერ ქალაქ “ბორჯომში”

პარალელური სამყარო, გზა თბილისიდან – სევდისფერ ქალაქამდე არც თუ ისე შორია… როგორც უკან შეხვედრა მოგონებებთან და ამავე დროს ყოველთვის რაღაც ახალ ლაჟვარდისფერ ენერგიასთან, რომელიც ბორჯომის მიწაზე ფეხის დადგმის წამიდანვე ტანიდან თმის ღერებამდე მავსებს.  უკვე საღამოა, აქაურ მზეს ვერ მოვუსწარი, სილამაზის თეთრი ხიდიც განათებულა და ისევ ჩვეული სტუმართმოყვარეობით ელოდება ქალაქში მოხეტიალე სტუმრებს, ისევ ის წარწერა ქალაქის ცენტრში “არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული”. მე სახლში ვარ, მე შემიძლია მეტი!

პირველი რასაც ვაკეთებ, ჩემი სამოგზაურო ლურჯი ჩანთით მივემართები ბორჯომის ვულკანური წარმოშობის ნაირფეროვან თბილ, ცივ და გაყინულ ნაცნობი წყაროების მოსანახულებლად. თითქოს აქ იწყება სამყარო, თითქოს გჯერა უკვდავების ელექსირის არსებობის და იმ მრავალათასიან ტურისტთა რიგებს ვუერთდები, რომლებიც მზად არიან მისი წყაროების, როგორც ბუნების საჩუქრის, დასაგემოვნებლად გრძელ რიგებში საათობით იდგნენ საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და იმ უნიკალური თვისებების შესაგრძნობად, რაც ბორჯომის წყლებს ახასიათებს. ახლა დავისვენებ, რომელიმე ქუჩის კუთხეში მოფარებულ კაფეში ჩამოვჯდები, სადაც ისევ მეგულება აქაური ტყის სოკოსგან დამზადებული წვნიანი, ტირამისუ და ბორჯომის წყალზე დამზადებული ყავაც და ერთ ღერ “სიგარეტთან” ერთად ვიფიქრებ თუ როგორი იქნება ჩემი საზაფხულო არდადეგები. დაღლილი ვბრუნდები სახლში და მკვდარივით ვიძინებ,  მე სახლში ვარ! 

ქალაქი, რომელზეც ამდენს გიამბობთ, ბევრ სასიამოვნო მოგონებასთან ერთად ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ქართველ ავტორ-შემსრულებელთან წარმოშობით ბორჯომელ ქალბატონ ნატო გელაშვილთანაც ასოცირდება, რომელიც სიყვარულზე მუდამ ჭრელ კაბაში მღერის… “მაინც შენი მონატრება სხვა ფერია..”, “მადლობა, რომ ეს ზამთარი გაზაფხულით შემიცვალე..” “იყო კიც და იყო არაც, დრომ თავისი გაიტანა – ვბერდებით…”. უგზოუკვლოდ ხეტიალი და მისი სიმღერების მოსმენა ჩვევად მექცა, რადგან თითქოს ამ ქალაქში ყველგან მართლაც მისი სიმღერები აფენია.  სევდის ფერ ქალს, ადგილობრივები ყოველთვის ელიან. ამის დასტურია ისიც რომ ბორჯომელებმა მას ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიანიჭეს! თუმცა გარდა წოდებისა საკმარისია, რომელიმე ბორჯომელს მასზე გამოესაუბრო, საოცარი სითბოთი და ღიმილით გიპასუხებთ: “ჰო, ხშირად ჩამოდის ხოლმე, სულ აქაა… მე და ნატო ვმეგობრობთ” 

ბორჯომში, დღეები მძიმედ და სასიამოვნოდ მიიტლანქებიან. აქ ყველას ერთი მიზეზი აქვს, დაისვენოს და დადებითი ემოციები გაცვალოს სხვა დანარჩენ ადამიანებთან, აქ ადამიანებს არ განანსხვავებენ ერთმანეთის, ეროვნების, კანის ფერის, რელიგიური მრწამსის თუ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით! ყველა აქაა, ვისაც ოდესმე სმენია სიყვარულის შესახებ და თითქოს ამ გრძნობებს ბუნებასაც უზიარებენ და პირიქით… საუკუნოვანი უნიკალური ჯიშის ხეები, თანამედროვე და ძველი არქიტექტურა,  დიდი რაოდენობით წყალი, და ნაძვის მტვრისგან გაჯერებული ჰაერი – ხვდები, რომ უკვე ყველაფერი გაქვს და თითქოს გიპყრობს შიში, რომ მალე ზაფხული გაილევა და ამ გარემოს მოგწყვეტს. დავდივარ და ვიძენ ყველა ხელნაკეთ სუვენირს, რომელიც ბორჯომში მომავალ ვიზიტამდე აქაურობას გამახსენებს და დიდ ენერგიას გამატანს. 

და ახლა როდესაც ვწერ ბლოგს, თბილისის ერთ-ერთი გარეუბნიდან თითქოს ამ ფრაზებს მკარნახობენ სწორედ სევდისფერი ქალაქიდან წამოყებული ქვები, უნიკალური წყალი, ოთახის ნაძვი, ხელნაკეთი დოქები და სხვა სუვენირები, რომ ერთობლივი ძალებით გავუზიაროთ ამ პატარა ქალაქის შთაბეჭდილებები დანარჩენ სამყაროს. #მუდამბორჯომისგულშემატკივარი 

ბლოგის ავტორი: ელია ამისულაშვილი
#TbilisiCityBlogger