პირველი გამოცდილება

  • 23/02/2018
  • Home
  • პირველი გამოცდილება

“მინდა მოგიყვეთ“ –  ამ გაცვეთილი დასაწყისით მიწევს დავიწყო ჩემი პირველი სტატიის წერა, რადგან წარმოდგენა არმაქვს სხვანაირად როგორი შეიძლება იყოს დასაწყისი საინტერესო . რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ზუსტად ეს დასაწყისი მაიძულებს მოვისმინო, ან წავიკითხო ის, რისი მოყოლაც უნდა ავტორს.

მინდა მოგიყვეთ ჩემი პირველი  დაუვიწყარი ლაშქრობის შესახებ, რომელიც დავიწყე სრულიად დილეტანტურად. ალბათ როგორც ყველა ამ სტილით მოგზაურმა თავისი პირველი გასვლა ჩემსავით დაიწყო და შეიძლება ამის კითხვისას თავისი თავი ამოიცნოს.

ვიცოდი ძირითადი სამეულის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა მქონოდა სანამ გზას გავუდგებოდი. ასე რომ მწირი ბიუჯეტით შევიძინე ჩემი პირველი CAMPSOR ფირმის სტაფილოს ფერი კარავი, 65 ლიტრიანი ჩანთა და ძალიან მძიმე საძილე ტომარა, რომელიც როგორც აღმოჩნდა და პრაქტიკამაც მაჩვენა არა დიზაინით, არამედ  სიმსუბუქით და გრადუსული მაჩვენებლით უნდა ამერჩია. შევიძინე დანარჩენი აღჭურვილობაც: ფანარი, სალაშქრო ქვაბი, დანა, ძირსსაგები და კომპაქტური გაზის ბალონი და გავემართეთ მე და ჩემი ახლო მეგობარი და თანამოაზრე აბუდელაურის ტბებისკენ.

დილიდან შემართებით გავიღვიძე, რადგან ეს ლაშქრობა უკვე გასვალმდე 3 წლით ადრე მქონდა ოცნებაში დაგეგმილი და მინდოდა ყველაფერი საოცარი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე შევიძინეთ საგზალი, რომელიც დაახლოებით 3–4 დღე უნდა გვყოფნოდა. გავავსეთ ჩანთები, რომლის ნახევარს მარტო ზემოთ ხსენებული დიდი და მძიმე საძილეები იკავებდა და  ასე წელში ორად გაკეცილები გავემართეთ სადგური დიდუბისკენ, საიდანაც უნდა გასულიყო ბარისახოსკენ მიმავალი ავტობუსი Пазик.  დაიძრა მგზავრებით სავსე ავტობუსი, რომელშიც  ჩვენსავით 2 გულანთებული ახალგაზრდა ვიპოვეთ იგივე მარშუტით, იგივე გზაზე. მთელი გზა ხედებით ვტკბებოდი, რომელიც არ მთავრდებოდა. შიგადაშიგ ქვეყნისა და მსოფლიო პოლიტიკის სიახლეებს ვისმენდით, რომელსაც აქტიურად განიხილავდა მგზავრების ნაწილი. ტელეფონები გამოსვლამდე გავთიშეთ ელემენტის დაცლის საშიშროებისაგან თავის აცილების გამო. ასე რომ  პირველ საბანაკე ადგილამდე არცერთი ფოტო არ გადაგვიღია.

ავტობუსი სოფელ კორშაში ტრიალდებოდა და ბარისახოსკენ მიდიოდ. ასე რომ ჩვენც კორშაში ჩამოვედით და დავიწყეთ გზის ძებნა, თუ როგორ მივსულიყავით სოფელ როშკამდე. რადგანაც ავტობუსი დაღამებულზე ჩავიდა დანიშნულების ადგილას და ჩვენ არც გზა ვიცოდით და არც გასავლელი გზის სირთულე, გადავწყვიტეთ იმსაღამოს იქვე კორშაში დავბანაკებულიყავით. ჩვენმა თანამოგზაურებმა კი გააგრძელეს გზა როშკასკენ. იქვე სოფელში მაცხოვრებელმა საბანაკედ კორშის მუზეუმის ეზო გვირჩია. ჩვენც  წვალებით ავათრიეთ მძიმე ჩანთები და კარვის გაშლა დავიწყეთ. ჩემთვის პირველი  უცხო სოფელი, ირგვლივ უცხო ხალხი და ძილი მიწაზე ორ ვეებერთელა მთას შორის. ჭამის შემდეგ ცეცხლი დავანთეთ, ცოტა ვილაპარაკეთ და კარავში დასაძინებლად შევძვერით. იმ ღამეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაგრად მეძინა, სუფთა ჰაერი, საოცარი ადგილი და უამრავი ვარსკვლავი თავზე ბედნიერების ელექსირი გახდა ამ დღიდან.

დილით ადრე გავიღვიძეთ. სიცივე იყო შემოპარული, ცოტა ნაწვიმი,  რაც მიათმაგებდა გზის გაგრძელების სურვილს ( საწვიმრის გამოყენება მინდოდა და დანარჩენი  დღეები წვიმა არ მეღირსა და დღემდე არც გამომიყენებია საწვიმარი). მსუბუქად ვისაუზმეთ და დავადექით გზას. თბილისში ნაყიდი დინამიკი „მიკი“ –ით გზა შეუმჩნევლად გადიოდა. გზაზე იგივე ავტობუსი წამოგვეწია, რომელმაც რამდენიმე კილომეტრი შეგვიმოკლა და როშკის გადასახვევამდე აგვიყვანა. ზიგზაგიანი გზა მაღლა მიუყვებოდა, თუ არ ვცდები 11 ან 12  სასტიკი მოსახვევი იყო, მითუმეტეს ჩვენთვის. ყველა მოსახვევში შესვენების შემდეგ სამშვიდობოს გამოვედით, მაგრამ წინ კიდევ რამდენიმე კილომეტრი იყო გასავლელი .მოკლედ და ამდაგვარად გატეხილები და გადაღლილები ავბობღდით სოფელ როშკაში შუაგულ მზეზე შპროტი მივირთვით ( რაც მოგვიანებით მაგრად ვინანე), სანამ აღმართებს გამოვივლიდით ისეთი შემართებით მოვდიოდით, რომ პირდაპირ ტბებზე უნდა ავსულიყავით, მაგრამ ძალა გამოლეულებმა პირდაპირ კარავში განვუტევეთ. მინდა დიდი რჩევა მივცე ყველა დამწყებ მოლაშქრეს, არასდროს დაიძინოთ  მხურვალე მზეზე ჩაკეტილ კარავში . სადღაც 3 საათში ტბიდან მომავალი ტურისტების ჯგუფის ხმამ გაგვაღვიძა, გამოვძვერით კარვიდან, მოსაღამოვებული იყო, ხედი საოცარი, მოკლედ ყველაფერი იყო ბედნიერებისათვის .იქვე მოვისმინეთ ლეგენდა როშკის ლოდების შესახებ. პურის არასაკმარისი რაოდენობის წამოღების გამო, რაც ჩემი ბრალი იყო, რადგაც როშკაში მაღაზია არ იყო, მომიწია შესაძენად იქვე საოჯახო სასტუმროსთვის მიმემართა. როგორც აღმოჩნდა პურს არ ყიდდნენ, პირიქით იქვე ესაჭიროებოდათ ტურისტების სიმრავლის გამო, მაგრამ ჩემი განადგურებული და დაღლილი სახის შემხედვარე ქალბატონს ალბათ შევეცოდე და ორიცალი პური მაინც გამომირბენინა. სანამ კარავთან მივიტანდი, გზაზე ჩემს პურს რამდენიმე მყიდველი გამოუჩნდა. პატარა აუქციონიც კი გაიმართა, რომელიც 2 დოლარიდან დაიწყო და 10– ამდე ავიდა. სამწუხაროდ არც ჩაქუჩი მქონდა, რომ დამერტყა დაგაყიდულია დამეძახა . თან არც ჩემი თანამოლაშქრის  გაბრაზება არ მინდოდა გამომეწვია, რომლისთვისაც იმ დროს ის პური უფრო მეტი იყო, ვიდრე ის ფული, რასაც მასში იძლეოდნენ. დაღამებულზე ჩვენი თანამეგზურები ვნახეთ ავტობუსიდან , რომლებიც უკვე სახლში ბრუნდებოდნენ. გაგვაფრთხილეს, რომ თეთრ ტბასთან ყურადღებით ვყოფილიყავით, რადგან თვითონ გზა არევიათ და ცოტა უბოდიალიათ. ამ დღემაც მშვენივრად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ჩაისთვის ადუღებული წყალი წარმოუდგენლად უიღბლოდ დაგვეღვარა.

მესამე დილაც აქტიურად დავიწყეთ. ჩავაწყვეთ ყველაფერი ჩანთებში, წონის მცირე ცვლილებაც კი შესამჩნევი იყო და გავუდექით გზას ტბებისკენ.  ჩვენი „მიკი“ სამწუხაროდ ვეღარ გვემსახურებოდა და გზა საშინლად გაიწელა .არცერთი წყარო არ გამოგვიტოვებია გრძელ ბილიკზე.  წყლის სიმრავლემ თავიდან აგვარიდა დამატებით წყლის თრევის ბედნიერება. ჭიუხების გამოჩენისთანავე შემართება ისევ გაათმაგდა და ფაქტიურად სირბილ– სირბილით ავედით პირველ მწვანე ტბამდე. ტბების აღწერას არ დავიწყებ. ეს ტბები უბრალოდ უნდა ნახოთ. გამაოგნებელი და საოცარი სანახაობაა, ისეთივე დაუვიწყარი ადგილი გახდება თქვენთვის, როგორიც ჩვენთვის გახდა. ემოციებს ვერ ვმალავდით, გვიხაროდა ამდენი ხნის ოცნება რომ ავიხდინეთ. მწვანე ტბაში ორი წყარო ჩადიოდა და წყალი იმდენად ცივი იყო, რომ შიგნით ჩასვლის სურვილს მაშინვე გაგიქრობდა, მაგრამ არ მინდოდა ისე წავსულიყავი, რომ ერთ–ერთში მაინც არ მებანავა და სამიზნედ ლურჯი ტბა ამოვიღე, რომელშიც ჩასვლის შემდეგ რამდენიმე წუთით კიდურებს დავემშვიდობე. კარავი მაღლა გავშალეთ.შუადღის მზე გარეთ ,კარვიდან გაჭიმული პლედის ქვეშ გადავატარეთ, კახელ მეცხვარეს და მის პრობლემებს გულდასმით გავეცანით, ჩვენს ირგვლივ შემოკრებილ ასობით ცხავრს და ბომბორა ძაღლებს გავეთამაშეთ და თეთრი ტბისკენ გავეშურეთ. მწვანე და ლურჯი ტბა ერთმანეთისგან არცთუისე შორსაა. თეთრი ტბა პირდაპირ ჭიუხების ძირშია და იქამდე მისასვლელად დაახლოებით 40 წუთი დაგვჭრიდა .მოკლედ ეს ადგილი მოლოდინს აჭარბებდა, სურათებზე ნანახს ამართლებდა. თეთრი ტბიდან ჩვენი კარავი ძალიან შორს მოჩანდა. ირგვლივ ცხვრის დიდი ფარა და მეცხვარის შავი ძაღლი, რომელიც ქვაბში დატოვებულ ხორცის კონსერვის ნარჩენს ირგვლივ დაუდიოდა. გზა არ აგვბნევია. კარავთან უკან მარტივად დავბრუნდით  და აი, მეორე რჩევა დამწყებ მოლაშქრეებს,  არასდროს გაშალოთ კარავი დამრეც ადგილას. მთელი ღამე ჩემი დამწვრობის გარდა მეორე შემაწუხებელი გარემოება ეგ იყო კარავში.

 

მეოთხე დილას  გაღვიძება ცოტათი დაგვიგვიანდა და უკან დაბრუნებისას შუა მზეზე მოგვიწია სიარული. ტბებიდან იმ აღმართებამდე, რომელიც უკვე დაღმართები იყო აქეთობისას და რომლებმაც უფრო დაგვტანჯეს, ვიდრე პირველ ჯერზე 4 საათში დავფარეთ. გადასახვევთან ძირსსაგებები დავაფინეთ და დავუწყეთ ლოდინი მანქანას ,რომელიც თბილისამდე თუ არა კორშამდე მაინც ჩაგვიყვანდა. მანქანები  გავსებული მიდიოდნენ შატილისკენ და გავსებული მოდიოდნენ უკანაც. რამდენიმე საათში პატარა სატვირთომ გამოიარა, რომელიც აღმოჩნდა, რომ თბილისში მიდიოდა. შევყარეთ ჩანთები და თბილისამდე გაუჩერებლად ჩამოგვიყვანეს.

რამდენიმე დღის შემდეგ,  ამ ყველაფერს უკვე საოცარი ემოციებით ვიხსენებდი თითოეული დეტალით ,რაც ბოლომდე აქ კიდევ ვერ დავწერე. მოკლედ ესეთი იყო ჩემი პირველი ლაშქრობა, რომელშიც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ბოლოს მაინც ყველაზე დიდი მნიშნელობა აქვს თანამეგზურს. ჩემს შემთვევაში კი ეს იყო პიროვნება, ვიზეც დაყრდნობა შეიძლებოდა და რომელიც თავისი დაღლილობისა და ტკივილის მიუხედავად, კიდევ აქეთ ცდილობდა დახმარებას. ჩემი რჩევები სასაცილოა, მაგრამ მე ნამდვილად არ მეცინებოდა მაგ დროს.