სამხრეთ ამერიკაში დაკარგული მანქანის გასაღები და კრიმინალურ ქალაქში გარეთ გათენებული ღამეები

  • 02/11/2018
  • Home
  • სამხრეთ ამერიკაში დაკარგული მანქანის გასაღები და კრიმინალურ ქალაქში გარეთ გათენებული ღამეები

მოგზაურობა, რომ სიახლის, საინტერესო ადგილების, განსხვავებული კულტურის, ტრადიციების აღმოჩენის საბადოა ალბათ დამეთანხმებით. ეგზოტიკურ კუნძულებზე, სანაპიროებზე, თუ უბრალოდ  სოფლებში მოხვედრა უამრავი მოგზაურის ოცნებაა, რადგან მათ აქ ელით ულამაზესი, ფირუზისფერი ზღვა, მთის პეიზაჟები, ველური ბუნება, და რაც მთავარია ზღაპრული თავგადასავლები. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გივი მაღრაძეა. ტროპიკული და ეგზოტიკური ადგილები ბავშვობიდან იზიდავდა. მისი მოგზაურობა, ვოიაჟი მართლაც, რომ თავბრუდამხვევი და ეგზოტიკურია.

– მოგზაურობა ბავშვობიდან მიზიდავდა, განსაკუთრებით კი ტროპიკული ადგილები მომწონდა. 20 წლის ვიყავი პირველად, რომ მოვხვდი უკრაინაში ექსტრემალური სპორტის ფესტივალზე, Z-Games-ზე და მოგზაურობა ამის შემდეგ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მოგზაურობაზე უკვე დამოკიდებული გავხვდი და ერთადერთი მიზანი რაც მამოძრავებს არის ის, რომ  რაც შეიძლება მეტი ვიმოგზაურო, მქონდეს საინტერესო ხალხთან ურთიერთობა და შევიძინო ახალი მეგობრები.

– მარტო მოგზაურობა უფრო გიზიდავთ თუ მეგობრებთან ერთად?

–  მეგობრებთან ერთად მიყვარს მოგზაურობა, რადგან ბევრად სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა ერთ ბედნიერებას რამდენიმე იზიარებს. თუმცა მარტო მოგზაურობასაც თავისი „მუღამი“ აქვს, ბევრჯერ მიმოგზაურია მარტო.

– მნიშვნელოვანია ვისთან ერთადაც მოგზაურობთ? 

– დიახ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვისთან ერთად ვიმოგზაურებ, ეს იქნება ახლო ადამიანები თუ საერთოდ უცნობი ადამიანი. მთავარია სადაც ვმოგზაურობ იმ გარემოებას აუღოს ალღო და „გაუსწორდეს”. მაგალითად იამაიკაზე წავედი მეგობართან ერთად, რადგან მასაც იგივენაირად უყვარს რეგის და დაბის მოსმენა როგორც მე და ვიცოდი რომ ყველაზე ემეტად მას გაუხარდებოდა და მოულოდნელი იქნებოდა. შესაბამისად თრიფიც ძალიან საინტერესო იყო.

– მოგზაურობის დროს უცნაურ, კურიოზულ ან სახიფათო მდგომარეობაში თუ ჩავარდნილხართ?

– თითქმის ყველა ჩემს მოგზაურობას თან ახლავს უცნაური მოვლენები, მაგრამ ეს უფრო საინტერესოს ხდის მას. სხვაგვარად ჩემი მოგზაურობა  მოსაბეზრებელი იქნებოდა. მივეჩვიე უკვე, რომ ეს ხიფათები თან უნდა მახლდეს. მაგალითად სამხრეთ ამერიკაში მანქანის გასაღები დავკარგეთ და რაღაც კრიმინალურ ქალაქში მანქანასთან მოგვიწია გარეთ ორი ღამის გათენება,  რომ არ გავეძარცვეთ. პერუში ავარიაში მოვყევით, სადღაც ხრამში ჩავვარდით, ტაქსის მძღოლს ჩაეძინა. იამაიკაზე ხიდან ჩამოვვარდი და ნეკნები მოვიტეხე სადაც ირგვლივ არც საავადმყოფო იყო და არაფერი, და სამი დღე მომიწია მანქანაში ყოფნა, სანამ ოდნავ მაინც შევძლებდი სიარულს.

ისლანდიაში ხიდზე აძრომის გამო გაფრთხილება მომცეს და ჰოლანდიაში 250 ევროთი დამაჯარიმეს დრონის აფრენის გამო. ერთხელ თვითმფრინავი გაფრინდა, უკან რომ ვბრუნდებოდი. იორდანიიდან უბრალოდ არ ამიშვეს თვითმფრინავში, რაღაც გაურკვევლობის გამო, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სხვა ადამიანში შევეშალე და მომიწია გამოფრენა 15 საათის შემდეგ. ძალიან ბევრი სიტუაცია იყო, რომელსაც ასე მოკლედ ვერ მოყვები, თუმცა არ ვნანობ არცერთ ფაქტს, რადგან ძალიან დიდი თავგადასავლები შეგვემთხვა.

– თქვენი ფავორიტი ქვეყანა, ქალაქი რომელია?

– ჩემი ფავორიტი ქვეყანაა იამაიკა, სადაც რეალურად შეიგრძნობთ თუ რას ნიშნავს იყოს ადამიანი თავისუფალი და როგორ უნდა გიყვარდეს მუსიკა. სადაც არ უნდა გაიარო, ყველგან მუსიკის ხმა ისმის. ავტობუსებში, ქუჩებში, ბაზარშიც საერთოდ ყველგან მუსიკა უკრავს, არავინ გიყურებს რა გაცვია, როგორი ფერის თმა გაქვს. ბუნება და ზღვა აქვთ ულამაზესი, მთლიანი წელი 30 გრადუსია სითბო. რთულია სიტყვებით გადმოვცე აუცილებლად სანახავი ქვეყანაა, თუმცა ცოტა საშიში კრიმინალის მხრივ.

ქალაქს რაც შეეხება, ჩემი ფავორიტი ქალაქი კურითიბა, რომელიც ბრაზილიაში მდებარეობს. არ ვიცი რა მომეწონა ამ ქალაქში, მაგრამ პირველი ქალაქია, სადაც მომინდა, რომ ვიცხოვრო. თუმცა თბილისი მაინც ყველაზე მეტად მიყვარს და ჯერჯერობით ჩემი ფავორიტი მაინც თბილისია.

– ბევრს ჰგონია, რომ მოგზაურობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ცოტა უშინდებიან. თქვენ  რას ურჩევთ ადამიანებს, თქვენ როგორ გეგმავთ დაბალბიუჯეტიან მოგზაურობას?

– ყველა ადამიანს მოგზაურობის ინდივიდუალური აღქმა აქვს. ზოგს იზიდავს მხოლოდ ცნობილი ადგილები, ზოგს სასტუმროები და ა.შ. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია, რომ მოგზაურობამ დამიტოვოს ემოცია, ვიდრე ვნახო ბევრი ტურისტული ადგილი და ვიდგე რიგებში. მთავარია იცოდე თავიდან რა მიზნით მიდიხარ, როგორც ტურისტი თუ როგორც მოგზაური, რომელიც ეძებს თავგადასავლებს და არა მხოლოდ სანახაობრივ ადგილებს.

ჩემთვის მთავარია შევაგროვო ბილეთის თანხა.  არ მიყვარს მოგზაურობის დაგეგმვა, რადგან წინასწარ როცა ვიცი რაც მოხდება, უინტერესო ხდება  ჩემთვის. მოგზაურობაში, ახალი ნაცნობების შეძენაში, ძალიან მეხმარება  პარკური.

მსოფლიო მასშტაბით ბევრი ტრეისერი (ვინც პარკურზე ვარჯიშობს) ვიცნობთ ერთმანეთს და დარჩენის პრობლემა მარტივად გვარდება. იამაიკაზე და სამხრეთ ამერიკაში ხეზე გვეძინა, ასევე ჰამაკებში, რაც ყველაზე კომფორტული იყო ჩემთვის.

იყო ადგილები სადაც კარვით ვრჩებოდით. ასევე ვსარგებლობთ airbnb-ის სერვისით,  რადგან იაფი გამოდის, მითუმეტეს თუ რამდენიმე ადამიანი ვართ.  ბილეთებს ვყიდულობ kiwi.com -იდან, რადგან  ბევრად იაფი ჯდება.  მაგრამ არის ბილეთები რომლებიც ცოტა კომპლექსურია და ტურისტული სააგენტოდან მეხმარებიან ყიდვაში.

– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

– ზოგადად ვგეგმავ ბევრ ქვეყანაში წავიდე და გავეცნო მათ კულტურას, მენტალიტეტს, ცხოვრების რითმს. ჯერჯერობით არ ვიცი სად მინდა ახლო მომავალში წასვლა, მაგრამ ვიცი, რომ სადღაც აუცილებლად წავალ ზამთარში…

 

მოამზადა მერი ბლიაძემ