ნავდარაანთკარის ნამოსახლარისა და სამაროვნის არქეოლოგია

  • Home
  • მთავარი
  • ნავდარაანთკარის ნამოსახლარისა და სამაროვნის არქეოლოგია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2018 წელს, ნავდარაანთკარის ნამოსახლარისა და სამაროვნის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები განხორციედა.

ნამოსახლარის ნაგებობათა სამშენებლო წყობა, კირხსნარი და კარ-ნიშთა წყობაში აგურის გამოყენება ნაგებობებს გვიანდელ შუა საუკუნეების ნაგებობათა ჯგუფში აყენებს. ნაგებობათა კედლებში ნიშების ჩართვა ასევე დამახასიათებელია გვიანშუა საუკუნეების საერო ნაგებობებისთვის, განსაკუთრებით ეს ითქმის მე-17-18 სს.
ნაგებობებში აღმოჩენილი კერამიკა დამახასიათებელია მე-17-18 საუკუნეების ნაწარმისა. მსგავსი ჭურჭელი აღმოჩენილია თბილისში, ქვემო ქართლში, კახეთის ტერიტორიაზე, გვიანშუა საუკუნეებით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებზე. ამდენად, ნავდარაანთკარის ნამოსახლარზე შესწავლილი ნაგებობები, შეგვიძლია მე-17-18 საუკუნის ნაშთებად მივიჩნიოთ. აღსანიშნი ფაქტია, რომ მოყვითალო თიხნარ ფენაში, მიწის თანამედროვეე ზედაპირიდან 0,8 მ-ის სიღრმეზე დადასტურდა ქვის ხელცული, რომელსაც პირზე ანატკეცები ეტყობა. აღნიშნული ხელცული არ ეკუთვნის არც გვიანშუა საუკუნეების ნამოსახლარს და არც სამარხეულ ინვენტარს წარმოადგენს. ორმოსამარხთა ნაშთებში დადასტურებული კერამიკული ფრაგმენტების მიხედვით ისინი გვიანბრინჯაო-ადრერკინის პერიოდით უნდა დათარიღდნენ.


სამარხები როგორც ჩანს სისტემატიურად ნადგურდებოდა და იძარცვებოდა დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მათ შორის გვიანშუა საუკუნეებშიც. ფაქტია, რომ გვიანშუასაუკუნეების ნაგებობების ნაწილი გვიანბრინჯაო-ადრერკინის პერიოდის სამაროვნის ტერიტორიაზეა გამართული. როგორც ჩანს გვიანშუასაუკუნეებში წარმოებულმა სამშენებლო პროცესებმა ხელი შეუწყო აღნიშნული სამაროვნის ძარცვა-განადგურებას. ამ ფაქტს ამოწმებს ისიც, რომ სამაროვნის ტერიტორიაზე, ჰუმუსური ფენის მოხსნის დროს, ნაშალ ფენაში და მოყვითალო-თიხნარ ფენაში, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კერამიკის უსახურ ფრაგმენტებთან ერთად გვხვდებოდა შუა საუკუნეების და მათ შორის გვიანშუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი კერამიკის უსახური ფრაგმენტებიც.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნავდარაანთკარის სამხრეთით, საგურამოს ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ადგილ დიდველზე. წარმოადგენს ბუნებრივი ხევის დასავლეთით მდებარე ტაფობს, რომელზეც, დაახლოებით 80 ჰექტარზე გაშლილია გვიანშუა საუკუნეების ნამოსახლარი: სათავდაცვო კოშკი, ორი ეკლესია, სავარაუდო მარანი, საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოები. ყველა მათგანი ნაგებია რიყის ქვით კირხსნარზე. სავარაუდოდ, ნაგებობები ფეოდალის კომპლექსის შემადგენელი ნაწილები უნდა იყოს.

შემსრულებელი კომპანია: ა.ა.ი.პ „ბონი“
ექსპედიციის ხელმძღვანელი: ვერა ჩიხლაძე

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

  •  
  •