მისია შესრულებულია

ამბავი, ალბათ, უნდა დაიწყოს იმით, რომ ყოველ სეზონზე საკუთარ თავს მისიებს ვუდგენ.

ჰოდა, მოხდა ისე, რომ 2017 წლის 25 აპრილს მიამბობს მეგობარი, როგორ ეძებდა ჩემთვის ბიოლის წიგნს-,,და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა“-ს ბუკინისტებთან ერთ ძალიან ქარიან დღეს, კოლმეურნეობაზე. შემდეგ დაწვრილებით აღწერს, ქარის ზმუილში, მანქანების ხმაურსა და ხალხის ყაყანში როგორ მოესმა მყარი ქაღალდის ფრიალი თუ შრიალი. გაუხედავს უკან და დაუნახავს ქარის მიერ ბუჩქზე აკრული ფოტო. ფოტო შავ-თეთრია. ზედ ერთი კაცი და ბავშვი არიან, ხევსურულ ფორმებში. სურათს უკან აწერია:

,,მიხეილი და ხამურზა ჭინჭარაულები.

1967 წლის ივლისი.

სოფ. შატილი.“

 

აუღია და ფოტო უკანა ქუჩის 13 ნომერში დაუმალავს. იქ რომ გავივლით, გაჩვენებო.

ეს ამბავი, რატომღაც, გაგვახსენდა საკმაოდ გვიან, ივლისის თვეში. როცა ავტობუსის ბოლო რეისს გამოყოლილები, კოლმეურნეობაზე ჩამოვედით. როგორც კი 3 თვის გადანახული სურათი ხელში ავიღე, მივხვდი, რა უნდა ყოფილიყო ჩემი ზაფხულის მისია: ფოტოს შატილში, მშობლიურ მიწაზე დაბრუნება.

მისიის შესრულება არც ისე ადვილი აღმოჩნდა: ერთ დღესაც, ჩანთაგადაკიდებულები დავადექით საავტოსტოპე გზას. დაწვრილებით აღარ გიამბობთ, რამდენი მანქანა, მძღოლი და ამბავი გამოვიცვალეთ, ერთს კი ვიტყვი: თავგადასავლების მაძიებლებისთვის ავტოსტოპი ნამდვილი სამოთხეა.

კორშას რომ გავცდით კარგ მანძილზე, გვითხრეს, შატილის გზა ჩაკეტილიაო. სხვა რა დაგვრჩენოდა, უკან დავბრუნდით, ჩარგალში გავჩერდით, ვაჟა მოვიკითხეთ და რამდენიმე დღეში გადავწყვიტეთ დაბრუნება. ასე გამოვიდა: პირველ ჯერზე არ მიგვიღო შატილმა. ცოტა კი მეწყინა, მაგრამ რადგან ზუსტად ვიცი, რომ გზის ღმერთები ჩემკენ არიან, ჩავთვალე, რომ უფრო საინტერესო ამბავი მელოდა წინ. 

შემდეგ კვირაში კვლავ დავადექით საავტოსტოპე გზას. უღელტეხილის შემდეგ გზა გართულდა. მანქანები ნაკლებად მიმოდიოდნენ. თუ იყვნენ-სავსეები. აი, მაგ გზაზე მივხვდი, რომ ზღაპრული გამოთქვა: ,,ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით“ სულაც არ იყო ზღაპრული და რეალობასმოკლებული, რადგან წინ ცხრა კი არა, თექვსმეტი მთის დათვლა თავისუფლად შეიძლებოდა. მივდივართ და თავს ვიმხნევებთ, რომ ადგილზე როგორც კი ჩავალთ, ცხელ-ცხელ ხინკალს შევჭამთ.

 

სხვადასხვა მანქანების გამოცვლის შემდეგ, ბოლოს ე.წ. ,,კოლხოზნიკმა“ გაგვიჩერა. მძღოლიან-მგზავრიანად ნასვამ-კარგ ხასიათზე მყოფები იყვნენ. ავძვერით და მანდ დაიწყო სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა: ფაქტობრივად, საცალფეხო გზა, მარჯვნივ კლდეები, მარცხნივ მდინარე და მძღოლის სასხვათაშორისო გაფრთხილება, ისა,მანქანას მუხრუჭები არ აქვს და კარგად მოეჭიდეთო. თუმცა შიშისთვის დრო არ გრჩება, ხედების შემყურე ხვდები-როგორ შეძლეს ქართველებმა გადარჩენა-ასეთ გზებზე უცხოს კი არა, ადგილობრივსაც გაუჭირდება თავის შემაგრება, ხელჩართული ბრძოლის დროს-მით უფრო.

შატილში იმდენად გვიან ჩავედით და იმდენად დამღლელი აღმოჩნდა გზა, რომ საწოლის გარდა არაფერი გვინდოდა, მაგრამ მაინც მოვიკითხეთ ხინკალი, რომელიც არსად მზადდებოდა. პირველ რიგში, ღამისგასათევის ძებნას შევუდექით. ერთ-ერთმა იმ ბიჭთაგან, რომლებმაც იქამდე ჩაგვიყვანეს თავისი ნათესავის სახლი შემოგვთავაზა, აქირავებენ ხოლმეო. შევედით სახლში, დავათვალიერეთ ოთახი და აი, დადგა ის წუთი, როცა ყველაზე ახლოს ვართ ფოტო-ისტორიის ამოხსნასთან, ვიღებ სურათს და  ჩვენხელა, ახალგაზრდა გოგონას ვაჩვენებ უსიტყვოდ. მინდოდა, მეკითხა, ხომ არ გეცნობა-მეთქი რომელიმე, რომ თვითონ, გაკვირვებისა და გაოცების გარეშე გვკითხა, ბიძაჩემის ფოტო თქვენ საიდან გაქვთო. რა ზუსტი რამაა ქართული ენა-გავშრით. აღმოჩნდა, რომ ამბავმა თავისი ფეხით მიგვიყვანა ფოტო-გმირის ნათესავის სახლში. 

გოგონამ საკმაოდ უგულისყუროდ, გულსგარეთ გვიამბო, რომ ფოტოზე აღბეჭდილი კაცი მისი ბიძა იყო-დოხტური, ექიმი, როგორც შატილში ეძახიან, ხოლო პატარა ბიჭი-მისი გარდაცვლილი ძმა. დოხტური გვერდზე სახლში ცხოვრობს, მაგრამ ახლა ეძინება, დილით გაგაცნობთო.

ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორ ველოდით გათენებას. გამთენიისას უნდა დავბრუნებულიყავით თბილისში, საღამოს საქმეები გვიხმობდნენ. რამდენჯერმე დავაკაკუნეთ დოხტურის კარზე და პატარა, უსაყვარლესმა ბიჭმა გაგვიღო. მას მოჰყვა საშუალო ასაკის, საკმაოდ ლამაზი ქალბატონი, რომელიც დოხტურის მეუღლე აღმოჩნდა. გვითხრა, ჩემი ქმარი არხოტშია გადასული და არ ვიცი, როდის დაბრუნდებაო. ძალიან კი გვწყდებოდა გული, მის გაუცნობლად რომ გვიწევდა წამოსვლა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. მეუღლეს ვუამბეთ ფოტოს პოვნის ისტორია და ვთხოვეთ, სურათი მეუღლისთვის გადაეცა. გამოგვართვა. 

კვლავ დავადექით გზას. კვლავ ავტოსტოპით. დაახლოებით, 2 საათის შემდეგ გვიჩერებს გვარიანად შელახული პატარა ავტობუსი. ავდივართ ჩვენ და კიდევ 2 რუსი თუ უკრაინელი თუ არ ვიცით, ვინ, რადგან არ გამოგველაპარაკნენ. მძღოლს გვერდით ერთი კაცი უზის, აყვანილი მგზავრები უკან ვსხედვართ. მძღოლი უფრო მოლაპარაკე აღმოჩნდა და გვიყვებოდა შატილის ჭირსა თუ ლხინზე, უგზოობაზე, უკომუნიკაციობაზე, მოწყვეტილობაზე.  აი, ერთი ეს გვყავს დარჩენილიო, გვერდით მჯდომზე გვანიშნა. თუ რამე გვიჭირს, მხოლოდ ამისი იმედი გვაქვს, ჩვენი ღმერთი ეს არის, ჩვენი დოხტურიო.

ფილმებში რომაა ხოლმე, ზუსტად ისე გადავხედეთ ერთმანეთს რაღაც დიდის მოლოდინით და ერთ-ერთმა ჰკითხა მძღოლის გვერდზე მჯდომს, უკაცრავად, თქვენ ხართ დოხტური, რომელიც აქა და აქ ცხოვრობს, ჰყავს ცოლ-შვილი და გარდაცვლილი, უმცროსი ძმაო? დიახო, მოგვიგო იმანაც და მედიდურად გადმოგვხედა უკან.

შემდეგ უკვე სულ ღიმილ-ღიმილით ვუამბეთ, როგორც ვიპოვეთ ქარიან ამინდში მისი ფოტო, როგორ ვაქციეთ ზაფხულის მისიად-ფოტოს შატილში ჩამოტანა და ოჯახისთვის დაბრუნება, როგორ შემთხვევით მივედით მისი ნათესავის ოჯახში, როგორ მივუტანეთ რამდენიმე საათის წინ მის მეუღლეს აღნიშნული ფოტო.

ამის შემდეგ დოხტური უკან შემობრუნდა და აღარც გაუხედავს წინ: გვიამბობდა, რომ ის ფოტო რედაქციას გაუგზავნა თბილისში თავის დროზე. ვწერდი ლექსებს, დამიბეჭდეს და ფოტოს გაგზავნა მთხოვესო. აი, მერე ქუჩაში როგორ აღმოჩნდა სურათი, ეგ არც თვითონ აღარ იცოდა, რა თქმა უნდა.

რაღაც მანძილი რომ გამოგვატარეს, ჩვენი გზები იყოფოდა. გააჩერეს მანქანა. გადმოვიდა დოხტური, ხელი ჩამოგვართვა. ოღონდ ეს ხელის ჩამორთმევა რაღაც ჯილდოს გადაცემას ჰგავდა და ჩვენც ამაყად ვიღებდით.

აი, მაგ დროს მივხვდი, რომ ზაფხულის მისია სრულყოფილად იყო შესრულებული.

 

  •  
  •  
Tags: