სამოთხე დედამიწაზე

  • 21/06/2018
  • Home
  • სამოთხე დედამიწაზე

დილაა მატარებლის  ცარიელ ვაგონში,  ჰორიზონტს გასცქერი და ფიქრობ , რომ ზუსტად ესაა ნანატრი თავისუფლება, თავისუფლება ყველაფრისგან, მხოლოდ სიმწვანე გარეთ და სიმყუდროვე შიგნით სადღაც გულის კუნჭულში. იცი , რომ სადღაც ბორჯომის ერთ-ერთ რაიონში პატარა მთაზე აღმართული ეკლესია გელოდება. სახელი ,,ფოთოლეთი’’ არაფერს  გეუბნევა, არც ინფორმაცია მოგიპოვებია მის შესახებ. გრძნობ, რომ დროა დაადგე გზას, იღებ მიგდებულ ჩანთას და ელოდები სოფელ ახალდაბის გაჩერებას. ფეხებქვეშ უკვე იგრძნობა რელსებს შორის დაყრილი ხრეში, რომელიც ფეხებს გტკენს თუმცა გზას  აგრძელებ, იმ გზას რომელიც სადღაც ტლაპოსა და გუბეებს უერთდება. ცდილობ ღრმად ისუნთქო და ქალაქისგან მოყოლილი ყველა უბედურებისგან გათავისუფლდე, ფილტვები ღრმად გახსნა და ისუნთქო ფიჭვის ყვავილობისგან გამოწვეული სურნელი. გზა ეკლესიამდეე დამღლელი და შორია, აღმართია , თუმცა ყოველ აღმართს თავისი თვალმწარტაცი ხედი მოსდევს. ცდილობ , რაც შეიძლება ბევრი კადრი დააფიქსირო ფოტო-აპარატით, ყოველი წამი დაიჭირო, თითქოს გამოცდილი ფოტოგრაფი იყო. გრძნობ თუ როგორ გეუფლება სიმშვიდე, როგორ ხდები ბუნების ნაწილი. სავალი ხუთი კილომეტრი დაახლოებით ერთ საათში იფარება და უცებ წინ ჩნდება ბუნებაში ჩაკარგული პატარა ეკლესია, უმშვენიერესი ხედით. საოცარი გრძნობა გეუფლება, თითქოს ფოთოლეთის ტყეში გაზაფხულს ახლად გაყვავილებული ნორჩი ყვავილი იყო. იქვე მამაოა, რომელიც ღიმილით გიახლოვდება სიტყვებით:

-ამ დილაადრიანად აქ საიდან ?

პასუხობ , რომ გორიდან ხარ, მატარებლით ჩამოხვედი და სულაც არ გადარდებს  თავზე წამომდგარი შავი ღრუბლების გროვა.  მამაო  IX  საუკუნის 40-იან წლებში აგებულ  ეკლესიაში გიძღვება, რომელსაც ეტყობა რესტავრაციის კვალი, ყველაფერი უბრალო და ლამაზია, კარგად იკვეთება ქართული ეკლესიის სისადავე და სიფაქიზე. ეკლესია სამი ნაწილისგან შედგება , ხატებით გაფორმებულია კედლები და იქვე წმინდანების ნაწილებიც ინახება , რომლებიც 2007-2008 წლებში ჩატარებული გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი. გულში რაღაცას იმეორებ და ყურს იპყრობს გარედან შემომავალი ჩიტების ჭიკჭიკი. როგორია სამოთხე? აი სწორედ ასეთია ჩემი აზრით . მოლოცვის შემდეგ მამაომ კარები დაკეტა და გაუდგა პატარა ბილიკს, რომელსაც  ალბათ ის კელიასთან უნდა მიეყვანა.  საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს რა დაგრჩენია  მდინარე ნეძვისწყლის ხეობის ყურების  გარდა. ბევრჯერ მიოცნებია, რომ წავსულიყავი სადღაც შორს, მაგალითად: შვეიცარიაში, ნორვეგიში ა.შ. აქ მოსული კი ვხვდები, რომ სულაც არაა საჭირო წასვლა შორს, როდესაც ხელის გაწვდენაზე , ამ პატარა ხეობაშია თავმოყრილი ყველაფერი ის, რასაც აქამდე ასე გამალებით ეძებდი . იქვე ხის მორებისგან გაკეთებულ სკამზე ეშვები და მდუმარედ გაჰყურებ ჰორიზონტს, გრძნობ თუ როგორ ხდები მარადისობის ნაწილი. ფიქრებიდან საათის წიკწიკს გამოყავხარ, გრძნობ რომ წასვლის დროა, არ გეთმობა ადგილი, მაგრამ პირობას  სდებ რომ დაბრუნდები. უკანა გზაზე დაბრუნებული გვირილების მდელოში უხვევ და კრეფ მათ, ჩანთას ილამაზებ თეთრი გვირილებით. სადგურზე მისულს უკვე გესმის ბორჯომი-თბილისის მატარებლის სიგნალი , რომლის მინებზეც უკვე წკარუნებს წვიმის წვეთები.