ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ბილიკი – ტობავარჩხილის ტბები

  • 25/06/2018
  • Home
  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული ბილიკი – ტობავარჩხილის ტბები

მარშრუტის აღწერა
მარშრუტი საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში და დატკბეთ სამეგრელოს მთიანეთის გამორჩეული ბუნებით. მოგზაურობისას თქვენ მოინახულებთ ცაშკიბულის ტობავარჩხილის, ტობავარჩხილის, დიდიღალის, კალაშის და წაქაწყარის ტბებს, მაღალ ჩანჩქერებს და ულამაზეს ხეობებს.

დღე 1 (მანძილი: 25 კმ. / 9 სთ. 30 წთ.)
მარშრუტი სოფ. მუხურის ცენტრში იწყება და მარტივი ბილიკით მიუყვება მდ. ხობისწყალის ხეობას. ბილიკი დასაწყისში გაივლის შურუბუმუს მღვიმეს, მინერალურ წყალ ლუგელას და გვალაშარასა და ღუნჯის ჩანჩქერებს (გვალაშარა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია კანიონინგისათვის), შემდეგ კი საშუალო სირთულის კატეგორიაში გადადის და სერპანტინით ადის ნათიფურუს საბანაკე ადგილას.

შენიშვნა: მარშრუტის პირველი დღე მთლიანად ფეხით გასავლელად გრძელი და დამღლელია, განსაკუთრებით ნათიფურუმდე ასასვლელი სერპანტინი, ამიტომ რეკომენდებულია ამ მონაკვეთის მაღალი გამავლობის ავტომობილით დაფარვა. ტრანსპორტის დაქირავება შესაძლებელია სოფ. მუხურში.

დღე 2 (მანძილი: 9 კმ. / 6 სთ.)
ნათიფურუს საბანაკედან მარშრუტი ცაშკიბულის ტობავარჩხილის ტბისკენ მიემართება. ბილიკი გაივლის ალპურ და სუბალპურ ზონებს, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედების იშლება. დაახლოებით 8 კმ-ში ბილიკი უღელტეხილზე ადის (2749 მ.) და ცაშკიბულის ტობავარჩხილთან ეშვება. ტბის ნაპირებზე ვრცელი მდელოებია სადაც შესაძლებელია კარვების გაშლა და დაბანაკება.

შენიშვნა: სურვილის შემთხვევაში, ამავე დღესვე შესაძლებელია მეორე უღელტეხილის გადავლა და ტობავარჩხილის ტბასთან დაბანაკება, რაც დამატებით 3 საათს მოითხოვს. ამ შემთხვევაში მარშრუტის ხანგრძლივობა შემცირდება 4 დღემდე.

დღე 3 (მანძილი: 3.4 კმ. / 3 სთ.)
ცაშკიბულის ტობავარჩხილიდან მარშრუტი მომდევნო უღელტეხილზე (2871 მ.) ადის, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება შემოგარენზე. უღელტეხილიდან ბილიკი ტობავარჩხილის (იგივე ჭითაგვალას) ტბასთან ეშვება, რომელიც მოსანახულებელ ტბებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა და საუცხოო სილამაზით გამოირჩევა. ტბის ნაპირებზე კარგი საბანაკე ადგილებია.

დღე 4 (მანძილი: 16 კმ. / 8 სთ.)
ტობავარჩხილის ტბიდან ბილიკი მცირე უღელტეხილზე (2785 მ.) ადის, საიდანაც მალევე გვხვდება ჯერ დიდიღალის ტბა, ხოლო შემდეგ ტბა – კალაში, რომელსაც გულის ფორმა აქვს და ხშირად გულის ტბასაც უწოდებენ. აქედან მარშრუტი ჯერ მდინარესთან ეშვება (კარგად ჩანს მწ. ჭითაგვალა და მდ. ხობისწყალის კასკადოვანი ჩანჩქერი) ხოლო შემდეგ მთა ურაშზე ადის, საიდანაც საუცხოო ხედები იშლება ეგრისის ქედზე და სვანეთის მთებზე. აქედან 6 კმ-ში ბილიკი მთა გვანდრას ძირში, მწყემსების ქოხთან მიდის. აქვეა სასმელი წყალი და საბანაკე ადგილი.

შენიშვნა: ტბა კალაშიდან 400 მ-ში შეგხვდებათ გადასახვევი, საიდანაც სურვილის შემთხვევაში – წაქაწყარის ტბაზე შეძლებთ მოხვედრას (მანძილი 1 კმ). გაითვალისწინეთ, რომ ეს ბილიკი განეკუთვნება რთულ კატეგორიას და სასურველია იქონიოთ თოკი, წრიაპი და ა.შ. ტბის მონახულება და გადასახვევთან დაბრუნება მინიმუმ 2.5 საათს მოითხოვს. ტბა წლის განმავლობაში უმეტესად ყინულით არის დაფარული.

დღე 5 (მანძილი: 17 კმ. / 5 სთ. 40 წთ.)
საბანაკე ადგილიდან ბილიკი განაგრძობს დაბლა დაშვებას, გაივლის ტყეს და სოფ. ზემო ვედში შედის (სოფელში დგას რამდენიმე საზაფხულო სახლი). სოფლიდან 3 კმ-ში ბილიკი მარტივ კატეგორიაში გადადის, გაივლის სოფ. ქვემო ვედს და საბოლოოდ სოფ. ხაიშში სრულდება.

შენიშვნები:
• გაითვალისწინეთ, რომ წლის სხვადასხვა პერიოდში უღელტეხილებზე შესაძლოა იდოს თოვლი, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე!
• მარშრუტზე ხშირად გვხვდება მცენარე „დიყი“ რომლის ფოთლებთან შეხებაც აღიზიანებს კანს და აჩენს წყლულებს, ამიტომ ჩაიცვით გრძელტოტებიანი შარვალი;
• ბილიკზე მრავლადაა წყაროები და ნაკადულები;
• მარშრუტზე ხშირად გვხვდება მწყემსების სეზონური სადგომები, რომლებიც უმეტესწილად ივნისიდან სექტემბრამდეა აქტიური. მწყემსები აქვე ამზადებენ სხვადასხვა რძის ნაწარმს და თაფლს, რომელთა დაგემოვნებაც ადგილზევე შეგიძლიათ;
• მარშრუტზე მობილური კავშირის დაფარვის ზონა ვრცელდება სოფ. მუხურში, ნათიფურუში და სოფ. ხაიშში.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია