საჩხერე – მგოსანთა სავანე

  • 24/06/2018
  • Home
  • საჩხერე – მგოსანთა სავანე

ის, რაც ჩემს თვალსა და გულს ახარებს, მინდა ყველას გავუზიარო. ამიტომაც გამიჩნდა სურვილი, ახლობლებთან ერთად მოვიარო  საქართველოს ყველა ქუთხე, ყველა რაიონი, აღვბეჭდო ფოტოზე ეს ღვთაებრივი სილამაზე, შევიგრძნო ამ მადლიანი ქვეყნის სურნელი, წყაროს ჩუხჩუხი, ფოთოლთა შრიალი, ჩანჩქერთა დენა, ზღვის ტალღების შრიალი, უსიტყვო მდუმარე მთათა ამეტყველება და მთებზე წამომართული ციხის კედელთა შეხმიანება… რამდენი რამ შეიძლება მოინახულო და რამდენნაირმა სილამაზემ შეიძლება გაგაოცოს ამ პატარა ქვეყანაში?!

ახლა კი მინდა, იმერეთის ერთ-ერთი, უმშვენიერესი მგოსანთა სავანე – საჩხერის რაიონი გაგაცნოთ.ქართველი კაცი და მითუმეტეს, იმერელი პოეტური ბუნებისაა. ვგრძნობ, აქ ბუნების სილამაზეც სხვაგვარად ესმით და ამიტომაც უწოდებენ ამ რაიონს მგოსანთა სავანეს. ეს ხომ ,,საქართველოს ბულბულის’’ – დიდი აკაკის,ასევე მუხრან მაჭავარიანის, პაოლო იაშვილის, რევაზ ჯაფარიძისა და … მშობლიური საჩხერის რაიონია. ,,ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტმა’’ მეც ამამღერა და სათქმელი გულში აღარ მეტევა:

იმერელი ვარ, ჩემი კუთხე მეამაყება,

ამ ცა-ფირუზზე ოცნებებიც ზღაპრის ფერია,

კოხტა ეზოში ჩაფიქრებულს, აქ დიდ აკაკის

ლექსი ,,სულიკო’’, ერთ სუნთქვაზე დაუწერია.

 

მოდი, მნახეო, გადმოგძახით ციხის კედლები,

და როგორ გინდა, არ მიხვიდე, არ ეამბორო

ამ წმინდა მიწას , კედლებს – შექმნილს სიყვარულისთვის,

ერთხელ არ უთხრა, მოვედი და ახლო გნახეო.

 

მიხვალ და ნახავ ხელისგულზე გაშლილ იმერეთს,

აღფრთოვანება ნიავივით ნაზად გეხება,

ჩიხურას ცივი, მოკამკამე ვიწრო ნაკადი,

ყვირილას ხმიან კალაპოტში როგორ ეშვება.

 

აქ ფეხდადგმული, როგორ გინდა გაცდე იმერეთს,

მგოსანთ სავანეს თვალი ერთხელ არ შეაგებო?!

არგვეთის აღმართს არ აუყევე და არ აღმოგხდეს,

მაჭავარიანთ მამულებში შვება ვნახეო.

 

აქ სხვა გვარია წყალიც, მიწაც, ხალხიც, ბუნებაც,

სიოც კი თითქოს ლექსით ნაზად გესაუბრება,

წყარო გიამბობს, როგორ წერდა ლექსებს მუხრანი,-

სულს უმშვიდებდა აშოლტილი მუხა მდუმარი.

 

ნაკადულებიც პოეტური ენით მღერიან,

მორაკრაკებენ, თითქოს ლექსით გვესიტყვებიან,

ვგრძნობ, აქ სამშობლოს სხვანაირი სხივთა ფერი აქვს,

აქ პოეტების და მწერლების დიდი გენია.

 

იმერელი ვარ, ჩემი კუთხე მეამაყება,

ამ ცა-ფირუზზე ოცნებებიც ზღაპრის ფერია,

მოხიბლულ მგოსანს, აღმაფრენით და შთაგონებით

,,ციცინათელაც’’ ერთი სუნთქვით დაუწერია.

 

რაიონისკენ მიმავალს, პირველი, რაც თვალს გაგინათებს, დიდი მგოსნის ცად აზიდული სიტყვებია :

,, ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო’’.

მალე გამოჩნდება ციხე, რომელიც თავად პაპუნა წერეთელს, სატრფოს გულის მოსანადირებლად აუგია და უთქვამს – ,,მოდი, ნახეთო’’. ციხე დღესაც ერთგულად, სიყვარულით დაჰყურებს საჩხერეს, ელოდება სიყავრულისთვის აგებული ციხე მოსიყვარულე წყვილებს და თითქოს თავისთან უხმობს, მოდით, მნახეთო. დღესაც მახსოვს პირველი განცდა, როდესაც ციხის კედლებიდან გადავხედე ქალაქს. თითქოს მადლიან, ნაშრომ ხელისგულებზე გაეშალათ მთელი რაიონი.

მოდინახის სანახებიდან ჩანს ფერდობზე გაშენებული სოფელი სხვიტორი, რომლის სახელიც ყველა ქართველისთვისაა ცხნობილი. ეს ხომ საქართველოს მგოსნის – აკაკი წერეთლის მშობლიური სოფელია. ავუყევი აკაკის სახლისკენ მიმავალ ქვაფენილს და გზად ძველებური ყორე მიმაცილებდა. ეზოში შესვლითანავე თვალს იტაცებს თეთრი თლილი ქვის  კოხტა აივნიანი სახლი და ეზოში ჩადგმული იმერული, ხის სასიმიდე და საბძელი. ყურადღება მიიპყრო ეზოს განაპირას მდგარმა დიდი ქვის მაგიდამ და მასზე მცველად გადაფარებულმა ბებერმა კაკლის ხემ. ამ ზღაპრულ ეზოს სიმყუდროვეში მჯდარს სმენას დაგიტკბობთ მდინარე ჩიხურას მოჩურჩულე ხმა, საამოდ უბერავდს სიო კვერეთის მთებიდან და საზრდოდ მოაქვს გრილი ტყის ყვავილების სურნელით გაჯერებული მაცოცხლებელი ჰაერი.

კვერეთი – ბუნებრივი მაცივრი! ასე აღვიქვამ ამ მშვენიერ ადგილს, რომელიც ზაფხულის სიცხისგან გათანგულ სტუმარსა თუ მასპინძელს ენერგიით ავსებს, უხვად უზიარებს ყველას სიცოცხლით სავსე ბუნებას. კვერეთის სიგრილისაგან გონს მოსულს ერთი კითხვა დამებადა: ამ სამოთხიდან ნეტავ სად გაისტუმრეს შვილი თავადმა წერეთლებმა და სურვილი გამიჩნდა, მომენახულებინა აკაკის ძიძისეული სახლი სავანეში. ადგილზე მისულმა ვთქვი, რომ სოფლის სახელი სრულად შეეფერებოდა იმ გარემოს.

სავანე – ღმერთების მოსასვენებელი ადგილი! სავანედან წასვლისას თითქოს გული მეურჩებოდა, არ მინდოდა დამეტოვებინა ეს მშვენიერება, მაგრამ დედაბუნება ხელს მიწყობდა – ერთი პატარა აღმართის ავლა და არგვეთის სილამაზის ცქერაში კარს მივადექით მუხრან მაჭავარიანის ეზო-კარს, ადგილს, რომელიც პოეტისთვის შთაგონების წყაროდ ქცეულა. სწორედ ამიტომ არ ეთმობოდა, ალბათ, მუხრანს ეს ,,სამოთხე’’, რაც აქ გამეფებულა. ამ მშვენიერი სანახებიდან უძღვნიდა პოეტი თავის მარგალიტებს, მეგობარსა თუ სატრფოს, სამშობლოსა თუ დედაბუნებას.

ამ ღვთიურ სილამაზეში ბავშვობაში ნასწავლი და გაგონილი პოეტური სტრიქონები მოსვენებას არ მაძლევს:

  • ,,დამიჯერე, ჩემს იმერეთს ერთხელ ნახავ,

მერე, კარგო, ვერასოდეს დაივიწყებ.’’

(ეთერ სამხარაძე)

აქ დავამთავრებ კოპწია იმერეთის მონახულებას და გეტყვით, რომ შეუძლებელია სიტყვებით  გადმოგცეთ ის აღტაცება, რასაც საჩხერე – მგოსანთა სავანე განგაცდევინებთ.