სვანეთის მაგია

  • 26/02/2018
  • Home
  • სვანეთის მაგია
სვანეთში წასვლაზე არასდროს იყოყმანო, ადექი და წადი! მერე რა, თუ უკვე ნამყოფი ხარ?! ეს მიზეზი, დამერწმუნე, უძლურია იმ ყველაფერთან, რაც იქ არის. ეს ის ადგილია, სადაც ყოველ ჩასვლაზე რაღაც და ვიღაც ახალი გხვდება. ლამაზი, ძლიერი და თბილი ადამიანები, მათსავით ლამაზი და ძლიერი ბუნება.
აქ აზრები თავისით ლაგდება.
აქ ადამიანები ნამდვილები არიან.
აქ ბუნება გაიძულებს იყო ის, რაც ხარ, მიხვდე რა გინდა, შთაგაგონებს ათასი იდეით და გაძლიერებს.
ეს ის სიზმარია, გამოღვიძებულზე გულს რომ გწყვეტს, რატომ გამეღვიძაო და სასწრაფოდ ხუჭავ თვალებს, იქნებ გაგრძელდეს. 🙂 მაგრამ სიზმრისაგან განსხვავებით, ის რეალურია და მარტივად შეგიძლია იმდენჯერ “დახუჭო თვალები” მის გასამეორებლად, რამდენჯერაც მოისურვებ.
აქ ის სიმშვიდე გხვდება, რის პოვნასაც საგიჟეთად ქცეულ ქალაქში ცდილობ.
აქ ყველაფერი სხვანაირია, ბუნება, ადამიანები, ცხოველებიც კი. :))
ადამიანების ძალას უსიტყვოდ, მზერითაც კი გრძნობ. მასში იგრძნობა ყველა ის ღირსება რასაც “ქართულს” ვეძახით, რაც ისტორიის წიგნში წაგვიკითხავს და რითიც ვამაყობთ. იმდენად ლამაზები არიან, დამახასიათებელი  სახის ნაკვთებით, თვალის ჭრილით, წარბის ფორმით, ღიმილით და ძლიერი პროფილით, უბრალოდ გინდა იჯდე და უყურო, უსმინო როგორი გულით მღერიან თავიანთ კუთხეზე და სადღაც, გულის კუნჭულში, ეჭვი შეიტანო კიდეც საკუთარ თავში, რომ მათსავით ძლიერად არ გიყვარს ის მიწა რაზეც დგახარ, დადიხარ და სადაც დაიბადე.
თეთნულდისკენ

თეთნულდისკენ

მისტიური, მითიური და მაგიური გარემოა. აქ შენც მითიური ხდები, თითქოს ძველი ქართული მითოლოგიის ერთ–ერთი პერსონაჟი ხარ. გავიწყდება რეალური სამყარო, ვინ ხარ და რა ხარ იქ, სადღაც, თბილისში. ქალაქში სადაც თითქმის ყველამ დაივიწყა ძველი ადათები, წეს-ჩვეულებები. ქალაქში სადაც ის მზერაა დაკარგული, რაც აქ იგრძნობა, გამბედავი, ლაღი, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე, თვალებში ის ნაპერწკალია რაც ადამიანებს იმედით ავსებს, იმ სულს გიღვიძებს რაც უახლესმა ისტორიამ ჩაგიყლაპა, დაგიღეჭა და ცდილობს მოინელოს კიდეც.
ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ორსართულიანი ტაძარი, IX ს.

ლაღამის მაცხოვრის ფერისცვალების ორსართულიანი ტაძარი, IX ს.

უშგული

უშგული

სვანეთი ის ადგილია, რომლის სრულყოფილად სანახავად მხოლოდ ერთი ვიზიტი არ გეყოფა. არც ორი…  ყოველ ამოსვლაზე იგრძნობ, რომ კიდევ ბევრი დაგრჩა სანახავი.
ყოველ ამოსვლაზე იგრძნობ, რომ მოწამლული ხარ აქაურობით.
ყოველ ამოსვლაზე იგრძნობ, რომ აქედან წასვლა აღარ გინდა.
ყოველ ამოსვლაზე იგრძნობ, რომ “ეს” აქამდე არ გინახავს.
ყოველ ამოსვლაზე იგრძნობ, რომ მოჯადოებული ხარ.
ყოველ ამოსვლაზე იგრძნობ, რომ უკან დაბრუნდები, და არაერთხელ!
ყოველ ამოსვლაზე ახვალ ჰაწვალზე და დააგემოვნებ “ბედნიერების კუბდარს”, რომელსაც მხოლოდ ვიტალისთან შეხვდებით! 🙂
ყოველ ამოსვლაზე მიხვდებით, რომ აქაურობა განა უბრალოდ ფანტასტიკური, “სვანტასტიკურია”!