სტამბოლშიც წვიმიანი დღეებია…

  • 17/11/2018
  • Home
  • სტამბოლშიც წვიმიანი დღეებია…

   მეგობარმა მომწერა,რომ თბილისში წვიმს.აქაც წვიმიანი ამინდია.შვედურ მაგიდასთან გახუხული პური,ყველის ასორტი და ფინჯანი ყავა ავიღე და ფანჯარასთან,იმ მაგიდასთან მივედი ,საიდანაც ჩანდა წყალზე მოტივტივე გემები.მე ფანჯარაში ვიყურები, მომინდა ერთფეროვნება ვიგრძნო,მაგრამ ყველაფერი მაოცებს ბავშვივით.იმ მისტიკას ვგულიხმობ,რომელსაც ზღვის ნაპირზე მოცურავე თოლიების ცქერით ვგრძნობ.სიტყვებით როგორ გადმოვცე,რომ მომაჯადოეს ამ პაწაწინა ფრინველებმა,სინამდვილეში მხოლოდ იმაზე რომ ფიქრობენ როგორ მოინადირონ თევზები. ტურისტების ნაკადი არ წყდება ტერასაზე. 

იცი როდის დავინახე ბოსფორის სანაპირო,,სადაც უნდა ჩამერბინა ფეხით და  მოვფერებოდი ლურჯ ტალღებს.არ ვიცი, როდის ვიგრძენი,რომ ამ ქალაქში ჩამოვიდოდი,სასტუმროში დავბინავდებოდი და ჰაერში გაფრენილ თოლიებზე დავიწყებდი ფიქრს.იქნებ მაშინ, როდესაც ამაზე ვფქრობდი,ჩემს შვილებთან ერთად ვიწექი,ბედნიერი ვიყავი და წინათგრძნობას გავურბოდი კიდევაც. ან იქნებ სწორედ მაშინ დავიწყე ამაზე ფიქრი,როდესაც ბავშვობისას შეშის ღუმელს გამოაღებდა მამა და ხმელ ფიჩხებს ერთმანეთზე რომ დააწყობდა, ნაკვერჩხლებს თვითმფრინავის შუქს ვამსგავსებდი,რომელსაც შუა ღამისას ათასში ერთხელ მოვკრავდი ხოლმე ფანჯრიდან თვალს.ზუსტი თარიღი არ ვიცი, არ ვიცი როდის ვიქეცი მეოცნებე ადამიანად,მაგრამ ახლა აქ ვარ,ბოსფორის ხიდს ვუყურებ სასტუმროს აივნიდან და ბედნიერი ვარ.მინდა სურნელი, რომელსაც ზღვის ნაპირი ტოვებს სულში თქვენც გაგიზიაროთ და ზუსტად ავღწერო ჩემი დილა.გემებს ვუყურებ.წარმოვიდგენ რომ იყო დრო ,როდესაც ეს ხედი ნანახი არ მქონდა და გული მეწურება.არ ვიცი რა მაკავშირებს ამ თეთრ გემებთან,რატომ ვგრძნობ უცნაურ მიზიდულობას ჩემსა და იმ იალქნიან გემებს შორის რომლებიც ტაატით გადადიან მარმარილოს ზღვაში და უჩინარდებიან.რთული იქნება ამ ქალაქზე წიგნის დაწერა.ალბათ ერთსა და იმავეს დავწერ,მარტოობაზე,თოლიებზე, ლურჯ მეჩეთზე,გალათას კოშკზე,მაგრამ თუ შევძლებ და იმ ენერგეტიკას გადავიტან ფურცლებზე,რომელსაც სტამბულში ვგრძნობ, ეს იქნება  ძალიან კარგი.