ფერთა ზღაპარი

  • 14/02/2018
  • Home
  • ფერთა ზღაპარი

ერთეულია მოგონებები,რომელთა შემონახვაც ისე შეგიძლია,რომ ყოველთვის იგივე ემოციებით გადმოსცე მათგან მონიჭებული განცდები… ჩემთვის თითოეული მოგზაურობაა ასეთი შემონახული განძი,დაუვიწყარი მომენტების თაროებზე ყველა ადგილს ჩემს საქართველოში თავისი ადგილი უჭირავს. მინდა არსებობდეს ტრაფარეტი,სახელწოდებით “მოგზაურობა” და ამ ტრაფარეტის გადასახვევიდან უსასრულო იყოს ჩემი წინსვლა ჰორიზონტებს შორის!!! არ დამელევა სიტყვები საქართველოზე,მე ჯერ ჩემი ქვეყნის მოგზაური ვარ და ამ გზამ სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ ერთხელ,ერთხელაც რაჭაში გადამისროლა,შემოდგომის რაჭაში,დანისლულ და ამ ნისლში სევდიანად ჩაძირულ რაჭაში… წვიმით სავსე იყო ცაც და მიწაც იმ დღეს,ვგრძნობდი რა ახლოს ვიყავი ჩემს სურვილთან–შევხებოდი რაჭას,ეს მართლა სულ სხვა საქართველო იყო და იმის ცოდნაც,რომ ქართველი ხარ,რაჭაში ყოფნისას სულ სხვაა და ბევრად ამბიციური,ბევრად საამაყო!
ფერთა ზღაპარი იყო შაორს იქეთ მიმობნეული ხეები,ეს იყო ფერთა აკორდები,ტყის ცისარტყელა. გეგონებოდათ მხატვარმა,რომელსაც ყველაზე ბუნებრივი ფერები შეუქმნია იქ გახსნა მისი შემოქმედების სკივრი და იმ ტყეს აჩუქა დაუნანებლად. მივუყვებოდი შაორს,გზადაგზა ასკილის ბუჩქები მხვდებოდნენ,მთები,ვაზები,რაჭული სახლები და ეზოები… მხვდებოდა ხალხი,რომლებიც არ ვიცი რა მიზეზით არიან საქართველოში ყველაზე “ნელ” ადამიანებად წოდებული,მაგრამ ის კი ვიცი,რომ იქ ყოფნისას მართლა ძალიან გინდა ყველა კადრი შეანელო და გააჩერო,სამუდამოდ აქციო…
ფერებივით იცვლებოდა ამინდი,ბედნიერებიც ცრემლებს ვაპარებდი წვიმას და ცოტა ხანში მცხუნვარე მზე მიშრობდა ატალახებულ გზებს ბარაკონის დედათა მონასტრისკენ. იქ ერთი ადგილი იყო,სახლისმაგვარი,ძველი,მიტოვებული შენობა,ფანჯრიდან ერთადერთი გაჩერებული საათი მოჩანდა. გული დამწყდა,რომ დრო ხალხივით გაჩერებულიყო იმ ადგილზე. ადგილებს მიტოვება აღარ სჭირდებათ საქართველოში,სანამ მზე ანათებს გზებს,სანამ ცვარს ამ მთების წვერზე ისევ მზე აციმციმებს და ზოგან ადგილ–ადგილ მალავს მის სხივებს,ჩრდილებს ტოვებს დედამიწაზე…
რა ფასი აქვს ცხოვრებას თუ წინ არ იარე? არაა საჭირო იცოდე სად მთავრდება ერთი გზა და იწყება მეორე,ეს არ არის მოგზაურობის წესი! მოგზაურობა უსასურულოა,ულიმიტო… რა ფასი აქვს ადგილებს თუ არ შეიგრძენი მისი ხიბლი? იქნებ შენი სახლი სულაც არ არის იქ,სადაც უბრალოდ ცხოვრობ…
ეს ჯადოსნური ჯოხის მხოლოდ ერთი მოქნევა იყო ჩემი ხეტიალებიდან,რაც ყველამ უნდა ნახოს,მაგრამ წინ კიდევ ბევრია! უზომოდ ბევრი,იმათთვის,ვისაც ჯერა,რომ ასეთი საოცრება კიდევ მრავლადაა ქვეყნაზე,ამიტომ აიღე ჩანთა,თერმოსში ყავა ჩაასხი და გადაუხვიე მოგზაურობის ტრაფარეტთან,უსასრულო წინსვლით არეულ ჰორიზონტებს შორის!!!