ნადირობა თეთრ ხარზე

  • 27/02/2018
  • Home
  • ნადირობა თეთრ ხარზე

თქვენ რის მიხედვით არჩევთ სამოგზაურო ადგილებს?

აი, მე მომწონს, რაც უფრო მარტივია მიზეზი:

მაგალითად:

  • ავსტრიაში ლუდი და სოსისები უნდა დავაგემოვნო პატარა, უბნის ბისტროში, როგორც ამას ბიოლის გმირები აკეთებენ;
  • პარიზში კაფეს მეპატრონეებზე ადრე უნდა მივიდე, დავუცადო გახსნას და დილაუთენია უნდა ვჭამო კრუასანები და დავაყოლო ქაფქაფა ყავა, მარკესის პერსონაჟებივით;
  • არგენტინაში ჩავიდე და გავსინჯო იქაური, ნამდვილი მატე და კორტასარის სრულყოფილ გმირად ვიგრძნო თავი.

და ასე უამრავი მისია მაქვს გამზადებული.

სალონიკში წასვლასაც ჰქონდა თავისი, ღირსეული მიზეზი: პავიჩის (სერბი მწერალი, რომლის გამოც სულმოუთქმელად ველი სერბეთში უვიზო რეჟიმის გააქტიურებას. არა, მხოლოდ კუსტურიცას გამოც ჩავიდოდი იქ, მაგრამ პავიჩი მიასმაგებს სურვილს) ერთ-ერთ გმირს აქვს სახლი სალონიკში. ულამაზესი, ძველისძველი სახლი, დაბლა მდინარით და მდინარეზე მოსეირნე თეთრი ხარით. შემდეგ ამ თეთრ ხართან დაკავშირებით მთელი ამბები ვითარდება. მე რომ ეგოისტი არ ვიყო, გიამბობდით მოკლედ, მაგრამ ეგოისტი ვარ, ამიტომ ვაგრძელებ-მიზანი გამოკვეთილი იყო: ჩავიდე სალონიკში და ვიპოვო თეთრი ხარი.

წასვლამდე პავიჩის მეუღლეს, ჩემს მეგობარ, იასმინა მიხაილოვიჩს მივწერე, რომ სალონიკში მივემგზავრებოდი. ისიც მივწერე, რატომ ავირჩიე ეს ქალაქი და ისიც, თეთრ ხარზე სანადიროდ რომ ჩავდიოდი.  იასმინაც  ჩემთან ერთად ელოდა, როგორ განვითარდებოდა ამბები.

საცხოვრებელს ყოველთვის რაღაც, კონკრეტული დეტალის გამო ვირჩევ. სუფთა რომ უნდა იყოს და ცენტრთან ახლოს-ეს გასაგებია. მახსოვს სალონიკის ბინა Airbnb-ზე იმიტომ გამოვარჩიე, რომ საძინებელში დოსტოევსკის წიგნი დავლანდე. მოგვიანებით, როცა მასპინძელი, ახალგაზრდა, ბერძენი მსახიობი გავიცანით და შუაღამისას, მეორე სტუმრის-იტალიელი ბიჭის მომზადებულ ნამდვილ იტალიურ, მწარე ყავას შევექცეოდით, საუბრისას ვუამბე, დოსტოევსკის დამსახურებით რომ შევარჩიე მისი სახლი. და როცა სალონიკში სტუმრობის ნამდვილი მიზეზი და თეთრ ხარზე ნადირობის ამბავი გავუმხილე, ყურებს არ უჯერებდნენ.

კიდევ ჩვევად მაქვს, რომელიმე ქვეყანაში ჩასვლამდე იქაური მუსიკოსების მოჭარბებულად მოსმენა, იქუარი ავტორებს კითხვა და ადგილობრივი რეჟისორების ფილმების ყურება.

წინასწარ ვიქმნი ხოლმე განწყობას. სალონიკში წასვლამდე, რა თქმა უნდა, ანგელოპოლუსის ფილმებს ვუყურებდი, იანის მუსიკას ვუსმენდი, საფოს პოეზიას ვკითხულობდი. კარგი ხრიკია ქვეყნების ბოლომდე შესაგრძნობად.

მართალია, სალონიკი ისეთი ქალაქია, შეიძლება ბევრი არაფერი იყოს სანახავი, მაგრამ თავისი, განსაკუთრებული სუნი აქვს. თავისებურად მომწონდა ყველა კუთხეში გახსნილი სწრაფი კვების ობიექტები, უგემური ლუდი, ქუჩაში შემწვარი წაბლი, ბერძნული ნაყინი, საოცრად სურნელოვანი და რაც გამისინჯავს, ყველაზე გემრიელი, ბერძნული მანდარინები, ზღვის პროდუქტები, მომჟავო ღვინო, იქაური პური, გახსენებაზე რომ დნები და, რაღა თქმა უნდა, იქაურობის სრულუფლებიანი მეფე-მისი უდიდებულესობა, ყველი ფეტა.  აქ მინდა გავჩერდე და ბევრი ვილაპარაკო ყველზე, მაგრამ ვძლევ ცდუნებას და განვაგრძნობ:

ასეთი ჩვევა მაქვს, მიყვარს საზაფხულო ადგილების ზამთარში მონახულება და ზამთრის კურორტების-ზაფხულში. თითქოს, ყველაზე მეტად იგრძნობა, სინამდვილეში როგორი სული აქვთ ქალაქებს. სალონიკის უკაცო სანაპიროებიც მომწონდა. ძველი ქალაქის ფერადი, მოიტალიურო ტერიტორიები. შევესწარით მომიტინგეებსაც: ქუჩებს ხმაურითა და ხელში ტრანსფარანტებით კვეთდნენ ბერძენი ახალგაზრდები, ხმამაღალი შეძახილებით. რა თქმა უნდა, არ ვიცი, რას აპროტესტებდნენ, მაგრამ ფრანგული ფილმის კადრებს კი ჰგავდა. ჩვენი იქ ყოფნისას კარნავალიც დაემთხვა: ქუჩაში გამოსული უამრავი ახალგაზრდა სხვადასხვა ფორმებში, გარეთ გაშლილი ბარბექიუები, ჰაერში საოცრად გემრიელი სურნელი, ბარებიდან გამოსული მუსიკა, სხვადასხვა ბრჭყვილა ნივთით მორთული ქალაქი განსაკუთრებულ მოგონებას ქმნიდა.

თუმცა დღეები გადიოდა და მე ვერ ვპოულობდი თეთრ ხარს. არადა მისიის შეუსრულებლად არ შეიძლება სამშობლოში დაბრუნება. ღამ-ღამობით, ძილის წინ პავიჩის იმ მონაკვეთს ვკითხულობდი, სადაც სალონიკია ნახსენები და იმ იმედით ვიძინებდი, რომ მეორე დღეს მაინც აუცილებლად შემხვდებოდა თეთრი ხარი.

წამოსვლამდე ერთი დღით ადრე ძველ ქალაქში ავედით ისევ. იქაურ სუვენირების მაღაზიაში რომ შევედი და, დაახლოებით, 40 წუთი ვეღარ გამოვედი, მივხვდი, რომ იმ მაღაზიას ყველაზე მეტად მოჰქონდა საბერძნეთი თავისი უთვალავი ბერძნული სუვენირით. ჰოდა, იმას ამბობდი, წამოსვლის წინა დღე იყო-მეთქი. დავძრწი ძველი ქალაქის ქუჩებში, მონარიყალო ხედებით ვტკბები, ყურსასმენებიდან White Buffalo-ს მელოდიები მართობენ, ვათვალიერებ სუვენირების მაღაზიას ჯერ მხოლოდ ვიტრინებიდან და უცებ ვხედავ არც მეტი, არც ნაკლები, არც შავ და არც წითელ, არამედ თეთრ, თეთრზე თეთრ ხარს, ოღონდ სუვენირს. საკუთარ თვალებს რომ არ უჯერებ, ეგ მომენტი მქონდა. უცებ ვაცნობიერებ, რომ ყურებში თეთრი ხარი (White Buffalo) ჩამესმის, ჰოოი, ბერძენო ღმერთებო-მეთქი, ვფიქრობ და მაღაზიის სახელურს ზევსური ქედმაღლობით ვეპოტინები. არ ვიცი, რომელი ღმერთი გამიწყრა, მაგრამ მაღაზია დაკეტილი იყო. მეზობელ გამყიდველებს ვკითხე, თუ მოვა-მეთქი გამყიდველი. დღეს არა, ხვალ გამოიარეო. არადა მივდიოდი მეორე დღეს. დიდხანს ვუყურე თეთრ ხარს ვიტრინიდან. ბოლოს, ა’ლ ბი ბექ-მეთქი, ვუთხარი, თვალი ჩავუკარი და წამოვედი. მერე რა, რომ ვერ ჩავიგდე ხელში. რაც მთავარია, ხომ ვიპოვე.

სამშობლოში დაბრუნებულმა, იასმინას მივწერე, რომ ეს მისიაც შესრულდა და თეთრი ხარი ნაპოვნი იყო. მომწერა, პავიჩი ამაყობს შენითო.