შავი კლდეების ტბა

  • 11/02/2018
  • Home
  • შავი კლდეების ტბა

სექტემბრის პირველი კვირა იყო.  სახლში ვიჯექი და ფილმს ვუყურებდი.   ამ დროს კი მეგობრისგან მომივიდა შეტყობინება:  „სალი, როგორ ხარ? პარასკევი-შაბათი-კვირა შავ კლდეებზე ვაპირებთ წასვლას და წამოხვალ??“ რა თქმა უნდა, არც დავფიქრებულვარ და მივწერე: „მინდა, კიიიი“.

წინა საღამოს საგულდაგულოდ მოვემზადე:  ჩავალაგე ჩანთა.  გამაფრთხილეს, რომ შავ კლდეებზე ძალიან ეციებოდა და ბევრი თბილი ტანსაცმელი და პლედიც კი ჩავდე.  პარასკევს გვიან მოგვიწია თბილისიდან გასვლა.  ლაგოდეხში 4 საათისთვის ჩავედით.  რეგისტრაციის გასავლელად როდესაც მივედით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გაგვაფრთხილეს, რომ ძალიან გვიანი იყო და მეტეოზე ასვლას ვერ მოვასწრებდით.

–  გზა ძალიან რთულია და 7 საათი მაინც დაგჭირდებათ, დაგიღამდებათო.  ბევრი უკან დაბრუნდა და ვერ შეძლო ბოლომდე მისვლაო.

მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ იმ დღესვე ავსულიყავით და მეტეოზე დავბანაკებულიყავით, რადგან მეორე დღეს ორმაგად გრძელი გზა გველოდა მეტეოდან ტბამდე და უკან.  5-ის ნახევარზე დავიძარით.  დაახლოებით 3 კილომეტრი გზა სწორი იყო და ნახევარ საათში დავფარეთ, თან გვეცინებოდა და ვამბობდით, რომ გზა სულაც არ იყო რთული და 7 საათი საერთოდაც არ დაგვჭირდებოდა 11.5 კილომეტრის დასაფარად, მაგრამ რა ვიცოდით, წინ რა გველოდა.

მალე აღმართებიც დაიწყო და ნელ-ნელა უფრო და უფრო ციცაბო ხდებოდა.  წყლის მარაგიც არ გვყოფნიდა, წყარო კი მხოლოდ გზის დასაწყისში იყო.  მიუხედავად ამისა, შემართებას არ ვკარგავდით და გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ ამ გზას ბოლომდე გავივლიდით, თუნდაც დაგვღამებოდა.

6  კილომეტრამდე დაფარული გვქონდა, მზეც რომ ჩავიდა და ნელ-ნელა ჩამობნელდა.  ჩვენც დიდი შესვენება გავაკეთეთ და წავიხემსეთ, რათა ენერგია აღგვედგინა.  ყველაზე რთული და დამღლელი მონაკვეთის გავლა ღამით მოგვიწია, წყალიც გვიმთავრდებოდა, ტელეფონებიც გვიჯდებოდა და მხოლოდ ერთადერთი ფანარიღა ბჟუტავდა.  გზას მძიმე ჩანთებიც ართულებდა.  გოგოებს განსაკუთრებით გვიჭირდა ტვირთით აღმართებზე სიარული.  მთელი გზა ვიხვეწებოდი – ჭამეთ ეს პომიდორი და უფრო სწრაფად ვივილი მეთქი, მაგრამ ვინ მომისმინა?!  პირველად მომიწია ლაშქრობისას ღამით სიარული და ყოველ წამს მეგონა, რომ ბუჩქებიდან რაიმე ცხოველი გამოძვრებოდა და თავს დამესხმოდა, თუმცა ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა.

უკვე შუაღამე იქნებოდა, მეოტეოდან რამდენიმე მეტრში რომ ვიყავით და ცეცხლის შუქი დავინახეთ.  მეზღვაურებს რომ უხარიათ მიწის დანახვა, ისე გაგვიხარდა ჩვენც და შეძახილებით მივედით დანიშნულების ადგილამდე.  ცეცხლთან რეინჯერები დაგვხვდნენ,  მიგვიპატიჟეს და ცივი წყალიც დაგვალევინეს.  დაღლილებმა სასწრაფოდ გავშალეთ კარვები, საძილე ტომრებში გავეხვიეთ და მალევე ჩაგვეძინა კიდეც.

შაბათ დილას ყველაზე ადრე მე გამეღვიძა.  კარვიდან რომ გამოვედი, ორი პოლონელი ტურისტი დამხვდა, წასასვლელად ემზადებოდნენ.  ერთმანეთს მივესალმეთ  და  ფოტოაპარატით ხელში დავიწყე  სეირნობა, თუმცა დილა ნისლიანი იყო და კავკასიონის მთები საერთოდ არ ჩანდა.  ნისლს და სიცივეს წვიმაც დაემატა, ამიტომ შევბრუნდი კარავში და ისევ ჩამეძინა.  9 საათისკენ ჩემმა მეგობარმა გაგვაღვიძა – დროზე ადექით, ვისაუზმოთ და წავიდეთ, 26 კილომეტრი გვაქვს გასავლელიო.  წინა დღის დაღლილობა კუნთების ტკივილში აისახა და ასე ადვილი არ იყო თბილი საძილე ტომრიდან წამოხტომა და ახალი დაბრკოლებისთვის თავლის გასწორება, მაგრამ სხვა რა გზა გვქონდა.  ბიჭებმა ცეცხლი დაანთეს, მე წყალზე წავედი, დანარჩენებმა კი საუზმეს მიხედეს.  რეინჯერიც დაგვეწვია, საინტერესო ამბები მოგვიყვა, გზა გვასწავლა და შემდეგ ცხენით თავის გზას გაუდგა.

11 საათზე გავემართეთ შავი კლდეების ტბისკენ.  სანამ მეორე დღის ამბებს მოგიყვებოდეთ,  ორიოდე სიტყვით გეტყვით შავი კლდეების ტბის შესახებ.  იგი მოქცეულია ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე, საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2900 მეტრზე, თუმცა გზად 3000 მეტრამდეც ავდივართ.  მეტეო კი ზღვის დონიდან 1350 მეტრზეა.  ბუნება მრავალფეროვანია.  ფართოფოთლოვანი ტყეებიდან ალპურ და შემდეგ სუბალპურ ზონაში გადავდივართ.  გარკვეულ მონაკვეთებზე არაჩვეულბრივი ხედი იშლება ალაზნის ველსა და ხეობებზე.  თუ გაგიმართლათ, როგორც ჩვენ, გზად შველსაც დაინახავთ.  მთიანი მარშრუტი 48 კილომეტრს შეადგენს და საშუალო საცხენოსნო სირთულისაა.

უალამაზესი იყო მზის შუქზე ოქროსფრად აელვარებული მდელოები და ხევში ჩაწოლილი ნისლი, ყველაზე დიდი სილამაზე კი  წინ გველოდა.  თუმცა ვიდრე ტბამდე მივალთ,  საგუშაგოს გავლა გვიწევს.  სანამ მესაზღვრეებთან მივიდოდით, შორიდან დავიწყეთ ძახილი, რომ ძაღლები დაეჭირათ.  საგუშაგოდან ტბამდე მესაზღვრე გამოგვყვა.  იმ შთაბეჭდილებებს, რაც ტბის ნახვისას გვქონდა, სიტყვებით ნამდვილად ვერ გადმოვცემ, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი რთული გზის გავლა მის სანახავად ნამდვილად ღირდა.

ტბა ისეთი კამკამა იყო, რომ ცისა და მთების გამოსახულებას სარკისებურად ირეკლავდა.  ვიდექი და გაოგნებული ვიღებდი ფოტოებს, ყველა წერტილიდან რომ სრულად აღმებეჭდა მისი შთამბეჭდაობა.  ტბაზე დიდხანს ვერ გავჩერდით, რადგან 13 კილომეტრი ისევ უკან უნდა გაგვევლო, რომელიც 2 საათში შეუსვენებლად დავფარეთ.  მზის ჩასვლისას სუბალპური და ალპური ზონა კიდევ უფრო ლამაზი იყო.

ბანაკში რომ ჩამოვედით, უამრავი ტურისტი დაგვხვდა, მათ შორის გერმანელი წყვილიც.  ერთ-ერთი ჯგუფი გავიცანით კიდეც, გავუზიარეთ ჩვენი შთაბეჭდილებები და მალევე კარვებისკენ გავეშურეთ, მაგრამ ღამით ახალი თავგადასავალი დაიწყო.

გაწვიმდა.

წყალი კარავში ჩამოვიდა და კიდეებში ყველაფერი დაასველა – ჩანთები, ფეხსაცმელები და საძილე ტომრებიც კი.  მთელი ღამე ელავდა, ქუხდა და ყოველ წამს მეგონა რომ მეხი დაგვეცემოდა.  მეც მაშინვე მოვხსენი კარავში ჩამოკიდებული რკინის სანათი და სადღაც შევჩურთე – მეხი აქ ვერ მოაგნებს-თქო.  სასწრაფოდ გავაღვიძე ჩემი მეგობრები.   ჩანთები გადავაადგილეთ, რომ უარესად არ დასველებულიყო და კარვის შუა ნაწილში, სადაც წყალი არ ჩამოდიოდა, ერთმანეს ჩავხუტეთ.  როგორც კი გათენდა, ავშალეთ ბანაკი და მეტეოზე არსებულ კოტეჯს შევაფარეთ თავი, სადაც ვისაუზმეთ, წვიმაში სასიარულოდ მორალურად შევემზადეთ და გავუყევით გზას.

ბილიკებზე ნიაღვარი მოდიოდა და სულ სრიალ-სრიალით ჩავიარეთ ის წვალებით ამოვლილი აღმართები.  არ გეგონოთ, რომ ადვილად მივაღწიეთ ადმინისტრაციამდე.  წინ კიდევ ერთ დაბრკოლება – ხევში წინა ღამით მოვარდნილი წყლის გადალახვა იყო.  შიშით, არ წამიღოს-თქო, 5-6 ნაბიჯში გადასავლელი ხევი ორ ნაბიჯში გადავკვეთე და, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე დავსველდი.  მშრალი აღარაფერი მქონდა.  ადმინისტრაციის ოთახში გამოვიცვალეთ, თავები მოვიწესრიგეთ და სამარშრუტო ტაქსისკენ დავიძარით.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და ცხელი შხაპისა და ძილის მეტი არაფერი მინდოდა, არ შემეძლო ფოტოები არ გადამეტანა კომპიუტერში და ოჯახის წევრებისთვის არ შემეხარბებინა, რომ მე ეს სამი დღე ნამდვილ სამოთხეში ვიყავი.

ინფორმაცია ბილიკსა და ტბის შესახებ: http://apa.gov.ge/ge/eco-tourism/Trails/lagodexis-daculi-teritoriebis-turistuli-bilikebi/4-shvi-kldeebis-tba

ავტორი: სალომე მჭედლიშვილი (sally piano ballerina)