სამოთხე დედამიწაზე

  • 14/02/2018
  • Home
  • სამოთხე დედამიწაზე
ყოველთვის მინდოდა მოგზაურობისას განცდილი ემოციები წერილობით გადამეცა იმ ადმაინებისთვის, ვისაც ჩემი შთაბეჭდილებები აინტერესებდა, ასე რომ გემრიელად მოკალათდით და დავიწყოთ, ერთად გავემგზავროთ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილზე-კუნძულ სანტორინიზე.
კუნძულზე თბილისიდან ინტერნეტის საშუალებით შექმნილი შთაბეჭდილებებით მივდივარ. ლურჯ ზღვაზე აღმართულ შოკოლადისფერ კლდეზე ტერასებად შეფენილი თეთრი პატარა სახლების ნახვის მოლოდინი არ მასვენებს. ათენიდან გამთენიისას მცირე ზომის ბორანით გავდივარ.  ბოლოს და ბოლოს, 5-საათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც კი სასტუმროში შევედი და აივანზე გავედი მივხვდი, რომ დაუვიწყარი დასვენება იწყებოდა, ხედი ჩემი აივნიდან ამისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

 

კუნძული სანტორინი 14-მდე სოფლისგან და ერთი მთავარი ქალაქისგან შედგება, რომელსაც სანტორინის, მეორენაირად კი ფირას ეძახიან. მე ერთ-ერთ ასეთ სოფელში, კამარიში გავჩერდი, რომელიც ზღვისპირზეა გაშენებული და ყველა სასტუმრო და კაფე-ბარი ერთ მთავარ ქუჩაზეა თავმოყრილი. კამარის სანაპირო შავი ზღვის სანაპიროს მოგაგონებთ, პატარ-პატარა ქვებით, თუმცა ზღვას სრულიად განსხვავებული ფერი აქვს. აღწერას არ დავიწყებ, უბრალოდ რამდენიმე ფოტოს განახებთ.

 

ნებისმიერი ტურისტი, რომელიც ამ საოცარ კუნძულზე მიდის აუცილებლად ნახულობს ფირას, ძირითად ქალაქს, რომელიც გაჯადოვებს თავისი სილამაზით. აქ ხვდები, რომ ამქვეყნიურ სამოთხეში ხარ.
ფირა კლდეზე გაშენებული სადა, თეთრი ქალქია, თუმცა ხალხმრავალი ქუჩები, ტერასებად შეფენილი სასტუმროები, სახლები, კაფე-ბარები და მაღაზიები საოცარ მრავალდეროვნებას ქმნის. ეს ყველაფერი კი ენით აღუწერელი ლურჯი ზღვის ფონზე კიდევ უფრო ანათებს და დადებითი ემოციები იმ სიხშირით და რაოდენობით მოდიან, რომ სუნთქვა გეკვრება. ნებისმიერ მხარეს შეტრიალებაზე ერთი და იგივე ფრაზას ვამბობდი: “ვაიმეეეე, რა სილამაზეა, სამოთხეაააააა”. ფირაში სულ გაღიმებული ან სასიამოვნოდ გაოცებული დადიხარ, ეს ბედნიერების და მხიარულების ქალაქია.

ფირას, ისევე როგორც მთელი კუნძულის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ვირია:) საქართველოსგან განსხვავებით ამ ცხოველს სანტორინიზე დიდ პატივს სცემენ 🙂 ეხლა მოემზადეთ ყველაზე სასაცილო დეტალისთვის-ვირების გაჩერება ფირაში:

ე.წ. ვირების გაჩერება კრუიზის გემებიდან გადმოსული ტურისტებისთვის ქალაქის შუაგულში მოხვედრის ერთ-ერთი საშუალებაა. როგორც უკვე ავღნიშნე ფირა კლდეზე გაშენებული ქალაქია, შესაბამისად გემები ბოლომდე ვერ უდგებიან, იქვე ახლოს ჩერდებიან და ტურისტები ნავებით მოდიან ქალაქამდე. ზემოთ ასვლა კი საბაგიროს გარდა დანომრილი საფეხურებითაც შეიძლება, თუმცა 600 კიბის ავლა არც ისე მარტივია, ამ ყველაფერში კი სწორედ სანტორინის კოლორიტული ვირები დაგეხმარებათ:) ამ ყველაფრის დათვალიერების შემდეგ ყველაზე სასიამოვნო რელაქსაცია ერთი ჭიქა გამაგრილებელი სასმელით ხელში ზღვაზე გადაკიდებული კაფეში დაჯდომაა, რომელიც პირდაპირ გადაჰყურებს მოქმედ ვულკანს.

 

ფირას უამრავი დადებითი ემოციებით ვტოვებთ და გადავინაცვლოთ ადგილზე, რომელიც ჩემი აზრით სანტორინის დედოფალს უფრო ჰგავს თავისი დახვეწილობით, სისადავით, სილამაზითა და აკადემიურობით-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იაში.
ია ცნობილია თავის განსაკუთრებული სილამაზით მზის ჩასვლისას, როდესაც ბამბასავით თეთრი შენობები ალისფრად იღებება. ამ დროს ია ყველაზე თბილი და ლამაზია. მთავარი ქუჩიდან წვრილ-წვრილი შესასვლელებს დაბალი და განიერი კიბეებით ქვევით, სასტუმროებისკენ და ბარებისკენ ჩაჰყავხარ. აქ ყველაფერი ისეთი დახვეწილი  და აკადემიურია, რომ სრულყოფილების განცდა პირველივე დანახვისას გეუფლება. დღისით ლურჯი ზღვა და თეთრი ტერასები ერწყმიან ერთმანეთს, საღამოს კი ეს ყველაფერი ოქროსფერ მოსასხამში ეხვევა.

თამამად გეტყვით, რომ ია არის სიყვარულის ქალაქი, ადგილი, რომელიც ყოველთვის გიხმობს და რაღაც უხილავი ძალით, სიმშვიდითა და მომაჯადოვებელი ფერებით გიზიდავს.
ფერების სიმრავლე სანტორინიზე ბევრგან გვხვდება, ვულკანური კუნძულები ყვითელი, თეთრი, შავი და წითელი კლდეებით გამოირჩევა. სანტორინის საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, რომელსაც ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. მანამდე კი მინდა კიდევ ერთ საინტერესო ადგილზე მოგითხროთ, ეს სანტორინის ღვინის მუზეუმია.
კუნძული სანტრორინი გამოირჩევა მდიდარი ღვინის კულტურით და ორიგინალური ვენახებით. მკაცრი კლიმატისა და ძლიერი ქარის გამო, რომელიც თითქმის მთელი ზამთარი გრძელდება, ვაზი აქ მიწაზეა დაწოლილი. საინტერესო სანახავია კლდოვან ნიადაგზე როგორ იზრდებიან ერთმანეთის გვერდით  ვაზი და კაქტუსები.  სანტორინის ღვინო მაღალი გრადუსით,  სიტკბოთი და მრავალფეროვანი არჩევანითაა ცნობილი. ადგილობრივი ღვინის კულტურა ტურიზმის განხრითაც კარგად არის განვითარებული და კუნძულზე არაერთი ღვინის მუზეუმი ფუნქციონირებს.  ერთ-ერთი მათგანი საკმაოდ საინტერესო ფორმით არის წარმოდგენილი. შესვლისთანავე დამთვალიერებელი ძველ სანტორინიზე ხვდება, სადაც საკუთარი თვალით ხედავს ცვილის ფიგურებისგან შექმნილ ადგილობრივ მოსახლეობას მუშაობის პროცესში, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობაა.
დროა გადავიდე ისტორიულ ნაწილზე, რომელზე თხრობასაც უძველესი ქალაქით, აკროტირით დავიწყებ.
აკროტირი ქრისტეს შობამდე მე-17 საუკუნეში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ვულკანური ფერფლით მთლიანად დაიფარა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ ამოფრქვევას წინ ხანგრძლივი და ძლიერი მიწისძვრები უძღვოდა, რამაც ქალაქი თლიანად დაანგრია, თუმცა მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოესწრო და ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დღესდღეობით აკროტირის ნანგრევები მუზეუმად არის შემონახული, თუმცა ძველ ქალაქში შესვლისთანავე სახლების კედლები, კიბეები, ფანჯრები, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთების ნარჩენები და სხვ. სრულფასოვნად გიჩენს იმის განცდას, რომ შენც ამ უძველესი ქალაქის ნაწილი ხარ და თვალწინ გიდგება გაცოცხლებული ქალაქი.

 

აკროტირში აღმოჩენილი უძველესი ნივთები, რომლებიც ჩვ.წ-მდე 17-ე საუკუნით თარიღდება, სანტორინის დედაქალაქის, ფირას პრეისტორიულ მუზეუმში ინახება.

სანტორინის ეგზოტიკურობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ადგილობრივი ტრანსპორტში ბილეთების გაყიდვის პროცესია. ამ საქმიანობით ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდები არიან დაკავებული, რომლებისთვისაც შესაძლოა ეს საზაფხულო სამუშაოც იყოს, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი თავად პროცესია,  რომელიც ჩემი აზრით  სანტორინის კიდევ ერთი ხიბლია.
წარმოიდგინეთ სიტუაცია – 10-15 წუთის ლოდინის შემდეგ საკმაოდ გრძელ რიგთან ავტობუსი მოვიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში ვიყავი და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იდგა  ქართველებთან ერთად რიგში, ჩემთვის ძალიან გასაოცარი ფაქტი მოხდა: ავტობუსის კარის გაღება და სუფთა “ქართული წესით” ერთმანეთისთვის თავზე გადახტომა შიგნით მოსახვედრად ერთი იყო. ერთ წამში “განვითარებული, დახვეწილი და კულტურული” ევროპული და არა მხოლოდ ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლები ისევე იქცეოდნენ, როგორც ქართველები 90-იან წლებში პურის რიგში. ვეღარ მივხვდი როგორ მოვქცეულიყავი და საბოლოოდ მთელი გზა ფეხზე დგომას ჩემმა მოხერხებულმა მეგობარმა გადამარჩინა, რომელიც ავტობუსში შეძვრა და ადგილი დამიკავა. პირველი ეტაპის შემდეგ ყველაზე სახალისო, მეორე ეტაპი დაიწყო.
ავტობუსის წინა ნაწილიდან ხმაური და სიცილი ისმოდა, საუბარი ბერძნულად, ინგლისურად, გერმანულად, იტალიურად და შეძლებისდაგვარად ყველა ენაზე მიდიოდა. რამდნეიმე წუთში ეს მხიარული სიტუაცია ჩვენამდეც მოვიდა. ბილეთების გამყიდველი ბერძენი, მაღალი შავგვრემანი ბიჭი იყო, რომელიც თითქმის ყველა მგზავრს პირადად ეცნობოდა, შეძლებისდაგვარად მათივე ენაზე, ხანდახან შერეულ ენაზე ელაპარაკებოდა ან ეფლირტავებოდა, კომპლიმენტებს ეუბნებოდა. ეს ყველაფერი კი იმდენად სწრაფად და სახალისოდ ხდებოდა, რომ მთელი ავტობუსი კარგად გაერთო და საათობით ხეტიალის შემდეგ დაღლილობის მიუხედავად სიცილ-ხარხარით ჩავიდნენ საკუთარ სასტუმროებამდე.
ბერძენი ხალხი, ისევე როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავტობუსის გამყიდველი, ტურისტების მიმართ ძალიან ყურადღებიანები, კეთილგანწყობილები და თავაზიანები არიან. კიდევ ერთი თვისება რის გამოც ალბათ ჩვენთან უფრო ახლოს არიან ეს ხმაურია. იტალიელების და ქართველების მსგავსად, აქაც სულ ხმამაღალი ლაპარაკი და მხიარულებაა ქუჩებში, კაფეებში და სასტუმროების ეზოებში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში საკმაოდ დადებითად განგაწყობს მათ მიმართ  და კუნძულის დატოვების შემდეგ გიმძაფრებს უკან დაბრუნების სურვილს. მეც სწორედ ასე დამემართა, და უკვე ვგეგმავ დაბრუნებას, არ ვიცი რა სახსრებით, როგორ და როდის, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დავბრუნდები.
საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში სანტორინიდან ჩამოტანილ წიგნს ვკითხულობდი ადგილობრივ ღირშესანიშნაობებზე და ასეთ წინასიტყვაობას წავაწყდი: “სანტორინის მხოლოდ მაშინ აფასებ სრულფასოვნად, როცა იქიდან მოდიხარ და აუცილებლად გიჩნდება უკან დაბრუნების სურვილი”. ჩამეცინა, ასე მეგონა ჩემზე ეწერა. დამერწმუნეთ, ერთხელ მოხვედრა საკმარისია იმისათვის, რომ ამ ადგილმა ისე დაგაბათ ემოციურად, რომ მინიმუმ ერთხელ აუცილებლად დაბრუნდებით, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ.