ნისლიანი კინტრიში – საქართველოს დაცული ტერიტორიები

  • 01/09/2017
  • Home
  • ნისლიანი კინტრიში – საქართველოს დაცული ტერიტორიები

კინტრიშის დაცული ტერიტორია ქობულეთიდან 20 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის მდებარეობს. ადგილს განსაკუთრებულს ის ფაქტიც ხდის, რომ ზაფხულში, ზღვის ცხელი სანაპიროდან 2500 მეტრის სიმაღლეზე, მთის სიგრილეშია შესაძლებელი.

კინტრიშის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში კინტრიშის ნაკრძალი 1959 წელს შევიდა. ნაკრძალს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და დამთვალიერებლთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

ნაკრძალი საინტერესოა არქეოლოგიური თვალსაზრისითაც: მიკვლეულია ძველი წელთაღრიცხვეის III-II ათასწლეულების კოლხური ნამოსახლარები და რკინის საბადოების ნანგრევები. მდინარე კინტრიშის მარჯვენა ტერასაზე, სოფლების – ხუცუბნისა და ქობულეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ადრინდელი ნეოლითის კაჟისა და ობსიდიანის იარაღი.

ტურისტულ სანახაობებს შორის აღსანიშნავია: მდინარე კინტრიშზე შემორჩენილი შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდების ნანგრევები, ტბიყელის ტბა, ენდემური სახეობის მცენარეები, ბზის კორომი.

ჩამოსულ ტურისტებს ვიზიტორთა ცენტრში ან ნაკრძალის ტერიტორიაზე, კარვებში შეუძლიათ ღამის გათევა. ნაკრძალი ორი ტურისტული ბილიკისგან შედგება.

პირველი ბილიკით სარგებლობის შემთხვევაში  ტურისტს ერთ დღეში შეუძლია მოინახულოს ქვის თაღოვანი ხიდი მდინარე კინტრიშზე, ბზების კორომი, ჩანჩქერი, წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი, უძველესი ღვინის მარანი.

მეორე ბილიკი შედარებით რთულია, რომლის გავლასაც 2-3 დღე სჭირდება. სიგრძე სამანქანო გზაზე 18 კილომეტრია, შემდეგ საფეხმავლო გზა კი – 14 კილომეტრი. გზად  შეხვდებითარის საინფორმაციო დაფებს, რომლებიც ტურისტს აწვდის ინფორმაციას, გზაზე შემხვედრი ღირსშესანიშნაობის შესახებ.

ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო