მოგზაურობა მიყვარს, თუმცა…

  • 05/03/2018
  • Home
  • მოგზაურობა მიყვარს, თუმცა…

მოგზაურობა ყველაზე მეტად მიყვარს. ადრენალინს მაშინ ვგრძნობ როდესაც უცხო ქალაქში ვხვდები, სადაც არ მეცნობა არცერთი ქუჩა, არ ვიცნობ არავის, დავხეტიალობ მარტო, არავისთვის არაფერს წარმოვადგენ, არავის არ აინტერესებს ვისი შვილი ვარ და რა სანაცნობო წრე მყავს. თითქოს ყოველ ახალ ქვეყანაში ცხოვრებას ნულიდან ვიწყებ, ვეცნობი ქუჩებს, ვსწავლობ ახალ ენას, ვიძენ მეგობრებს, ვეჩვევი საკვებს, ახალ გრაფიკს, ვპოულობ სამსახურს, ვქმნი ჩემს სამყაროს და სწორედ მაშინ ვხვდები, რომ დროა ისევ გზა განვაგრძო, რადგან ის ადგილი, სადაც ვარ, უკვე ზედმეტად კომფორტული გახდა ჩემთვის.

მერე იწყება ყველაფერი თავიდან….

ბოლო 4 წელია მომთაბარე ცხოვრებას ვეწევი. ვიცხოვრე, ვიმოგზაურე და ფეხი მოვიკიდე 4 კონტინენტზე, შემიძლია 1033 მილიონ ადამიანს მათ მშობლიურ ენაზე ვესაუბრო. ყველა ნანახმა ქვეყანამ, ადამიანმა, კულტურამ ჩემში რაღაც დატოვა, ჩამომაყალიბა ადამიანად, რომელსაც ხშირად საკუთარ ქვეყანაშიც უცხოდ აღიქვამენ. ყოველი მოგზაურობის შემდეგ მგონია 10 წიგნი ერთად წავიკითხე. გავხდი ჩემს თავში დარწმუნებული, საოცრად მშვიდი და გაწონასწორებული, იშვიათად მნახავთ აღშფოთებულს. არ გამიჭირდება არსად ყოფნა, დასაძინებლად აუცილებელი არ არის მქონდეს საწოლი, შემიძლია ფეხზე დამდგარს მეძინოს, შემიძლია ვჭამო ქვეწარმავლები და მქონდეს ბედნიერი სახე. გავხდი უფრო თანამგრძნობი, ტოლერანტული, მომთმენი და ნაკლებად ვნსჯი ადამიანებს. ვისწავლე რომ კომფორტის ზონის დატოვება ძალიან მნიშვნელოვანია. მოგზაურობამ იმაზე უკეთ მასწავლა ვაჭრობა ვიდრე შესყიდვების დეპარტამენტში 4 წელი მუშაობამ, ბიუჯეტის შედგენაც ბევრ ფინანსებში მომუშავე ადამიანზე უკეთესად ვისწავლე, მდგრადი განვითარების და ბუნების დაცვის მნიშვნელობა ჩემმა ბუნებასთან ყოველდღიურმა შეხებამ მასწავლა. არც ასობით წაკითხულმა სამეცნიერო ნაშრომმა მასწავლა იმდენი რამდენიც მოგზაურობამ, დისკუსიებში უფრო თამამად ვერთვები და ჩემი განსხვავებული აზრის გამოხატვისაც აღარ მეშინია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს იმაზე მეტად ვენდობი ვიდრე ოდესმე, მაინც საკმაოდ რთული გახდა ჩემი მოტყუება. დავრწმუნდი რომ იყო უიღბლო არც ისე ცუდია, რადგან რომ არა ის უიღბლო მომენტები რაც ცხოვრებაში მქონდა, მე არ ვიქნებოდი ის რაც დღეს ვარ. აღარ ვიცი რას ნიშნავს მოწყენილი ყოფნა, არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ, ვინ არის ჩემს გვერდზე და რას ვაკეთებ, ჩემი თავი სრულიად მე მეკუთვნის. საკუთარ სხეულზე ზრუნვა ერთ-ერთ პრიორიტეტად ვაქციე ცხოვრებაში, რადგან მივხვდი, ჯანმრთელობა და ჯანსაღი სხეული რამდენად დიდ თავისუფლებას მანიჭებს. მოვიპოვე დამოუკიდებლობა, ვიგრძენი რომ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს უკეთესად ვფუნქციონირებ ვიდრე სახლში. მივხვდი რომ ჩემთვის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მას მივაღწიე. მოგზაურობის სიყვარულმა მაიძულა გავხმდარიყავი თვითდასაქმებული და იმაზე სასიამოვნო არაფერია, როდესაც შეგიძლია 3 თვე უბრალოდ შეწყვიტო მუშაობა, რუკაზე აირჩიო სასურველი ქვეყანა, იყიდო ერთი გზის ბილეთი და წახვიდე, წახვიდე უკან მოუხედავად, მერე კი ისევ დაუბრუნდე საკუთარ საქმეს. 

მე ვიპოვე ჩემი თავი, მომწონს ის და ბედნიერი ვარ!

თუმცა…

ჩემი, როგორც მომთაბარეს ცხოვრება, არც ისეთ ვარდისფერ ფერებშია მოწყობილი, როგორც ეს ფოტოებიდან ჩანს. ყოველდღიურად უამრავი დაბრკოლების გადალახვა მიწევს. მე არ ველოდები ყოველი თვის ბოლოს გარანტირებულ ხელფასს, საღამოობით სახლში დაბრუნებულს არ მელოდება დედის მომზადებული ცხელი ვახშამი, ყოველთვის არ მყავს გვერდზე ადამიანები ვისაც შემიძლია ვენდო, დავეყრდნო, დახმარება ვთხოვო.

ხანდახან, როცა მეუბნებიან შენ რა გენაღვლება, მშვენივრად ცხოვრობ, ხან რომელ ქვეყანაში ხარ, ხან რომელ ქვეყანაში, თავისუფალი ხარ, არავიზე საზრუნავი არ გაქვს, მეღიმება ხოლმე, წამებში მახსენდება მინიმუმ ათი დაბრკოლება რაც ბოლო 2 დღის განმავლობაში გადამხდა. ის ადამიანები ვისაც ამ ცხოვრებით არ უცხოვრია რთულია მიხვდნენ რეალურად რას ნიშნავს იყო მომთაბარე. ბევრი ოცნებობს მუდმივი მოგზაურის ცხოვრების სტილზე, თუმცა ამას ვერ აკეთებს, რატომ? იმიტომ, რომ ძალიან რთულია. არის დღეები როდესაც ერთადერთი რაც მინდა ჩემებთან ყოფნაა, ჩემს მეგობრებთან ერთად ლუდის დალევაა, ჩემს ოჯახთან ერთად სადილია, ჩემს ლოგინში ძილია. არის დღეები როდესაც მჭირდება მხარდაჭერა, რადგან საბოლოოდ მაინც მარტო ვარ. ძალიან რთული შეგრძნებაა. თუმცა, ხდება ისეც, რომ დროთა განმავლობაში, სადაც ვარ ის ადგილი ხდება ჩემი სახლი, ის ახალი ნაცნობები ხდებიან ჩემი ოჯახის წევრები, ქუჩებიც ჩემთვის უკვე მშობლიური ხდება, მაგრამ არის დღეები რომ უბრალოდ არ მინდა ახალი ოჯახი, ჩემი მინდა და მორჩა.

დიახ, ნამდვილად ძალიან კარგ დროს ვატარებ როდესაც მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ, მაგრამ ხანდახან მინდა გავჩერდე, ვიყო მიზნების გარეშე, აღარ მინდა ახალი გამოცდილებები, მოვხვდე სიტუაციებში სადაც არ მომწონს, არ მინდა გავიღიმო, უცხო ადამიანებს მოვაჩვენო თავი ბედნიერი, ზრდილობიანი, მინდა ვიყო მოწყენილი და ვიყო იმ ადამიანების გარშემო ვინც მიცნობენ და იციან რა უნდა გააკეთონ მაგ დროს.

დაბოლოს, მინდა ყველამ იცოდეს, ის ადამიანები ვინც გადაწყვეტილება მიიღო, რომ სამშობლოდან შორს იყოს, ზურგჩანთა მოიკიდოს და იმოგზაუროს, არიან ძალიან ძლიერები და თუ არ არიან გზაში გაძლიერდებიან.

 

ლიკა
#georgiangirlontheroad