საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ყაზახეთში გაეცნენ

  • 26/07/2019
  • Home
  • საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ყაზახეთში გაეცნენ

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ყაზახეთში გაეცნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, ყაზახეთის ქალაქ ალმატში ადგილობრივი წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.
ღონისძიება ავიაკომპანია „Air Astana”-სთან თანამშრომლობით გაიმართა.

პრეზენტაციას ყაზახეთის 35-ზე მეტი ტურ-ოპერატორი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 20 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ქართული კერძო სექტორისა და ყაზახეთის საქმიანი ტურიზმის სფეროს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა B2B ფორმატში შეხვედრები გამართეს.

„საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ცნობადობის ასამაღლებელი ღონისძიება გაიმართა. ყაზახეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ის მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ მხარჯველუნარიან ტურისტს.“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურისტული ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით ყაზახეთი საქართველოსათვის დინამიურად მზარდ ბაზარს წარმოადგენს.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 6 თვეში, ყაზახეთიდან საქართველოში 33,272 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67.2 %-ით მეტია.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია