ღრუბლებზე მაღლა …ნაქალაქარი ხიხათა

  • 13/02/2018
  • Home
  • ღრუბლებზე მაღლა …ნაქალაქარი ხიხათა

ძველი სკანდინავიური გამოთქმის თანახმად, არავინ ბრუნდება მოგზაურობიდან ისეთი, როგორიც იყო ადრეო…  რა შეედრება მოგზაურობას იქ, სადაც შენი წინაპრების ნაკვალევია.. მთებში,  ღრუბლებზე მაღლა და მზესთან ახლოს,  მიუდგომელ, ციცაბო ქარაფებზე წარსული დიდების ამაყი ნაშთები დღესაც დგანან და იმ დიდებაზე გვესაუბრებიან, რაც იყო..

როგორ  ვოცნებობდი მენახა ხიხანის ციხე.. აჭარის მთებში, ღრუბლებზე მაღლა მდებარე  აჭარის ერთერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ჩემს ინტერესს  უფრო აცხოველებდა ის, რომ ეს მთა და ციხე-ქალაქი ჩემს  წინაპრებს აბუსერიძეებს ეკუთვნოდა.. PANO_20160813_191207

რაც მთელი გულით გინდა, რაც არ უნდა დაბრკოლებები შეგხვდეს, მაინც გამოგივა.. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მეგობარმა წამოსვლა ვეღარ შეძლო, ამინდიც არ გვიწყობდა ხელს, ორმა გადავწყვიტეთ აღარ გადაგვედო და წავსულიყავით სალაშქროდ. მასპინძლობას და მეგზურობას ჩვენი მეგობარი გაგვიწევდა, რომელიც სხალთაში ცხოვრობს. სამოგზაუროდ შაბათს დილით, სამარშრუტო ტაქსით გავეშურეთ. გზაში ათასი დაბრკოლება შეგვხვდა,  გვეგონა ვეღარ ავაღწევდით. ჩვენდა სასიხარულოდ ხულოში მზიანი ამინდი იყო.  მარიამმა უგემრიელესი აჭარული კერძებით დაგვაპურა და გვახარა –  ბაკომდე  ერთი კეთილი კაცი გაგვიყოლებდა, მერე კი მისი სიძე დაგვხვდებოდა, რომელიც ხიხანის მთის ძირამდე მანქანით მიგვიყვანდა.

ასე დაიწყო ჩვენი მოგზაურობა ზღაპარში

სხალთის ცენტრიდან გზა სხალთისწყლის ულამაზეს ხეობას მიუყვებოდა … (ეს გზა სოფელ ბაკიბაკომდე 18 კილომეტრამდეა) ამ ხეობაში არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა საოცარი, სხვანაირი მოლოდინით სავსე შევყურებდი მთებზე შეფენილ წიწვოვან ტყეებს, მდინარეს და უჩვეულოდ მიხაროდა…  ბაკიბაკოსა და ხიხანის ციხისკენ მიმავალი გზის გასაყარზე ფირნიში გვამცნობდა, რომ ხიხანის ციხემდე 5 კილომეტრი გვაშორებდა. ძია ჯემალს დროებით დავემშვიდობეთ.

IMG_20160813_160406აქ მარიამის სიძემ, ბაკიბაკოელმა ჯემალმა დაგვახვედრა ყოვლისშემძლე ,,ნივა” რომელიც ხიხანის მთის ძირას, ზუსტად საცალფეხო ბილიკამდე მიგვიყვანდა.

უსწორმასწორო, ქვა-ღორღიანი, ღრმულებიანი და ამობურცული გზა გველივით მიიკლაკნებოდა, წიწვოვან დაბურულ ტყეს მიუყვებოდა, შიგადაშიგ პატარპატარა მდინარეების გადალახვაც გვიწევდა, აღმართს დაღმართი ცვლიდა, ჩვენი ნივა კი გაუჩერებლად და დაუბრკოლებლად წინ მიიწევდა.

საკმაო მანძილის გავლის შემდეგ წინ საოცარი ხედი გადაგვეშალა, ყველა მხრიდან შემორტყმული მთების შუაში, ციცაბოკალთებიან მთაზე ხიხანის ციხის ნანგრევებს მოვკარით თვალი, ძლივს რომ მოჩანდა… გული თანდათან გამალებით მიცემდა. ხიხანის მთის ძირას, ფირნიშის თანახმად, ციხეს 800 მეტრი გვაშორებდა, თუმცა, ადგილობრივების თქმით, უფრო მეტი იყო ბილიკის სიგრძე.

შევუყევით საცალფეხო ბილიკს,  საკმაოდ ექსტრემალურ ბილიკს მოველოდი, მაგრამ ასეთი არ იყო,  სიფრთხილე კია საჭირო, მაგრამ საშიში ნამდვილად არ არის და ვისაც ფეხით სიარული და გზების სირთულე ხიბლავს, ნამდვილად არ გაუჭირდება მისი დაძლევა. პეიზაჟების ცქერით ვტკბებოდით, მაგრამ თანდათან ნისლი წვებოდა და თვალწარმტაც ხედებს შლიდა. ჩვენმა მეგზურმა გვამცნო, შეიძლება გაწვიმებულიყო, აქ ეს ჩვეულებრივი ამბავიაო.

IMG_20160813_174532 პირველი კოშკის ხილვამ მთელი გზა დაგვავიწყა. ამ კოშკის რეაბილიტაცია მოახდინა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ და აღდგენილია პირვანდელი სახით. სამსართულიანი კოშკის სართულები ერთმანეთს ხის კიბეებით უკავშირდება და სულ ზემოდან ხიხანის ციხის მთელი კომპლექსი ჩანს… ნისლს ერთიანად თეთრ, მისტიურ საბურველში გაეხვია მიდამო და კომპლექსის  იქით აღარაფერი ჩანდა, კოშკებსაც კი ნისლი სანახევროდ მოსავდა. გალავანს დავეყრდენი და ნათლად მახსოვს ემოციისგან ისე ავივსე,  დროისა და სივრცის შეგრძნება საერთოდ დავკარგე..

ისტორიული ფაქტები, გადმოცებები და ლეგენდები თითქოს წამებში გაცოცხლდა.. სიამაყის, სევდისა და უსუსურობის განცდა ერთიანად დამეუფლა.

ეს ბეჭებშემუსვრილი, მაგრამ ამაყი კედლები იდგნენ, იდგნენ და დიად წარსულზე  სევდით მდუმარებდნენ, ამავდროულად ამ სიჩუმით მეტყველებდნენ…IMG_20160813_193050

ლეგენდის მიხედვით, ხიხანის ციხე თავდაპირველად თითქოს ორ კლდეს შორის ყოფილა აგებული და მასზე საქარავნე გზა გადიოდა. საუკუნეების განმავლობაში კლდეები ნგრევის შედეგად ერთმანეთში არეულა და ასე ჩამოყალიბებულა არსიანის ქედი. აშენების დროისთვის ციხე-ქალაქს ,,ხიხათა” რქმევია.

,,მატიანე ქართლისაის” მიხედვით, ჯერ კიდევ XI საუკუნის შუა ხანებში ხიხათა ციხის მფლობელად იხსენიება აბუსერ I.  ბაგრატ IV-ის გამეფებისას ბიზანტიელნი მოდგომიან ტაო-კლარჯეთს. ზედიზედ ნებდებოდნენ მესხნი აზნაურნი და ერისთავნი ბერძენთა პარკიმანოზს. მხოლოდ ეპისკოპოსებმა  საბა მტბევარმა და ეზრა ანჩელმა და ერისთავმა აბუსერისძე ივანემ ,,ქმნეს დიდი ერთგულება ბაგრატ აფხაზთა მეფისათვის”,  და ,,ვერა წარუღეს ქვეყანა მტერთა”. ერთგულებისა წილ აბუსერისძეთ ებოძათ ერისთავთ-ერისთავობა კლარჯეთისა და აჭარისა და გამგებლობა ციხეთა: არტანუჯისა, ხიხათა, ციხისჯვარისა და აწყვერისა.IMG_20160813_190235

ხიხანის ციხე სწორედ  ივანე IV ტბელს აუშენებია.  ,,აბუსერი” მისი  მეტსახელი იყო, რაც არაბულად ,,მამაც მამას” ნიშნავდა. ამიტომაც მისი შთამომავლობა შემდგომ აბუსერისძეებად იწოდებოდა.  XI – XIII საუკუნეებში ხიხანი ერისთავთ-ერისთავების სარეზიდენციო ციხე-ქალაქს წარმოადგენდა.

გადმოცემის მიხედვით, ციხე ვანის, იგივე იასაღის ქვით აუგიათ. პირველად კალატოზებს ხარ-კამეჩით დაუწყიათ სამშენებლო მასალების აზიდავა კლდეზე, მაგრამ შემდგომ სამეფო ჯარი ჩაუყენებიათ რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე, ასე ხელიდან ხელში გადაცემით აუზიდიათ ქვები კლდის თავზე.

XIII საუკუნის დასაწყისში, ხიხათის ერისთავთ-ერისთავის ივანეს შვილს,  წმ. ტბელ აბუსერიძეს აქ აუგია წმ. გიორგის ეკლესია. ეკლესიის აგების შესახებ საინტერესო წერილობითი ცნობების ავტორი თავად წმ. ტბელია. ,,მამულისა ჩვენისა კაცთა, წესისაებრ, დიდი ჭირი ნახეს, გარნა ბაკოელთა მეტისმეტად დიდი მოიჭირვეს”. მშენებლობის ინიციატორებიც სწორედ ბაკოელები ყოფილან ,,ვაზირობითა და შემოხვეწითა ხელვყავ ეკლესიისა მრავლითა სახელობითა აღშენება”. დარბაზული ტიპის ეკლესია აუგია კალატოზ ბოლოკ-ბასილს. დღეს მხოლოდ საძირკველი და კედლების მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.

ხიხანის ციხეს მომდევნო საუკუნეებშიც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. 1815 წელს აქ გმირულად დაასრულა თავისი სიცოცლე სელიმ – ბეგ ხიმშიაშვილმა. IMG_20160813_193050

 

აღმაფრენის ფონზე, ერთადერთ რამეზე მწყდებოდა გული – ნისლი ისე მკვრივად ეკვროდა არეს, რომ გარშემო აღმართული მთები საერთოდ არ ჩანდა. იქაურები გვირჩევდნენ უკან დავბრუნებულიყავით, წვიმას არ მოესწრო, მაგრამ ჩვენ წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებში წმ. გიორგის დაუჯდომელი წავიკითხეთ. მერე შევნიშნე ნისლებიდან მზემ გამოაჭყიტა…

უცებ  ჩვენს წინ სუნთქვაშემკვრელი მშვენიერება წარმოგვიდგა!

სხვადასხვაფერად აფერადებული ქედების დაკლაკნილი მასივები აღმართულიყო მთელი თავისი სიდიადით.. ნაირფერი ქარაფები ადგილ-ადგილ ჩაჭრილიყო, დაქანებულ კალთებს ნისლი ოდნავ ეხებოდა, მოძრაობდა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა, ბამბის ნაყინივით ქულაქულა იფანტებოდა.. მერე ნელინელ ქრებოდა. თითქოს ეს თვალწარმტაცი ქედები ფუნჯით საგულდაგულოდ  იყო გაფერადებული. ერთგან კლდიდან წვრილი ნაკადული ჩანჩქერივით გადმომსკდარიყო, სხვაგან გამოქვებული ჩანდა, შორს მწვანედ აბიბინებული მდელოები მოჩანდა…  ცა… ცა იყო საოცრად ცისფერი… სულ მაღლა მოწმენდილი, ლაჟვარდისფერი, ქვემოთ კი, ჰო, ჩვენს ქვემოთ იყო, თეთრი ღრუბლები მიმოდიოდა. მზის სხივები კი ალაგალაგ ოქროსფრად ეფერებოდა.IMG_20160813_190608

ისე თვალწარმტაცი და საოცარი იყო ეს პანორამა,  დროის შეგრძნება საერთოდ დავკარგეთ. ემოციებს და შთაბეჭდილებებს ვეღარ ვიტევდით, შემოგვაღამდა.. თანდათან ისევ ნისლით იბურებოდა არემარე. მერე ძლიერი ქარი ამოვარდა და გვეგონა გაწვიმდებოდა. წამოსვლა არ მინდოდა, იქ ყოფნას არაფერი მერჩივნა, მაგრამ ადგილობრივებმა დაგვაჩქარეს, თავსხმა იცისო და მერე ვეღარ ჩავალთო. საცალფეხო ბილიკებზე უკვე ძალიან ადვილი იყო ჩამოსვლა… ,,ნივამდე” რომ ჩამოვაღწიეთ უკვე საგრძნობლად ბნელოდა, მანქანა დაეშვა  დაღმართზე და ერთიანად ნისლში გავეხვიეთ..IMG_20160813_191659

 

ვისაც გიყვართ მთა, ისტორია, თავგადასავლები და გიზიდავთ ექსტრემი, ეს ადგილი თქვენთვისაა. უბრალოდ, რამდენიმე რჩევა მინდა მოგცეთ:

  1. აუცილებლად მოძებნეთ ვინმე ადგილობრივი, ვინც მეგზურობას გაგიწევთ (ერთგვარი ხიბლია გზის მარტო გაკვლევა, მაგრამ ეს დროს დაგიზოგავთ);
  2. ბაკოსა და ხიხანის ციხისკენ მიმავალი გზის გასაყარიდან საფეხმავლო ბილიკამდე დაახლოებით 5 კილომეტრია, ამიტომ, თუ მაღალი გამავლობის მანქანით წახვალთ,  დროსაც და ძალებსაც დაზოგავთ.
  3. თან  იქონიეთ წყალი.  წყალი არსად შეგხვდებათ და სიარულისას აუცილებლად მოგწყურდებათ.
  4. იქონიეთ საწვიმარი.  ამინდის უეცარი გაუარესება აქ ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა.
  5.  აიღეთ ნებართვა მესაზღვრეებისგან. ციხე მდებარეობს საქართველოსა და თურქეთის საზღვართან, ამიტომ აუცილებელია.

თუ წახვალთ,  წინ წარუშლელი შთაბეჭდილებები და საოცრად საინტერესო მოგზაურობა გელით!….

გამოყენებულია:
ვიკიპედია 
ხიხანის (ხირხათის) ციხე. საქართველოს ძეგლები, ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა
ხიხანის ციხე – ახალი აღმოჩენის მოწმე (გაზეთი ,,აჭარა”)
მთისუბნის ლეგენდები ხიხანსა და თამარზე