სილამაზის კონკურსიდან ოცნებამდე…

  • 23/02/2018
  • Home
  • სილამაზის კონკურსიდან ოცნებამდე…

_იჩქარეთ, იჩქარეთ- მთელ ხმაზე გაკივის ჩინელი ტურ ლიდერი. მისთვის სირბილია საჭირო, მისი ფეხის სიგრძე აშკარად ჩამორჩებოდა საერთაშორისო სილამაზის კონკურსის ტოპ 10 ეულის გოგონებისას, ამიტომ მისი სირბილი ჩვენთვის მხოლოდ აჩქარებული ნაბიჯი იყო, ამიტომ მის ასეთ პანიაკზე მხოლოდ მშვიდად  გვეღიმებოდა როგორც „მის-ებს“ შეეფერებათ.

გამარჯვებული გოგონები  ჩინეთიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მივყავართ, გადატვირთული ერთი თვე იყო კონკურსის ფინალამდე და დასვენება აშკარად გვჭირდება. ალბათ უფრო ამ კომპანიის გასაპიარებლად მივყავართ მაგრამ ვის ადარდებს… მოგზაურობა ხომ ყველას გვიყვარს…

თითქმის 10 საათიანი მგზავრობის შემდეგ, ქანცი გვაქვს გაწყვეტილი და ჩვენი მარშუტიდან გახედვის თავიც არ გავქვს, თუმცა დროდადრო ძილბურანში საოცარი შენობებიდან არეკლილი მზის სხივი თვალს გვჭრის და გვაიძულებს ყურადღება მივაქციოთ. თვალს ძლივს ვახელ, ამიტომ მომავალი 9 დღის იმედით მშვიდად ვიძინებ….

სასტუმრო პირდაპირ სანაპიროზეა, გოგონების სიხარულს საზღვარი არ აქვს რუჯისთვის წვებიან და სოციალურ ქსელებში ალბათ მილიონობით ფოტოს ტვირთავენ. ჩემი ოთახის მეზობელი გამარჯვებულია უკრაინიდან, მთხოვს ფოტო ისე გადავუღო, რომ მთელი სანაპირო გამოვაჩინო…

 

წყალს ვერ ვშორდები… ისეთი თბილია…

იმდენად ბედნიერი ვარ საკუთარ თავს ვეკითხები:“ როდის მოვედი აქამდე? რა გავაკეთე იმდენად სწორად რომ ეგ ყველაფერი დავიმსახურე?“

და ძალაუნებურად ჩემი ექსკურსიის დასაწყისი მახსენდება:

საქართველოში ერთ-ერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებულად დამასახელეს და პრიზად ჩინეთში საერთაშორის სილამაზის კონკურსზე გამგზავრება დამიფინანსეს. პასუხის მგებლობის გრძნობა ისედაც არ მაკლდა, მაგრამ ამ სიახლის შემდეგ ჩვეულებრივ გიჟად გადავიქეცი. ყველა ჩემი ქცევის და მანერის კრიტიკოსად ვიქეცი. ვითვლიდი თითოეულ კალორიას და ნაბიჯს. როცა ჩინეთში ჩემი გამგზავრების დრო მოვიდა აეროპორტში მარტო იმაზე მეფიქრებოდა რომ განსაკუთრებით მომხიბლელი ვყოფილიყავი როცა კონკურსის ორგანიზატორები პირველად მნახავდნენ. ყურადღება არ მივაქციე სრულ ყინვას, არც იმას რომ წინ 19 საათიანი მგზავრობა მელოდა… თხელი ტყავის პიჯაკითა და 10 სმიანი ქუსლებით გამოვცხადდი აეროპორტში. ( სხვა რომ იგივე ფორმაში დამენახა ალბათ გავაქილიკებდი კიდევაც…)

თბილისი-კატარი-ჰონკონგი ასე გამოიყურებოდა ჩემი რეისი… ნუ ჰონკონგიდან მანქანით უნდა წამიყვანონ გუანჯოუში… საათნახევრის გზააო ასე მითხრეს.

მღელვარებისგან თვალი ვერ მოვხუჭე, მთელი ღამე თეთრად გავათენე… კატარში ჩაფრენისთანავე საინფორმაციო ეკრანისკენ გავიქეცი, თუმცა ჩემ რეისამდე ჯერ სამი საათი იყო დარჩენილი ამიტომ ეკრანზე არ ჩანდა…

როგორც იქნა ჩემი ფრენის დროც მოვიდა!

ჰონკონგის აეროპორტში ჩასვლისთანავე კონკურსის ორგანიზატორების ზარი გაისმა… მელოდნენ… რა თქმა უნდა მაკიაჟი შევისწორე და გასასვლელისკენ გავემართე… მხიარული ახალგაზრდა მამაკაცი ღიმილით შემეგება, მაგრამ უცებ ჩემი ფოტო ამოიღო ჩემი სახის სიმაღლეზე დაიჭირა და ხან მე შემომხედავს ხან ფოტოს… დავიბენი, გამეცინა… არ ვიცოდი რა მექნა… „კიკი ზუსტად ეგრე გამოიყურები როგორც ფოტოზე“- მითხრა  და ისევ გამიღიმა „მადლობა“ -უხერხულობის დაფარვა მთელი გულით ვცადე…

„მე აქ უნდა დავრჩე, შენ ჩვენი მძღოლი წაგიყვანს თქვენს სასტუმროში“-მითხრა და იქვე მდგარ მეგობარზე მიმითითა. მეც მას გავყევი…

გზა არ მთავრდებოდა… გამახსენდა „საათნახევარშიო“ რომ მითხრეს და დრო დავინიშნე… გავიდა ერთი საათი… „მალე მივალთ?“ ვეკითხები მძღოლს… პასუხი არა იყო, ალბათ ვერ გაიგონა… გავიფიქრე …  შეკითხვის გამეორება მომერიდა… ინტერნეტი არ იჭერდა , ტელეფონიც მიჯდებოდა… „ მალე მივალთ?“ უფრო გამოკვეთილად და ხმამაღლა გავუმეორე მძღოლს… დარწმუნებული ვიყავი რომ აუცილებლად გაიგონებდა, მაგრამ რატომღაც ისევ უპასუხოდ დამტოვა… ცოტა არ იყოს, შიში მეპარებოდა… „არის აქ ვინმე?“ კიდევ უფრო ხმამაღლა ვიკითხე, თუმცა ამაოდ… დავრწმუნდი რომ მისგან პასუხს ვერ მივიღებდი… ამიტომ ჩუმად დავჯექი, მოჩვენებითი სიმშვიდით… მივდიოდით აბსოლუტურად უკაცრიელ ტრასაზე… ლამპიონების ნახევარი ბჟუტავდა, მეორე ნახევარი კი არც კი ანათებდა… გზის ერთ მხარეს უღრანი ტყე იყო, მეორე მხარეს კი- ხრამი…

ყველანაერი საშინელება წარმოვიდგინე, რაც დეტექტიურ ფილმებში მქონდა ნანახი იმ დარჩენილი თხუთმეტი წუთის განმავლობაში, რაც სასტუმრომდე მისვლას დაჭირდა…

ჩემს ნომერში შესვლისთანავე ჩამეძინა…

მუსიკის და ქორეოგრაფის ხმამ გამაღვიძა… ითვლიდა 1დან 8მდე…

მთელი თვე ამ მუსიკის და ამ ქორეოგრაფის ხმა ჩემი ცხოვრების საუნდტრეკად იქცა… დილიდან საღამომდე, რეპეტიცია… გადაღებები… დიეტა… და შუაღამეს დარჩენილი ენერგიის შეკოწიწება და  დარბაზში ქანცის გაწყევტამდე ვარჯიში…

ნომერში უკრაინელ გოგონასთან ერთად ვცხოვრობდი…სასტუმროს ნომერი ვილის ტიპის სახლი იყო ტბის პირას… საოცრად ლამაზი იყო, თუმცაღა ტბის ბინადრები ხშირად გვსტუმრობდნენ ოთახში… ბაყაყების და უწყიანრი ხოჭოების მხოლოდ პირველი 5 დღე გვეშინოდა… მერე ( ალბათ გადატვირთულმა გრაფიკმაც თავისი გაიტანა) მხოლოდ ხმადაბლა, გადაღლილი ხმით ვაფრთხილებდით ერთმანეთს რომ ახალი სტუმარი გვყავდა…

ფინალი ცენტრალურ პარკში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სცენაზე გვქონდა…  როცა გამარჯვებულებში „მის საქართველო“ დამასახელეს, ყველა ემოცია ნამდვილად არ მახსოვს მაგრამ უდიდეს სიამაყეს რომ ვგრძნობდი არ დამვიწყებია…

 

 

ფიქრებიდან ტელეფონზე მოსული შეტყობინება მარკვევს…

-ექსკურსია!- წერს ჩვენს საერთო ჩატში ჩვენი ტურ ლიდერი.

მიხარია, თუმცა კორკუნსანტებისთვის ეს ნიშნავს კოქტეილის კაბებით, ლენტებით და ქუსლებით  ყალბი ღიმილით ფოტოს გადაღებას სხვა ტურისტებთან, ეს ვიცი მაგრამ მაინც…

-დახურული სამოსი ჩაიცვით, თორემ დაგაპატიმრებენ-ფიქრებს მირღვევს ჩვენი ტურ ლიდერის დამტვრეული ინგლისური.

მეღიმება…

კულტურათა სხვაობა მშვენიერი რამაა , ვფიქრობ ჩემთვის …

„მის ჯორჯია“ -ერთერთი ორგანიზატორის ხმა მაფხიზლებს, ვბრუნდები  გრძელი ცისფერი კაბის ფრიალით ( აკი გამაფრთხილეს დახურული სამოსი ჩაიცვითო), ისიც ღიმილით წითელ ვარდს მაწვდის , უსიტყვოდ … შებრუნდა და დანარჩენ ორგანიზატორებს შეუერთდა…

მხოლოდ რამდენიმე წამით დავრჩი მარტო უზარმაზარ, უახლესი ტექნოლოგიებით ნაშენებ შენობებს შორის, მე და წითელი ვარდი…

-უდაბნოში უნდა გავისეირნოთ ხვალ!- ამბობს ტურლიდერი – გადაღება გვექნება…

გამთენიისას გვაღვიძებენ… დატვირთული დღე გვექნება….მანქანაში რამდენიმე ვსხედვართ, ყველა მანქანა ვერ მოდის აქ, შეიძლება ქვიშაში ჩაეფლას… უსასრულო სივრცეს გავყურებ და  ვიცი , მინიმუმ ორი ადამიანის ოცნებაში ვარ… და ჩემი სადაღაა…

მძღოლი რაღაც გაუგებარ სიტყვას იძახის, შესაძლოა წინადადებაც იყოს…  მზერის მიმართულებას თვალს ვაყოლებ და ვხვდები აქლემებს უკავშირდება მისი ნათქვამი, ჯოგი მიდის, მზე კი ქვიშაზე საოცარ ჩრდილს გამოსახავს…

ფეხსაცმლის ტარებას აზრი არ ქონდა …

მზე ჩასვლას ლამობდა…

ქვიშს მაღლობზე ვიდექი და ვგრძნობდი როგორ ეპარებოდა ქარს სუსხი…

ჩემი კაბა ქარის ტალღების მიმართულებით ლივლივებდა, ჩემი თმაც… და უცებ ვიგრძენი… როგორც იქნა, საბოლოოდ ჩემს ოცნებაშიც მოვედი…

იმ წამს მივხვდი ვინ ვიყავი სინამდვილეში…

ზუსტად ისეთი როგორიც მაშინ, როცა არავინ მიყურებს…

და უცებ გოგონა იტალიიდან ჩემთან მოვიდა, ხელი ჩამკიდა და ძლივს გასაგები ინგლისურით მეუბნება:

  • ჩემთან ერთად წამოდი მის ჯორჯია, თორე ისინი წაგიყვანენ და ას აქლემად გაგყიდიან…

ავხითხითდით… ახლაღა შევამჩნიე როგორ მოეხაზათ ნახევარწრე ჩემს გარეშემო ტურისტებს და ფოტოებს მიღებდნენ… რამდენიმემ მასთან ერთად მთხოვა სამახსოვრო ფოტოს გადაღება…

 

იქვე ვივახშმეთ უდაბნოში… ამაღელვებელი იყო, როგორ იჯდა ასობით  ადამიანი მუხლმოყრილი ძალიან დაბალ მაგიდასთან და მიირთმევდა …

უდაბნომ როგორღაც გულწრფელობა გააღვიძა თითოეულ ჩვენგანში… გამარჯვებულმა კონკურსანტმა მოგვიყვა როგორ მიატოვა შეყვარებულმა რამდენიმე დღის წინ… გოგონას ჩინეთიდან მიაჩნდა რომ უბრალოდ არავის მოსწონს…

როგორღაც თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი თავი ერთმანეთს გავაცანით… ნიღბის და მოჩვენებითად გამართულ მხრებს მიღმა დაკარგული გოგონები ვიყავით… გოგონები, რომლებიც ხშირად სტერეოტიპების მსხვერპლი ვხდებით… გოგონები, რომლებსაც ხშირად უემოციო, უგრძნობ თოჯინებად აღგვიქვამენ… გოგონები, რომლებიც  თავს ვაჩვენებთ თითქოს არ გვედარდება… და მაინც ჩვენ გამარჯვებულები ვიყავით!

მოგზაურობამ შეიძლება ბევრი სიახლის, ახალი შესაძლებლობების და ძველი ისტორიის შესახებ მოგიყვეთ… თუმცა , შეიძლება მოულოდნელად საკუთარი თავის დანახვასა და მიღებაში დაგეხმაროს… ისეთის როგორიც ხარ!