სიკვდილის ფილოსოფია ვარანასიდან

ნამასტე,მემ.

მემ, იცით, რომ იღბლიანი ხართ?
რატომ? – ეს ვარანასია. ვარანასიში კი მხოლოდ ის ხვდება, ვისაც კარგი კარმა აქვს. აი, ამიტომ, მემ.

რას უღებთ ფოტოებს ? შეიძლება ვნახო? ო, კარგი ხედვა გქონიათ . მშვენიერი ფოტოებია . ოღონდ აქ ნუ გადაიღებთ სურათებს, აკრძალულია.თქვენ რა , არ იცით ეს რა ადგილია, მემ?
დიახ, მართალი ხართ. ეს მანიკარნიკაა, ყველაზე დიდი სარიტუალო ადგილი. დანარჩენი ორისაგან იმით განსხვავდება, რომ ჩვენ ყველას არ ვწვავთ. აქ მხოლოდ ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილებს უტარდებათ კრემაცია, მემ.
ამ სახლებს ხედავთ , მემ? სულ სავსეა. ყველა კუთხიდან ჩამოდიან მომაკვდავები და აქ ელოდებიან ჟამის მოსვლას.
ზოგი მარტო, ზოგი ოჯახებთან ერთად.
ყველას უნდა წმინდა ცეცხლი შეეხოს, მემ. ჩვენ გარდაცვლილებს ბეჭის და ბარძაყის ხორცს ვაჭრით დაწვამდე და მდინარე განგას თევზებს ვაჭმევთ- ასე სამყაროსეული ცირკულაცია მწყობრში მოდის. სამყაროს ყველა ბინადარი ხომ ერთმანეთს ვუკავშირდებით, მემ.
ირგვლივ ქალები რატომ არ არიან იცით? ვერ უძლებენ საკუთარი ოჯახის წევრის დაწვის პროცესს . როცა ტერიტორიაზე ვუშვებდით ვიღაც სულ ცეცხლში გვიხტებოდა. ვიტანჯებოდით…
ჩემი სახელი რას ნიშნავს იცით ? ცეცხლის სახეს. რა უცნაური დამთხვევაა, არა, მემ? თქვენ გჯერათ დამთხვევების?
იცით , რამდენ ადამიანს ვწვავთ დღეღამეში ? 100, 200 კაცს. დღე და ღამე ვმუშაობთ, მემ.
დრო? დრო სულ სამი საათია ერთი ადამიანის დასაწვავად საჭირო. სამი საათი და 100 კილო შეშა, მემ – სულ ეს არის ადამიანი. წლობით დაჰფოფინებს საკუთარ სხეულს და 200 წუთში აღარაფერი რჩება მისგან. აი, იმ სასწორებზე ვწონით ხოლმე . თუ ოჯახი მდიდარია, სამას კილო შეშასაც ყიდულობენ ზოგჯერ, მაგრამ 100-150 ნანდვილად საკმარისია, მემ.
ზოგჯერ გაჭირვებულები მოდიან და მეუბნებიან, რომ შეშის ფული არ აქვთ . ისე ხომ არ დავტოვებ. უფასოდ ვუტარებთ რიტუალს. გინდათ მათ დასახმარებლად აბრეშუმის შარფი იყიდოთ , მემ? სუფთა აბრეშუმია. თუ იყიდით მაღაზიის მეპატრონე შემწეობას  გადმორიცხავს ღარიბების დასახმარებლად.
არა, არა, თქვენი ფული არ მინდა და მაგიტომ არ გელაპარაკებით. უბრალოდ მომეწონეთ, მემ. საინტერესო ჩანხართ.
განურჩევლად ყველას შეუძლია თუ არა რიტუალში მონაწილეობა? რას გულისხმობთ , მემ? ევროპელს თუ შეუძლია კრემაციის გავლა მაგალითად? რასაკვირველია, მემ .
განა რა განსხვავებაა ევროპელებსა და ჩვენ შორის, ან აფრიკელებსა და ჩვენ შორის. ზოგადად ხალხის დაყოფა და განსხვავება როგორ შეიძლება, მემ ?! ჩვენ ხომ ყველას ერთი მამა – ბაბა ვყავს. კანის ფერი სხვადასხვა გვაქვს,  შეიძლება, მაგრამ თითს რომ გაიჭრის კაცი, ყველას სისხლი ერთნაირია, მემ…

აგნიმუჰა, 65 წლის.
რამე ოფიციალური განათლება არასოდეს მიუღია.
ვარანასი.

 

  •  
  •