სტუდენტური ბანაკი უწერაში

  • 30/06/2018
  • Home
  • სტუდენტური ბანაკი უწერაში

უცხოელი სტუდენტები რაჭის სალაშქრო ბილიკებს ითვისებენ.

ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ უწერას ტერიტორიაზე, ევროკავშირის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის, „Erasmus +“-ის საქართველოს ოფისის ორგანიზებით საერთაშორისო სტუდენტური ბანაკი მოეწყო, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან 30 სტუდენტი იმყოფებოდა.

მოლაშქრეებმა რამდენიმე დღის მანძილზე რაჭაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული რამდენიმე სალაშქრო ბილიკი გაირეს. სტუდენტებს ბანაკში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებმა რაჭაში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების გეგმები და რაჭაში ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული პროექტები გააცნეს.

ბოლო 3 წელიწადში ადმინისტრაციამ საქართველოს 8 რეგიონი შეისწავლა და მოიკვლია 190-მდე სალაშქრო ბილიკი. მოკვლევის პარალელურად ბილიკების მონიშვნა და ონლაინ სივრცეში გადატანა ხდება.

2016-2017 წლებში, სამეგრელო – ზემო სვანეთისა და რაჭა ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის რეგიონებში 33 ბილიკი მოინიშნა. შეიქმნა 60-ზე მეტი მარშრუტი.

მონიშნული ბილიკების საერთო სიგრძემ 722 კმ შეადგინა . ყველა ბილიკი ქართული, ეროვნული სტანდარტის მიხედვით შეიქმნა, რომლიც 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა.

სტუდენტი ბანაკი რაჭაში „მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი“, „Mosta Youth Empowerment Centre“-თან თანამშრომლობით, ევროკომისიის მიერ Erasmus + პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს “Breathe In” ფარგლებში მოეწყო.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია