სიყვარული ბალიზე

  • 14/02/2018
  • Home
  • სიყვარული ბალიზე

ყველა ამბობს და ყველას უნდა, რომ საოცრად მოკლე ცხოვრება საინტერესოდ გაატაროს, თუმცა გამბედაობა ცოტას ჰყოფნის, რომ გავიდეს კომფორტის ზონიდან, არადა სწორედ მაშინ იწყება სასწაულები და თავგადასავლები.
ძალიან დიდი ხნის წინ “ჭამე, ილოცე და შეიყვარეს” ვუყურე, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩემი ცხოვრებაც ამ ისტორიის მთავარი პერსონაჟის ცხოვრებას დაემსგავსებოდა, გაგიკვირდებათ და თითქმის ზუსტად ახდა.
იტალიაში ცხოვრების შემდეგ, აზიაში გადავწყვიტე ცხოვრება, რადგან ვფიქრობდი ეს იქნებოდა კომფორტის ზონიდან გასვლისა და საკუთარი თავის პოვნის ყველაზე კარგი საშუალება და მართალიც ვიყავი. აზიაში წასვლის წინ მეგობარმა მაჩუქა წიგნი „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ და წაკითხვისას საოცარი სურვილი გამიჩნდა ბალიზე მოგზაურობის.


ბევრი ვიმუშავე, რომ მომეგროვებინა საკმარისი თანხა და ბოლოს მარტო წავედი ამქვეყნიურ სამოთხეზე. დილაობით სანაპიროზე ვიჯექი და ვუყურებდი სერფერებს, როგორ ებრძოდნენ მეამბოხე ზღვას, საოცარი იყო მათი დანახვა, მივხვდი რომ ადამიანებს, მუდმივად მოძრავ წყალში ბალანსის მიღწევა, აბედნიერებდა. ალბათ ცხოვრებაშიც ასეა, საკუთარ თავთან ჰარმონიისა და ე.წ. ბალანსის გრძნობა ბადებს მარადიულ ბედნიერებას.  ერთხელ ერთი ინდონეზიელი მომიახლოვდა, მკითხა, მარტო თუ ვიყავი, პასუხი არ დამაცადა, თვითონვე თქვა: „თუმცა აქ მარტო როგორ იგრძნობ თავს, სამოთხეში ხარო“, მართალიც იყო. ბალი ულამაზესია, მაგრამ ეს არაა მთავარი. მე სხვას ვეძებდი, რაღაც უფრო ღრმას, ვიდრე ვიზუალური სილამაზეა.


ერთ დღეს „ტანაჰ ლოტის“ ტაძარში წავედი, ეს ტაძარი შუა ზღვაში კუნძულზეა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია იქ გადასვლა შესაძლებელი, თუ წყლის დონე დაკლებულია, ამ ტაძარში კი წმინდა წყარო მოედინება, ამბობდნენ სურვილი უნდა ჩაუთქვა და აუცილებლად ახდებაო. მე კი თავგადასავლების ძიებაში გავუდექი გზას. ჩემდა ბედად, წყლის დონე დაწეული იყო და გადავედი ტაძართან და წმინდა წყალიც დავლიე, სურვილიც ჩავიფიქრე, შემდეგ ბერებმა წმინდა წყალი მაპკურეს და თეთრი ყვავილი დამიმაგრეს თმაზე. ეს ყვავილი დღემდე შენახული მაქვს ჩემი მოგზაურობების დღიურში. ტაძრიდან სულიერად სავსე წამოვედი, უმიზეზოდ ბედნიერს რაღაც მიხაროდა, ან უბრალოდ კარგი წინათგრძნობა იყო, ეს ალბათ მეექვსე ჩაკრის დამსახურებაა. სასუმროსკენ გავუყევი გზას მანქანით, თან ძალიან მშიოდა. რაც ამ გზაზე მოხდა, დღემდე არ მჯერა, მაგრამ რეალურად რომ მოხდა, სურათები მიდასტურებს.


გზაზე ვიწრო ქუჩაზე თვალი მოვკარი აბრას, ზედ აწერია „ტიფლისი“, რა თქმა უნდა, თვალებს არ დავუჯერე. როგორ შეიძლება ინდონეზიაში, ბალის კუნძულზე, ეწეროს „თბილისი“, მეგონა, რომ წმინდა წყლის დალევამ ჰალუცინაციები გამოიწვია, თან საქართველოდან ერთი წლის წამოსული ვიყავი, თან მენატრებოდა ქართული საჭმელები და მშიერს ალბათ მომეჩვენა. გავაჩერე ტაქსი, ვდგავარ, ვუყურებ ამ აბრას, მგონია რომ სიზმარში ვარ. ცოტა ხანში გამოვფხიზლდი და შევედი რესტორანში, ზედ ქართულად ეწერა „ღიაა“, თან კარის გვერდზე თონე იყო. გავგიჟდი. ინდონეზიელ ოფიციანტებს ქართული დროშიანი ფორმები ეცვათ, კედლებზე საქართველოს სურათები იყო გაკრული, აქა-იქ ქართული წიგნები იდო, ქართული აურა იგრძნობოდა. ენა ჩამივარდა. ვერ ვუჯერებდი თვალებს. ოფიციანტი მომვარდა, მენიუ მომიტანა, მენიუსაც თბილისი აწერია და ტექსტი ქართულადაც კი იყო: ხაჭაპური, ლობიანი, მწვადი, ტარხუნის ლიმონათი… wifi-ც ჰქონდათ, მასაც თბილისი ერქვა.

სად? ბალიზე! გამოვკითხე ოფიციანტი სასწრაფოდ, ინდონეზიელი ბიჭები მუშაობდნენ მიმტანებად და მზარეულებადაც. ქართველის ყოფილა ეს რესტორანი 8500 კილომეტრის მოშორებით საქართველოდან. თურმე ქართველები თითქმის არ სტუმრობენ, იშვიათი გამონაკლისი აღმოვჩნდი. კერძებიც მომეწონა, შევაქე მზარეული, “სახლის” გემო ჰქონდა. სიზმარში არ ვყოფილვარ, ეს რეალობა იყო. შევუკვეთე ლამის ყველაფერი, რაც მენიუში ჰქონდათ, თან არ მჯეროდა, რომ ასე შორს ჩემს ფესვებს ვიპოვიდი. „ჭამე, ილოცე, შეიყვარეს“ პერსონაჟმა სიყვარული იპოვა ბალიზე მეორე ნახევრის სახით, სიყვარულის პოვნა ხომ „სახლის“ პოვნას ჰგავს, მეც ვიპოვე ჩემი სიყვარული, „საქართველოს“ გადავაწყდი ბალიზე.
სასწაულები ხდება მაშინ, როცა ადამიანი გადის კომფორტის ზონიდან, როცა აბარგებს ზურგჩანთას და სრულიად მარტო მიემგზავრება ძალიან შორს.